Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელოდებოდნენ საქართველოში ედუარდ შევარდნაძის ტაშკენტში ვიზიტისაგან


ედუარდ შევარდნაძე უზბეკეთში 3 მაისს უზბეკეთის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის მიწვევით ჩავიდა. როგორც ცნობილია, მისი ვიზიტის პერიოდში უზბეკეთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების

ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური სხდომა შედგა. ასეთი ღონისძიება პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე მეორედ გაიმართა - პირველად ლატვიაში, ახლა კი - ცენტრალურ აზიაში, ტაშკენტში. ევრობანკის მმართველთა საბჭოს წევრებთან შეხვედრის პარალელურად შევარდნაძე, რაღა თქმა უნდა, თავის უზბეკ კოლეგას შეხვდა. ამ შეხვედრისგან კი თბილისში ელოდნენ იმას, შეძლებდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უზბეკეთის პრეზიდენტის სუუამისკენ შემობრუნებას.

ტაშკენტში გამართული ეკონომიკური ფორუმის უმთავრეს შედეგად უნდა მივიჩნიოთ გადაწყვეტილება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დასაწყებად 400 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.
"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მმართველთა საბჭომ დიდი ნავთობსადენის მშენებლობისთვის ამ თანხის გამოყოფას მხარი დაუჭირა და, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში განმარტავენ, მიღებული გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად ტექნიკური საკითხების შეთანხმებაღა რჩება.

ევრობანკის მმართველთა საბჭოს სხდომას საქართველოს მხარემ სამი რეგიონალური პროექტი შესთავაზა: კასპიის ზღვაზე ერთიანი საბორნე საწარმოს შექმნის, თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ბაზაზე ნავთობცისტერნების წარმოებისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მშენებლობის პროექტები. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში აღნიშნულ პროექტებს დიდ მნიშვენლობას ანიჭებენ და იტოვებენ იმედს, რომ ევრობანკი მხარს დაუჭერს მათ რეალიზაციას.

ცნობისათვის: "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან" საქართველოს 24 საინვესტიციო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ბოლო წლების მანძილზე, კრედიტის სახით, 100 მილიონ დოლარზე მეტი აქვს მიღებილი. საქართველოში ევრობანკის კრედიტებით ხორციელდება არაერთი სერიოზული პროექტი. ევრობანკი ჩართულია საქართველოს ენერგეტიკის რეაბილიტაციის პროგრამაშიც. ამ პროგრამის მიმდინარეობით მისი წარმომადგენლები, ცხადია, კმაყოფილები არ უნდა იყვნენ, თუმცა სახელმწიფო კანცელარიაში ირწმუნებიან, რომ ტაშკენტის ფორუმზე "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" მმართველთა საბჭოს წარმომადგენლებს საქართველოს მიმართ შენიშვნა არ გამოუთქვამთ, მის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესში არსებული ხარვეზები არ აღუნიშნავთ. ასეა თუ ისე, ცნობილია, რომ შენიშვნა უზბეკეთის მხარემ მიიღო დემოკრატიის ხარისხის გამო.

ტაშკენტში გამართულ ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმს ცენტრალური აზიის ქვეყნების ყველა ლიდერი ესწრებოდა, თურქმენეთის პრეზიდენტის გარდა. ედუარდ შევარდნაძე უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტებს პირისპირ შეხვდა. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრებზე ორმხრივი ურთირეთობებიც უნდა განეხილათ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სივრცეში მიმდინარე პროცესებიც. თავის ადგილს, ალბათ, საქართველოს ვალებიც დაიჭერდა, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შევარდნაძის და კარიმოვის შეხვედრას მიენიჭა, სუუამისკენ უზბეკეთის შემობრუნების გათვალისწინებით. უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუუამის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც თბილისში 19 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ: უზბეკეთი თავს იკავებდა სუუამის ფარგლებში გამართულ მსგავს შეხვედრებში მონაწილეობისგან.

ედუარდ შევარდნაძეს ტაშკენტში ვიზიტის შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის დაწვრილებით თავად უნდა მოეხსენებინა, მაგრამ ორშაბათს არც პრეზიდენტის ტრადიციული რადიოინტერვიუ შემდგარა და არც ბრიფინგი.
XS
SM
MD
LG