Accessibility links

logo-print

ახალი სამხედრო გაწვევა და ახალი გამოწვევები


როგორც წესი, აპრილის ბოლოს

საქართველოში საგაზაფხულო სამხედრო გაწვევის კამპანია იწყება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ კალენდარზე უკვე მაისია, საქართველოს პრეზიდენტი არ ჩქარობს ხელი მოაწეროს შესაბამის ბრძანებულებას და ამგვარ პაუზას თავისი მიზეზები აქვს: წლევანდელი გაწვევა ხომ პირველი იქნება, რომელსაც, გაუქმებული და მოსახლეობის თვალში ბოლომდე დისკრედიტებული სამხედრო კომისარიატების ნაცვლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაატარებენ. შესაბამისად, თუ კარგად არ დაიგეგმა მოქმედების პროგრამა და არ მოხდა ხელისუფლების ყველა რგოლის კოორდინაცია, დიდია რისკი, რომ ახალმა სტრუქტურამ დებიუტშივე გაიმეოროს წინამორბედის შეცდომები და შეიარაღებული ძალები კვლავ შევსების გარეშე დარჩნენ.


ხელისუფლება საქართველოში საკუთარ ადმინისტრაციულ უძლურებას, მეტწილად, გაუმართავი კანონებით ნიღბავს.

როდესაც შარშან საშემოდგომო გაწვევა ჩაიშალა (შეგახსენებთ, რომ, პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული 10 780 კაცის ნაცვლად, სამხედრო ძალებში მხოლოდ 5000 -ის გაწვევა მოხერხდა), საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ფაქტი დივერსიად შეაფასა და მისი შესწავლა გენერალურ პროკურატურას დაავალა.

[ირაკლი ბათიაშვილის ხმა] "ის თანამშრომლები, ეს იქნებიან კომისარიატის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა თუ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები, ის, რაც მათ ჩაიდინეს, ეს იყო ქვეყნის ღალატი, სახელმწიფო ინტერესების ღალატი."

ამ განცხადების შემდეგ გავიდა ზუსტად სამი თვე, მაგრამ ირკვევა, რომ გაწვევის ჩაშლის გამო არც ერთი თანამდებობის პირის - სამხედო კომისრის, პოლიციის უფროსისა თუ ქალაქის გამგებლის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. კიდევ უფრო უცნაურად მოიქცა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გაწვევაზე პასუხისმგებელი მთავარი უწყების - გენერალური შტაბის საორგანიზაციო-სამობილიზაციო სამმართველოს უფროსი წაახალისა და მას უმაღლესი ოფიცრის - ბრიგადის გენერლის - წოდება მიანიჭა.

ასეთ ფონზე, ბუნებრივია, ჭირს იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდება საგაზაფხულო გაწვევის დროს, ანუ მას შემდეგ, რაც არმიის დაკომპლექტების მკაცრად ცენტრალიზებული სტუქტურა აღარ არსებობს და გაწვევის მთელი სიმძიმე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში წარმოქმნილ სამოქალაქო სტრუქტურებს ეკისრებათ.

სამხედრო კომისარიატების ბაზაზე აღმოცენებული სამოქალაქო გამწვევი ორგანოები რომ პრეზიდენტის ვერტიკალს მთლიანად არ მოწყდნენ, გადაწყდა, ზოგადი კოორდინაცია მათ კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსმა ირაკლი ბოჭორიძემ გაუწიოს, უშუალო პასუხისმგებლები სამხედრო ძალების დაკომპლექტებაზე კი რაიონის გამგებლები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ სამხედრო კომისარიატის გაუქმება და მისი ფუნქციების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაცემა მმართველობის დეცენტრალიზებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და მოსახლეობის თვალში კიდევ უფრო ამაღლებს ადგილობრივი მართვის ორგანოების როლს.

მაგრამ მთავარი ის ხომ არ არის, ვინ მიიტანს უწყების ფურცელს წვევამდელის ბინაზე? მთავარია ის, თუ რატომ უნდა ენდოს სამხედრო ვალდებულების ასაკს მიტანებული ახალგაზრდა კაცი სამოქალაქო ჩინოვნიკს და რამდენად არიან მოტივირებული გამწვევ ორგანოში დასაქმებული მუშაკები, რათა მათ ყველა მოსალოდნელ ცთუნებას გაუძლონ?

