Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია ერაყის მუზეუმებიდან გატაცებული ნივთების დაბრუნება?


ამ დღეებში გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - იუნესკო - აპირებს, ექსპერტთა რვაკაციანი ჯგუფი მიავლინოს ერაყში. ჯგუფის ამოცანა იქნება, შეადგინოს იმ ექსპონატთა სია,

რომლებიც ბაღდადისა და სხვა ქალაქების მუზეუმებიდან გაიტაცეს სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ. სპეციალისტთა აზრით, ასეთი სიის შედგენა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რათა საერთაშორისო ბაზარზე მოხვედრის შემთხვევაში უფრო იოლად მოხდეს მათი იდენტიფიკაცია. ამ სიუჟეტში იუნესკოს გეგმაზე და გამქრალი სამუზეუმო ექსპონატების ხელახლა აღმოჩენის პერსპექტივაზე გიამბობთ.

გასულ ოთხშაბათს, გაეროში გამოსვლისას, იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა კოიჩირო მაცუურამ, დაწვრილებით ისაუბრა იმ ამოცანებზე, რომელიც ექსპერტთა რვაკაციან ჯგუფს დაუსახეს.

[კოიჩირო მაცუურას ხმა] "ამჟამად უაღრესად მნიშვნელოვანია, აიკრძალოს ერაყის ტერიტორიიდან უკანონო გზით შეძენილი თუ გატაცებული კულტურის ნიმუშების გატანა ან მათი გამოფენა. ამასთანავე, აუცილებელია, მესამე ქვეყნებში მიღებულ იქნეს ზომები ერაყიდან უკანონოდ მოპოვებული სიძველეების იმპორტის აკრძალვის მიზნით. ამ კონტექსტში ასევე მეტად მნიშვნელოვანია, სასწრაფოდ შეიქმნას მონაცემთა ბანკი აკრძალული ნივთების სიით."

მაცუურას თქმით, იუნესკოს მიზანია, შექმნას მონაცემთა ისეთი ბანკი, რომელიც გარკვეულწილად შეავსებდა ერაყის კატალოგიზაციის სისტემაში არსებულ ხარვეზებს. ერაყის მუზეუმებში გამოფენილი მრავალი ექსპონატი, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ხეირიანად კატალოგიზებული არ იყო, რაც, თავისთავად ცხადია, საგრძნობლად ამცირებს მათი მოძიებისა და დაბრუნების იმედს.

იუნესკოს ხელმძღვანელის აზრით, გატაცებულ სიძველეთა დაბრუნების საქმეში ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი სასაზღვრო კონტროლის მკვეთრი გამკაცრება უნდა იყოს. შესაბამისი თხოვნით იუნესკომ უკვე მიმართა ერაყის მეზობელ ქვეყნებს და პირველ წარმატებასაც მიაღწია. მაგალითად, იორდანიის პოლიციამ დააკავა რამდენიმე ადამიანი, რომელიც ერაყის მუზეუმებიდან გატაცებული ნივთების საზღვარგარეთ გატანას ცდილობდა. აღსანიშნავია ისიც, რომ არაერთი გატაცებული ნივთი ნებაყოფლობით დააბრუნეს თვით გამტაცებლებმა.

იუნესკომ თხოვნით მიმართა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს, რომ მან, თავის მხრივ, უშიშროების საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო რეზოლუციის მიღება სთხოვოს. რეზოლუციამ, იუნესკოს მესვეურთა ფიქრით, დროებით უნდა აკრძალოს ერაყის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა შეძენა; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ყიდვის აქტი უკვე შემდგარია, მყიდველი დაავალდებულოს, შეძენილი ობიექტები დააბრუნოს.

ერაყის მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების ძარცვის მასშტაბზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. ფაქტია, რომ 9 აპრილს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ ბაღდადის აღების დღეს, უმოწყალოდ გაიძარცვა ერაყის დედაქალაქის ეროვნული მუზეუმი. მაგრამ ახლა ამერიკელი გამომძიებლები და თავად მუზეუმების თანამშრომლები აცხადებენ, რომ ძარცვა იმდენად გამანადგურებელიც არ ყოფილა, როგორც თავიდან ეგონათ. ამ რამდენიმე დღის წინათ არაერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ერთი მაღალი თანამდებობის ამერიკელი სამხედრო პირის განცხადება იმის თაობაზე, რომ ერაყის მუზეუმებიდან დაკარგული ნივთების რაოდენობა ათობით იზომება და არა ათასობით, როგორც თავიდან ფიქრობდნენ.

