Accessibility links

logo-print

რუსეთი სანკტ-პეტერბურგის დაარსების


რუსეთი სანკტ-პეტერბურგის დაარსების

300 წლისთავს ზეიმობს. თუმცა პუტინის ქვეყანაში დღეს თითქმის არავინ ამბობს, რომ ლენინგრადი ყოველთვის ითვლებოდა საბჭოთა კულტურის "ალტერნატიულ კერად". სწორედ ლენინგრადის კინოსტუდიაში შეიქმნა პირველი ანტიკომუნისტური საბჭოთა ფილმი, ილია ავერბახის "სხვისი წერილები" - შეიქმნა 70-იან წლებში, უფრო მეტიც, ფილმი საბჭოთა ეკრანებზეც კი გამოვიდა ისე, რომ ავერბახის ნაწარმოებს ცენზურისგან დაბრკოლება არ ჰქონია. დღეს ამ დაუფასებელი კინოშედევრის ქვეტექსტებს ბავშვებიც კი ხვდებიან.

"სხვისი წერილები" ილია ავერბახმა სწორედ ბავშვებისთვის გადაიღო. სურათის გმირები ლენინგრადის ერთ გარეუბანში ცხოვრობენ და აქაურ სკოლაში სწავლობენ. მთავარი გმირი ზინაიდა - უფროსკლასელია. მას არ უყვარს მშობლები, არ უყვარს სიმღერები, რომელსაც სკოლაში ბავშვებს ასწავლიან [ხმა. 70-იანი წლების "სასკოლო სიმღერა. მელოდია გრძელდება ტექსტზე]
ზინაიდას ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა უკვე. იგი აღმერთებს თავის მასწავლებელს, ვერას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბავშვებს პოეზიის იდუმალებას აზიარებს, ესაუბრება მათ ხელოვნებაზე და მშვენიერების კანონებზე. ზინაიდა სახლიდან გამორბის, რადგან მშობლები მას ლიტერატურასა და ხელოვნებაზე არ ელაპარაკებიან - მამა სვამს, დედა - დღე და ღამე მუშაობს. იგი ვერა მასწავლებელთან დასახლდება. მასთან ერთად არჩევს "ევგენი ონეგინს’, მასთან ერთად უყურებს ფიგურულ სრიალს, მის გვერდით სძინავს, მასთან ერთად ბანაობს კიდეც. ეს "ქალური იდილია" ირღვევა მაშინ, როცა ვერასთან შეყვარებული ჩამოდის. ზინაიდა ფიქრობს, რომ ეს კაცი მისი კერპის ღირსი არ არის. ზინაიდა მათ წერილებს კითხულობს და ახლა თავად ხდება თავისი მასწავლებლის მასწავლებელი.

მას, ვისაც ილია ავერბახის ფილმი არ ახსოვს, შეიძლება გაუკვირდეს, რა არის აქ ისეთი, რასაც "ანტისაბჭოთა" ჰქვია? ნუთუ მხოლოდ "ლესბოსური მოტივები" (სხვათა შორის, ნეაპოლის ფესტივალზე, სადაც 1977 წელს "სხვისი წერილები" უჩვენეს, შენიშნეს კიდეც, რომ "ეს პირველი საბჭოთა ფილმია ლესბოსურ თემაზე")? რაღა თქმა უნდა, არა. ჯერ ერთი, "სხვისი წერილები" - მთელი ეპოქის დასასრულის გააზრებაა, პირველი და, შესაძლოა, ერთადერთი საბჭოთა ფილმი, რომელშიც "სამოციანელი" ინტელექტუალი თვითკრიტიკის გზას ირჩევს, აღიარებს საბჭოთა ინტელექტუალთა მორალური რეფლექსიების სრულ კრახს. ამას ადასტურებს ილია ავერბახის ინტერვიუც, რომელიც 70-იანი წლების მიწურულს გამოქვეყნდა გაზეთში "მოლოდიოჟ ესტონიი":

[ილია ავერბახის ტექსტი] "წესიერ ადამიანს ცხოვრება ყოველთვის მოუწყობელი აქვს. ცხოვრებას იწყობს მხოლოდ ის, ვინც პრაქტიკული პროგრამებით მოქმედებს. იმას, ვისაც ზნეობრივი საწყისი გამძაფრებული აქვს, როგორც წესი, ზიანი უფრო მოაქვს. ასეთი ადამიანი კომფორტს არავის უქმნის. და ეს ხომ ბუნებრივია."

