Accessibility links

logo-print

რა მოელის ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობას?


შეერთებულ შტატებსა და ევროპას შორის გადაშლილი ატლანტის ოკეანე ორი კონტინენტის გამყოფადაც მოუხსენებიათ და მათ შემაკავშირებლადაც. აი, იმაზე კი ორი აზრი არ არსებობს,

რომ მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის დღეს ნამდვილი შტორმი მძვინვარებს. მღელვარების მიზეზი აშკარაა (აზრთა სხვადასხვაობა ერაყის თაობაზე), ისევე როგორც აშკარაა უთანხმოების მოგვარების აუცილებლობა: ამერიკა-ევროკავშირის ურთიერთობა მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად ითვლება. ჩვენი რადიოს თანამშრომელმა ბრეფნი ო რურკმა ამ ურთიერთობასა და მასში დაძაბულობის განმუხტვის პერსპექტივაზე შეკითხვებით მიმართა ორ პოლიტოლოგს, რომელთა მოსაზრებებს ახლა გაგაცნობთ.

"შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგ ქვეყანას შორის ურთიერთობა აშკარად ძალიან კარგია. ვგულისხმობ ევროპის მთავრობებს, რომლებმაც ამერიკელებს დიპლომატიური მხარდაჭერა გაუწიეს. მათ აშშ დიდი პატივისცემით ეკიდება, მაშინ როცა ძალიან გაჯავრებულია ქვეყნებზე, რომლებმაც უარი თქვეს მის დიპლომატიურ მხარდაჭერაზე", ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი ბერი პოზენი. ამ შეფასებაში ახალი, შესაძლოა არაფერი იყოს, მაგრამ უფრო საყურადღებოა მისი ვარაუდი, რომ ევროპის ზოგი ქვეყანა, პირველ რიგში საფრანგეთი, გერმანია და ბელგია, ახლაც და მომავალშიც გაუმართლებლად ჩათვლიან ერაყის წინაღამდეგ ომის დაწყებას, "თუ ერაყის არქივებისა და შეიარაღების შემოწმება არ დაამტკიცებს, რომ ერაყელები ამზადებდნენ ძალიან საშიშ, ფართომასშტაბიან, თავდასხმისათვის გამოსადეგ პროგრამას. ასეთი ინფორმაცია კი ჯერ არ გამოჩენილა".

გერმანელი პოლიტოლოგი, მიუნსტერის უნივერსიტეტში მოღვაწე რიხარდ ვოიკე მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი - მისი შეფასებით, კანცლერი გერჰარდ შრიოდერი და პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ერთმანეთს, ალბათ, ვერასოდეს შეეწყობიან, მაგრამ მათი ქვეყნების ურთიერთობას სტაბილურობას ანიჭებს მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა. გერმანიის 30 ათასზე მეტი ფირმიდან, რომელთა ნაწარმი ექსპორტზე შეერთებულ შტატებშიც გადის, აქამდე ერთადერთს შეექმნა პრობლემები პოლიტიკური უამინდობის გამო. დანარჩენები ჩვეულ რიტმში მუშაობას აგრძელებენ. იგივე ითქმის კულტურისა და მეცნიერების სფეროებზე.

" ეს ეხება ევროპის სახელმწიფოების უმეტესობას - მათთვის ცხადია, რომ ევროკავშირს არ შესწევს უნარი, სამხედრო სფეროში კონკურენცია გაუწიოს შეერთებულ შტატებს, რომ შეერთებული შტატები კიდევ 10-15 წელი გვჭირდება".

ამბობს რიხარდ ვოიკე, რომლის თქმით, ამ აუცილებლობას საფრანგეთშიც აღიარებენ. და მაინც, ერაყში ომის მოწინააღმდეგე ოთხმა ევროპულმა სახელმწიფომ - საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ და ლუქსემბურგმა - სამშაბათს გამართულ სამიტზე გადაწყვიტა, განამტკიცოს სამხედრო თანამშრომლობა. მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ოთხეულის თანამშრომლობა მიზნად არ ისახავს ნატოს დასუსტებას, მაგრამ მათ სამიტს ვაშინგტონის, აგრეთვე ერაყის საკითხში ვაშინგტონის მხარდამჭერი ევროპული სახელმწიფოების მხრივ მაინც უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

ამ ურთიერთობებს, ამერიკელ პოლიტოლოგ ბერი პოზენის შეფასებით, გაუმჯობესება არც ახლო მომავალში უწერია. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას:

"ეს დამოკიდებულია ამერიკულ დიპლომატიაზე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში. თუ დიპლომატია გონივრული და ეფექტიანი იქნება, ურთიერთობა გაუმჯობესდება. მეორე მხრივ, თუ ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, თუ დაძაბულობა არ განიმუხტა, თუ ერაყის რეკონსტრუქციის საქმე ცუდად წავიდა, თუ ამერიკელები სირიასთან ან ირანთან კონფლიქტში გაეხვიენ, ვფიქრობ, ურთიერთობები კარგად არ განვითარდება. ის კი არა, შესაძლოა პირიქით მოხდეს."

რაც უნდა მოხდეს მომავალში, დღეს სავსებით აშკარაა, რომ ერაყის საკითხზე უთანხმოებამ ევროკავშირის ერთსულოვნება შეიწირა: ამ მძლავრი გაერთიანების საგარეო და უშიშროების პოლიტიკას კოორდინაცია აღარ ეტყობა. რა მოელის ევროკავშირის წევრებს შორის გაუარესებულ ურთიერთობას? - ეს უკვე სხვა საუბრის თემაა.
XS
SM
MD
LG