იუნესკოს გენერალური დირექტორის თქმით, თუ ისტორიის გამოცდილებას გავითვალისწინებთ, ერაყის მუზეუმებიდან გატანილი ფასდაუდებელი ექსპონატების დაბრუნების იმედი არ უნდა გვქონდეს. მაგალითად, 1991 წელს, სპარსეთის ყურის ომის დროს გატაცებული ოთხი ათასამდე ნივთიდან მხოლოდ 40-ის აღმოჩენა მოხერხდა.

რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტი ნიკოლა კრასტევი ესაუბრა ნიუ იორკის ანტიკვარული ნივთების ერთ-ერთი გალერეის მფლობელს ჰაუარდ ნაუსს. მისი თქმით, ანტიკვარულ ნივთს ის არასოდეს შეიძენს შემთხვევითი ადამიანისგან. ერაყის მუზეუმებიდან გატაცებული ნივთების დაბრუნებას ნაუსი მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით კი არ განიხილავს, არამედ ამ საკითხს ეთიკურ დატვირთვასაც ანიჭებს.

[ჰაუარდ ნაუსის ხმა] "იმედი ვიქონიოთ, რომ მესაზღვრეები თავს გაართმევენ დაკისრებულ ამოცანას. ამ საკითხისადმი ახლა ყველას გამახვილებული აქვს ყურადღება და მყიდველი ნივთების შეძენისას უდიდეს სიფრთხილეს გამოიჩენს. ხოლო თუ მყიდველი საერთოდ არ გამოჩნდა, ეს, იმედი მაქვს, ნივთების გამსაღებელს ხელს ააღებინებს ღია ბაზარზე ამა თუ იმ საგნის გატანაზე. ყველაზე ეთიკური ნაბიჯი კი ის იქნება, თუ ნივთებს არავინ იყიდის."

ჰაუარდ ნაუსი დასძენს, რომ ნიუ იორკში გავრცელებული პრექტიკის თანახმად, ხელოვნების ნიმუშებით მოვაჭრენი, როგორც წესი, ობიექტის გამყიდველისგან მოითხოვენ წერილობით საბუთს, რომ ნივთი მოპარული არ არის. თუმცა, ცხადია, შეუძლებელია, არსებობდეს ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ ესა თუ ის ნივთი მართლაც კანონიერი გზით არის შეძენილი. ამდენად, როგორც ნიუიორკელი გალერისტი ამბობს, ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობის სფეროში არაერთი გარიგება მხოლოდ და მხოლოდ ურთიერთნდობას ემყარება. ნაუსს უჭირს იმის თქმა, ვის უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა ერაყის მუზეუმების ძარცვისთვის - შავ ბაზარზე მოქმედ ვაჭრებს, რომლებიც კონკრეტულ ობიექტებზე ნადირობენ, თუ უბრალოდ, ფულის შოვნის ჟინით შეპყრობილ ადამიანებს.

[ჰაუარდ ნაუსის ხმა] "სპექტრის ზედა ბოლოში მძარცველები, შესაძლოა, იმ მყიდველებისთვის მოქმედებდნენ, რომელთაგანაც შეკვეთა წინასწარვე მიღებული ჰქონდათ - ანუ საეჭვო რეპუტაციის კოლექციონერებისგან, რომელთაც კონკრეტული ნივთების ხელში ჩაგდება სურთ და მათ ჯერ კიდევ მოპარვამდე ადგამენ თვალს. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ამ შემთხვევაშიც ასე იყო თუ არა. შესაძლოა, ამ ხალხს ეს ნაბიჯი ფულის შოვნის სურვილმა გადაადგმევინა."

ასეა თუ ისე, ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ერაყის მუზეუმებიდან გატაცებული, შედარებით ნაკლებად ფასეული ნივთები აუცილებლად გამოჩნდება შავ ბაზარზე. რაც შეეხება უფრო ძვირფას, ზოგ შემთხვევაში კი უნიკალურ ობიექტებს, მათს მიკვლევას არაერთი ადამიანისა თუ უწყების, მეტიც - არაერთი სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება.
XS
SM
MD
LG