თუმცა ილია ავერბახი აქ თავის თავს ეწინააღმდეგება კიდეც. სურათის მთავარი გმირი ვერა ის ინტელიგენტია, რომელიც კომფორტს უქმნის ბარბაროსებს. იგი, უბრალოდ, დარწმუნებულია, რომ სიყვარულს და მოთმინებას არა აქვს საზღვარი... და ითმენს - ითმენს მის სახლში ჩასახლებული გოგონას აგრესიულობას, ითმენს გაუზრდელობასა და უკულტურობას... ითმენს, მიუხედავად იმისა, რომ ხედავს, მისი სტუმარი - მასპინძელი ხდება. სტუმარი-ბარბაროსი თანდათან მიმართავს მის მანიპულაციას - ასე, "სიყვარულით" იჭრება მის სახლში, "სიყვარულით" გადააადგილებს ვერას ნივთებს, "სიყვარულით" უხსნის, ვისთან უნდა იმეგობროს და ვისთან არა, ვინ უნდა უყვარდეს და ვინ არა. "სიყვარულით" კითხულობს სხვის წერილებს. ფილმის ბოლოს ვერა თავის მასწავლებლებს მიაკითხავს, მოხუც ცოლ-ქმარს, რომლებიც სადღაც გასამგზავრებლად ემზადებიან. "მე აღარ მინდა მასწავლებლობა, მე არ მიყვარს ბავშვები, მე მათ ვერ ვუხსნი, რომ სხვისი წერილების კითხვა არ შეიძლება". "-ამას არ ჭირდება ახსნა, - ასეთია პასუხი. - არ შეიძლება და მორჩა". მაგრამ ვერას ასეთი პასუხი არ აკმაყოფილებს. ავერბახისთვის იგი ინტელიგენტია. ინტელიგენტი კი მზა რეცეპტებით არ უნდა ცხოვრობდეს. როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავდა:

[ილია ავერბახის ტექსტი] "ზნეობას ხელოვნება ვერ ასწავლის. მაგრამ ხელოვნებას შეუძლია შექმნას ატმოსფერო, რომელშიც ადამიანი არ ჩაიდენს უზნეო საქციელს. ნებისმიერი ეჭვი ზნეობრივია. საშინელებაა, როცა ადამიანს არაფერში ეპარება ეჭვი."

ვერას შეხვედრას პენსიონერ მასწავლებლებთან წინ უძღვის სასკოლო მარათონი, რომელშიც ზინაც იღებს მონაწილეობას. მას წითელი მაისური აცვია. თავისი ნომერიც აქვს მითითებული - "17"... საოცარია, როგორ ვერ შენიშნა საბჭოთა ცენზურამ ეს რიცხვი! ვერ შენიშნა ცენზურამ, თორემ მაყურებლის უმრავლესობა კარგად მიხვდა, თუ რისი სიმბოლოა ლენინგრადის გარეუბანში მცხოვრები, გაუზრდელი და აგრესიული გოგონა - რაღა თქმა უნდა, ბოლშევიზმისა, რომელსაც სძულს ინტელიგენცია - ითრგუნება კულტურით და მის დამორჩილებას ცდილობს. მაგრამ არა მარტო კულტურა სძულს.

ილია ავერბახი არ მალავდა, რომ ეროვნებით ებრაელი იყო. ამის გამო საბჭოთა იდეოლოგია ყოველთვის ერიდებოდა მისი შემოქმედების პროპაგანდას. უფრო მეტიც, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსებმა მთელ მსოფლიოში მოაწყვეს იმ რეჟისორების რეტროსპექტივები, რომელთაც ეროვნული კულტურის სიამაყედ მიიჩნევდნენ. ავერბახის სურათებს ამ კვირეულებში არ რთავდნენ. 1981 წელს, როცა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ილია ავერბახი თავისი უკანასკნელი ფილმის, "ხმის", პრემიერაზე თბილისში ჩამოვიდა, კინოთეატრ "რუსთაველში" "სხვისი წერილების" ავტორს მქუხარე ოვაციებით შეხვდნენ - ქართველებისთვის ზინაიდა ბეგუნკოვა, "17" ნომრით წითელ მაისურზე, ძალიან ნაცნობი გმირი აღმოჩნდა. ქართველებმა ყოველთვის კარგად იცოდნენ, რას ნიშნავს "კეთილი ზრახვებით" თუ "სიყვარულით" სხვისი დაპყრობა.