ეს ცთუნებები კი წელს დიდი იქნება, როგორც არასდროს. სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური მართვის სამსახურმა მოამზადა სამხედრო ვალდებულების კანონში შესატანი ცვლილებები, რაც გადავადების არსებულ შეღავათებს უუქმებს ყველა კატეგორიის წვევამდელს, ინვალიდებისა და დედისერთების გარდა. ამასთან, წარმოდგენილი ცვლილებით, თუკი მას პარლამენტიც დაუჭერს მხარს, გადავადების ყოველწლიური მოსაკრებლის თანხა 200 ლარიდან 600 ლარამდე იზრდება. ეს კი ავტომატურად ნიშნავს, რომ გასაწვევი ადამიანების რესურსი საქართველოში დაახლოებით 100 ათასს გადააჭარბებს, მაშინ როცა მთელი სამხედრო ძალების წლიური მოთხოვნილება 15 ათას ჯარისკაცს არ აღემატება.

დანარჩენები, წესით, მოსაკრებლის პოტენციურ გადამხდელებში უნდა გვეგულისხმა, რომ არა ერთი გარემოება. შარშანდელი ორი გაწვევის შედეგებმა ცხადყო, რომ მოსაკრებლის სამჯერ ნაკლები თანხის, 200 ლარის, გადახდის სურვილი საქართველოში მხოლოდ 2200 წვევამდელს აღმოაჩნდა. დანარჩენებთან კი, როგორც სამხედრო ექსპერტი სოსო ბარნაბიშვილი ვარაუდობს, სამხედრო კომისარიატის მუშაკებმა მაინც გამონახეს საერთო ენა და თანხა, რომელიც სახელმწიფო ხაზინაში უნდა წასულიყო, კონკრეტული მოხელეების ჯიბეებში მოხვდა.

[სოსო ბარნაბიშვილის ხმა] "არავინ იმის ანალიზი არ გააკეთა, თუ რატომ არ შესრულდა კანონის მოთხოვნები. მე მეტსაც გეტყვით: არა 16 მილიონი, არამედ ოთხჯერ უფრო მეტი თანხა უნდა შემოსულიყო ბიუჯეტში, ამ სისტემის სწორი ადმინისტრირებით და სწორი აწყობით."

თუმცა სხვაგვარად ფიქრობს თავად საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური მართვისა და პოლიტიკის სამსახურის უფროსი ირაკლი ბოჭორიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, მკაცრი ადმინისტრირებით და საჯარიმო თანხის გაზრდით, გამწვევი ორგანოები შეძლებენ არმიის აუცილებელი ადამიანური რესურსით დაკომპლექტებას.

[ირაკლი ბოჭორიძის ხმა] "გამკაცრება ადმინისტრირების თავლსაზრისით, ითვალისწინებს ასევე სამსახურში არ უნდა მიიღონ წვევმადელი, რომელსაც დოკუმენტაცია არ აქვს წესრიგში მოყვანილი, ასევე არ უნდა მოხდეს პირადობისა და პასპორტის გაცემა იმ წვევამდელებზე, რომლებსაც არა აქვს მიწერის საბუთები არ გააჩნიათ. მით უფრო, დაუშვებელია მათ მიეცეთ სახელწმიფო საზღვარზ ეგადასვლის უფლება. ჩვენი ინფორმაციით, 19 ათასი წვევემდელი გასულია საქართველოდან. ეს არის ის შემაფერხებელი მომენტები, რის გამოც ჩვენი იძულებული გავხდით ახალი რესურსი გვეძებნა."

ამ რესურსში, ანუ გასაწვევ კონტინგენტში არ შევლენ "ახალი ქართველებისა და პოლიტიკური ელიტის ოჯახების წარმოამდგენლები, რომლებსაც უფლება ექნებათ ერთჯერადი 2000 ლარიანი გადასახადით, საერთოდ დაიხსნან თავი სამხედრო ვალდებულებიდან. მაგრამ, წარმოდგენილი ცვლილებების გარდა, საკანონმდებლო აპაკეტში კიდევ ერთი მუხლის შეტანა იგეგმება, რომლის ავტორი პარლამენტარი ირაკლი ბათიაშვილია. კანონის ახალი რედაქცია საბოლოოდ გადაუღობავს გზას არჩევითი თუ დანიშვნითი სახელწმიფო თანამდებობისკენ იმ მამრობითი სქესის მოქალაქეებს, რომლებსაც გავლილი არ ექნებათ სავალდებულო სამხედრო სამსახური. რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ კანონს მიღება, შემდგომ კი აღსრულება ეღირსება.
XS
SM
MD
LG