Accessibility links

logo-print

დამოუკიდებელი და ოფიციალური ვერსიები ბიუჯეტის შესრულების ხერხების შესახებ


თბილისის მეტროპოლიტენისა და წყალმომარაგების სისტემისთვის ელექტროენერგიის შეწყვეტა „AES-თელასის" მხრიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ თელასის ანგარიშის დაყადაღების საპასუხო ნაბიჯია.

ანგარიშების დაყადაღების პრაქტიკით ფინანსთა სამინისტრო საფინანსო გეგმის პარამეტრების იოლად შესრულებას ცდილობს, თუმცა ეს სულაც არ იძლევა ბიუჯეტის მიხედვით გასაწევი ხარჯების დაფინანსების საშუალებას. ანუ შემოსავლების გეგმა მხოლოდ ქაღალდზე სრულდება.

საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ ეცადა ბიუჯეტის ქაღალდზე შესრულების პრაქტიკა დაეძლია და ათასგვარი ბარიერები დააწესა. ჩათვლების მავნე პრაქტიკის გაუქმების შემდეგ მოდაში შემოვიდა ეგრეთ წოდებული „პრაკრუტკები" და ეს მექანიზმი ფინანსთა სამინისტრომ „AES-თელასის" მიმართ ეფექტურად გამოიყენა. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლის კახა დამენიას განცხადებით:

[დამენიას ხმა] „2 მილიონ 700 ათასი ლარი გადაერიცხა ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის სუბსიდირებისთვის, რომელიც „AES-თელასს" გადაეცა და 29-30 მარტისთვის ზუსტად იგივე თანხა ანგარიშის დაყადაღების მეთოდით იქნა ამობრუნებული ბიუჯეტში."

2003 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ხერხებისა და მეთოდების განხილვას ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ სპეციალური კონფერენცია მიუძღვნა, რომელშიც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის უფროსი დავით რამიშვილიც მონაწილეობდა. მისი განმარტებით:

[რამიშვილის ხმა] „რატომ ბრუნდება ეს თანხა უკან, გვჩუქნის ვინმე? თუ ვართმევთ, „AES-თელასს" რომ დავალიანება აქვს დღეს ბიუჯეტის მიმართ და მის ანგარიშზე ყადაღა დევს, ნებისმიერი თეთრი, რაც ჩაირიცხება ბიუჯეტში, ხომ უნდა დაბრუნდეს. თქვენ რომ ელ. ენერგიის საფასურს იხდით, მის ანგარიშზე მოხვდება თუ არა ის, აუცილებლად ბიუჯეტში ჩამოვა. ესე იგი, რა გამოდის, მთელი მოსახლეობა არის ჩართული "პრაკრუტკაში"?

ამ კითხვებით რამიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბიუჯეტის შესრულების ასეთი მეთოდი სულაც არაა „პრაკრუტკა" და კანონიც არ ირღვევა. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა ეკონომისტების შეშფოთებას იწვევს ის, რომ ამ, თითქოსდა, კანონიერი ოპერაციით ბიუჯეტის შევსება მხოლოდ ქაღალდზე აისახება და რეალური თანხის უქონლობის გამო პრობლემებია ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში. თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ციფრს მოვიშველიებ. სოციალური დაზღვევა და სოცუზრუნველყოფა - 56%-ით, ჯანმრთელობის დაცვა - 54%-ით, განათლება - 67%-ით, ხოლო „პრაკრუტკის" ძირითადი წყარო ენერგეტიკის სფერო 98 %-აა დაფინანსებული.

არის სხვა დარღვევები, რომელთა შორის საგანგაშოა შემოსავლების დიდი ნაწილის კვარტალის ბოლო დღეს შეგროვება. სწორედ ამ მონაცემის მიხედვით ხდება საბიუჯეტო გეგმის კორექტირებაც. კახა დამენიას განცხადებით:

[დამენიას ხმა] „საბაჟო გადასახადის შესრულება იყო დაბალი და, შესაბამისად, შეუმცირეს საბაჟო დეპარტამენტს გეგმა და იმავე ოდენობით გაუზარდეს საგადასახადო დეპარტამენტს, რადგან იქ გადაჭარბებას ჰქონდა ადგილი. გეგმის მიხედვით კი არ სრულდება არამედ უბრალოდ იგეგმება იმის მიხედვით, თუ რას შეასრულებენ."

იმის გამო, რომ დავით რამიშვილი შემოსავლების მობილიზებაზე ვერ აგებდა პასუხს, მან ხარჯვით ნაწილში არსებული პრობლემები, ძირითადად, აჭარის პრობლემას გადააბრალა.
XS
SM
MD
LG