და მაინც, ილია ავერბახს შემოქმედებაში, ეტყობა, ბედი სწყალობდა. საბჭოთა ცენზურამ იმასაც კი არ მიაქცია ყურადღება, რომ მოხუცი ცოლ-ქმრის - პენსიონერი მასწავლებლების როლებს ებრაელები ასრულებენ. როგორც ჩანს, საკავშირო კინოკომიტეტში არავინ იკითხა, თუ სად მიემგზავრებიან ეს ადამიანები. არადა, ისინი მართლა მიემგზავრებიან! სკოლის მოწაფეები მათ ბარგს უწყობენ მანქანაში - ავეჯს, ჭურჭელს, წიგნებს. სხვათა შორის, ფინალურ კადრში საბარგო მანქანიდან წიგნები ცვივა. განგება კულტურას ტოვებს ქვეყანაში, სადაც ინტელიგენცია არ სჭირდებათ. ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ სხვისი წერილების კითხვა არ შეიძლება, გარბიან. გარბიან ქვეყნიდან, რომელიც თვალთვალის, დაბეზღების, პიროვნების "გასხვისებისა" და მანიპულაციის გზებს ირჩევს. გარბიან ლენინგრადიდან.

"სხვისი წერილების" გადაღებამდე ილია ავერბახმა სახელი გაითქვა ფილმით "მონოლოგი", რომლის ეკრანებზე გამოსვლის წინ რეჟისორი აღნიშნავდა:

[ილია ავერბახის ტექსტი] "ეს იქნება ფილოსოფიური ფილმი. იმაზე, თუ რატომ იბადება ადამიანი და როგორ უნდა შეძლოს მან საკუთარი თავის წარმოჩენა. ფილმი ნამდვილ რუს ინტელიგენტზე და ლენინგრადზე, რომელიც აქ სრულიად განსხვავებულად უნდა გამოიხატოს."

ლენინგრადს იგი ყოველთვის განსხვავებულად გამოხატავდა. დასავლეთში ეს შენიშნეს და, მიუხედავად საბჭოთა ცენზორების წინააღმდეგობისა, 70-იან წლებში სწორედ ილია ავერბახი ჩართეს საერთაშორისო კინოპროექტში "ევროპის კულტურული დედაქალაქები". იმხანად ლენინგრადი უკვე გადაიქცა საბჭოთა კულტურის ალტერნატიულ კერად. ამ ქალაქში ფილმებს იღებდნენ ალექსეი გერმანი და ილია ავერბახი. 70-იანი წლების ბოლოს ლენინგრადში გამოჩნდა როკ-ჯგუფი "აკვარიუმი", რომელიც ჯერ მხოლოდ სარდაფებში და პატარა კლუბებში მართავდა კონცერტებს. ცოტა ხანში "აკვარიუმს" სხვა მუსიკოსებმაც მიბაძეს.

[მუსიკა. "აკვარიუმი"]

1981 წელს "აკვარიუმი" საქართველოში ჩამოვიდა და თბილისის როკ-ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ასეთი ფესტივალი რუსეთში ვერ გაიმართებოდა. გრებენშიკოვის ანსამბლი თავის ქალაქში ჯერ ვერ იმღერებდა ამხელა აუდიტორიის წინაშე. თუმცა ლენინგრადისა და თბილისის კულტურული თანამშრომლობა 70-იან წლებში არ დაწყებულა. საუკუნის დასაწყისში სანკტ-პეტერბურგი ქართველმა არტისტებმაც დაიპყრეს. ამის შესახებ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ გიამბობთ პროგრამაში "ოქროს საუკუნე".
XS
SM
MD
LG