Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტიული ვნებათაღელვა AES-თელასის გარშემო


დავით პაიჭაძე, თბილისი 5 მაისს თბილისში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: სახელმწიფო კანცელარიისა და უზენაესი სასამართლოს წინ. პირველის ინიციატორი "ნაციონალური მოძრაობა" იყო, მეორისა - ლეიბორისტული პარტია.

აქციათა განსხვავებული თემატიკის მიუხედავად, ორივეს განწონიდა საერთო მოტივი და საერთო ქვეტექსტი.

მოტივები, საერთო რომ იყო ორივე აქციისათვის, AES-თელასის საქმიანობასა და ელექტროენერგიის გადასახადს უკავშირდებოდა. ლეიბორისტები პროტესტს უცხადებდნენ რაიონულ და საოლქო სასამართლოებს, რომლებიც აჭიანურებენ ან საერთოდ არ იღებენ, პარტიულთა აზრით, ხალხის სასარგებლო და კანონიერ გადაწყვეტილებებს. "ნაციონალთა" პათოსი, ცხადია, შევარდნაძისა და მისი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული, მრავალ მიზეზთა შორის იმის გამოც, რომ ხელისუფლებამ აუცილებლობის გარეშე დააყადაღა თელასის ანგარიში და ამით საფუძველი შეუქმნა თბილისისათვის დენისა და შემდგომ წყლის შეწყვეტასაც. "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა აზრით, ეს ყველაფერი, ანუ თბილისის ბიუჯეტისათვის ფულის მოკლება, ცენტრალურ ხელისუფლებას საიმისოდ სჭირდება, რომ ცხოვრების ცუდი პირობები თბილისში მის საკრებულოსა და სააკაშვილს დაუკავშიროს, ხოლო თანხა არჩევნების გაყალბებას დაახარჯოს.

მაინც, რას ემართლებიან ლეიბორისტები სასამართლოს? საკრებულოს მდივანი ზურაბ ჟვანია განმარტავს [ზ. ჟვანიას ხმა]: "საქმე ისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა ფიქსირებული გადასახადი ოთახების მიხედვით და ასე იქნება, ვიდრე არ მოხდება გამრიცხველიანება და არ დაიდება ხელშეკრულებები (თელასსა და მოსახლეობას შორის - დ.პ.). ამის მიუხედავად, თუ თელასი მოქალაქეებს მოსთხოვს ფიქსირებულ გადასახადს, მოქალაქეებმა უნდა უჩივლონ მას სასამართლოში. თელასი ზემოქმედებს ხალხზე - თუ არ გადაიხდით ფიქსირებულ გადასახადს, დენს ჩაგიჭრითო და უჭრიან კიდეც. ამის შემდეგ ხალხს შეაქვს სარჩელები სასამართლოში, ისინი კი - განსაკუთრებით დიდუბე-ჩუღურეთისა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოები -არ იღებენ ამ სარჩელებს, ან აჭიანურებენ, ან თელასის მხარეს იჭერენ. ამ შემთხვევაში კანონის დარღვევაზეა ლაპარაკი. ეტყობა, აქ უკვე ამუშავდა ქრთამი, ზეწოლა და ა.შ.".

ასევე საკრებულოსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი არველაძის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის მოგებით ბევრი არაფერი შეცვლილა: ტარიფი, მართალია, შემცირდა, მაგრამ მოქალაქეებს იმავე ოდენობით უწევთ გადასახადის გადახდა, რამდენსაც მანამდე იხდიდნენ. ტარიფის დაწევამ ხელისუფლების ტვირთი შეამსუბუქა და არა მოქალაქეეების. სახელმწიფო აღარ იხდის იმ სხვაობას, რომელიც ტარიფის გაზრდისას წარმოიშვა და რომლის დაფარვა შევარდნაძემ ითავა. სასამართლოს გადაწყვეტილება არ უთითებდა, ვისი წილი უნდა შემცირებულიყო ტარიფში, ხოლო სემეკის სხდომის შედეგები ხელისუფლებამ სათავისოდ გამოიყენა და მოქალაქეები არ გახსენებია.

ახლა რაც შეეხება საერთო ქვეტექსტს. ორივე პარტია წინასაარჩევნო პერიოდში მთავარი ოპოზიციონერის სახელისათვის ეჯიბრება ერთმანეთს. ორშაბათს ლეიბორისტებმა ხელისუფლების ერთ შტოს "დაარტყეს", "ნაციონალებმა" - მეორეს. ლეიბორისტები "ნაციონალურ მოძრაობას", რომ იტყვიან, ხელისუფლებასთან კავშირსა და მისთვის სასარგებლო ქმედებაში ამხელენ, იმავეს ამტკიცებენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ლეიბორისტთა მისამართით. უზენაეს სასამართლოსთანაც და კანცელარიასთანაც დაახლოებით ერთი და იმავე რაოდენობის ხალხი იყო თავშეყრილი. ორივე პარტია არა მარტო ხელისუფლებას უჩვენებდა კუნთებს, არამედ ერთმანეთს და მოქალაქეებსაც, რომელთაც უნდა გაარჩიონ და გადაწყვიტონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ - სიმულირებს ოპოზიციონერობას.
XS
SM
MD
LG