Accessibility links

logo-print

თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ვითარება უაღრესად იძაბება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ქართულ სოფელ თამარაშენში მომხდარი მკვლელობის შემდეგ ოფიციალური თბილისის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ ვითარების კიდევ უფრო გართულებას.

თამარაშენის შესასვლელში ბენზინგასამართ სადგურთან მისი მფლობელისა და სამი შვილის ჩაცხრილვის ფაქტი, გამორიცხული არ არის, ოსეთში კონფლიქტის ხელახალი გაღვივების წინაპირობად იქცეს. ქართველი და ოსი სამართალდამცველების ერთობლივი ჯგუფი ჯერჯერობით უშედეგოდ ეძებს დამნაშავეებს. ამ ეტაპისთვის არც დანაშაულის მოტივია ცნობილი.

თამარაშენში მინდიაშვილების ოჯახის ჩაცხრილვის ფაქტი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ქართული სოფლების მცხოვრებთა შფოთის მიზეზად იქცა. დამნაშავეების დაუკავებლობის შემთხვევაში, ქართული მოსახლეობა გზების გადაკეტვითა და ანგარიშსწორებით იმუქრება.
აფხაზეთის კონფლიქტისგან განსხვავებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ვითარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შედარებით სტაბილური გახლდათ. ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კი შესამჩნევად გაიზარდა სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულთა რაოდენობა. ყველაზე რთული კი ის არის, რომ ხშირად დანაშაული არ იხსნება, რაც კიდევ უფრო თრგუნავს ადგილობრივ მოსახლეობას. როგორც გახსოვთ, ერთი პერიოდი ყოფილ სამხრეთ ოსეთში მდგომარეობა ისეთი შემაშფოთებელი გახდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი არ გამორიცხავდა ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების აუცილებლობას.
რას შეეწირა თამარაშენის ბენზინგასამართი სადგურის მფლობელი და მისი სამი ვაჟი, ჯერჯერობით კვლავ უცნობია. თვითმხილველები მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შუადღისას სამმა ნიღბოსანმა, რომლებიც სამხედრო ფორმაში იყვნენ გამოწყობილები, მარყუჟიანი ავტომატებით ჩაცხრილეს სიმონ, ვახტანგ, ოთარ და რამაზ მინდიაშვილები. შემდეგ ჩასხდნენ თეთრი ფერის " ნივაში" და ჯავის მიმართულებით გაუჩინარდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ დამნაშავეებს უახლოეს ხანში არ დააკავებენ, ყოფილ სამხრეთ ოსეთში შურისძიების მიზნით სისხლისღვრის განახლებას არ გამორიცხავს ქართულ-ოსური კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს დანაშაულის მოტივს და მნიშვნელოვანია, თუ რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს ოთხი კაცის მკვლელობამ. თუმცა იქვე შენიშნავს, რომ მინდიაშვილების ჩაცხრილვა იმდენად პროფესიულად იყო განხორციელებული, რომ სამართალდამცავებს წინ მართლაც მძიმე საქმის გახსნა ელით. ირაკლი მაჭავარიანი ამბობს, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილი შედარებით სტაბილური მდგომარეობა ხელს არ აძლევთ იმ ძალებს, რომელთაც ოფიციალური თბილისისთვის დამატებითი პრობლემების შექმნა სურთ. " საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია ცხინვალში სტაბილური ხელისუფლების არსებობით, რადგან ასეთ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება იქნება დაცული, მეორე მხრივ, მიღწეული შეთანხმებები ცხინვალსა და თბილისს შორის შესრულდება," - ასე ხსნის თავის პოზიციას ირაკლი მაჭავარიანი, რომლის შენიშვნითაც, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში რეგიონში კრიმინალური ვითარების გამწვავება, ყველაფერთან ერთად, იმაზეც მიანიშნებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას ვერ ფლობს.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ქართული მოსახლეობა ოფიციალური თბილისის უყურადღებობასაც უჩივის. თუმცა შაბათს თამარაშენში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს ქართულ-ოსური კონფლიქტის საქმეში თამარაშენლები იმდენად აგრესიულად შეხვდნენ, რომ დელეგაციის სხვა წევრებმა ვახტანგ რჩეულიშვილი იქიდან განარიდეს.
დაბოლოს, ქართულმა მხარემ 5 ათასი ლარის ოდენობის ჯილდო დააწესა მათთვის, ვინც მკვლელობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სამართალდამცავ ორგანოებს. ამავე რაოდენობის ჯილდო ცხინვალის ხელისუფლებამაც დააწესა.
XS
SM
MD
LG