Accessibility links

logo-print

საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერის ძირითადი შედეგები


შემოდგომისთვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად და კანონის დაცვით ჩატარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას ამომრჩეველთა სიების შედგენა წარმოადგენს.

წლების მანძილზე ამომრჩევლების ზუსტი აღრიცხვა ვერა და ვერ მოხერხდა და დღემდე ამომრჩეველთა სიები გაყალბების ძირითადი საფუძველია. საქართველოში ჩატარებული მოსახლეობის აღწერა ცხადყოფს, რომ სურვილის შემთხვევაში ამომრჩეველთა შესახებ ზუსტი ინფორმაციის შეგროვება სიძნელეს არ წარმოადგენს.

საქართველოში ბევრს დავობენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ამომრჩეველთა სიების შედგენა- დაზუსტება, როგორ უნდა დაითვალონ ხმები და ასე შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის 12 წლიანი ისტორიის მანძილზე ვერა და ვერ მოხერხდა არჩევნების ორგანიზებულად ჩატარების უზრუნველყოფა. შეიძლება იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კენჭისყრის პროცესის მოწესრიგების ნება არ არსებობდა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტმა შეძლო ის, რაც არჩევნების ნორმალურად ორგანიზებისთვისაა საჭირო, ანუ ქვეყნის მოსახლეობის შესახებ დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია შეაგროვა. 6 მაისს დეპარტამენტის თავმჯდომარემ თემურ ბერიძემ საქართველოს მოსახლეობის პირველი ეროვნული აღწერის ძირითადი შედეგები გამოაქვეყნა. თემურ ბერიძეს შესაძლებლად არ მიაჩნია არჩევნებისთვის პირდაპირ იქნეს გამოყენებული აღწერის შედეგები: დროში სხვაობისა და აღწერის მეთოდოლოგიის გამო, შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ცდომილება. თუმცა კი თემურ ბერიძე ადასტურებს, რომ სტატისტიკური ინფორმაციის საფუძველზე ამომრჩეველთა სიების დაზუსტება პრობლემას არ წარმოადგენს.

[თემურ ბერიძის ხმა] "როდესაც ჩვენ გვექნება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ინფორმაცია მოსახლეობისა, ბუნებრივია რაღაც ექსპერტული შეფასებები მიახლოებითი მონაცემების, თუ რამდენი ცხოვრობს მთლიანად ქვეყანაში 18 წლის ზევით მოსახლე, რამდენია ქალაქად, რამდენია რაიონში. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მეტ-ნაკლებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს არჩევნების მზადებისა და ჩატარების დროს."

აღწერის შედეგები, ანუ მოქალაქის მიერ სტატისტიკისთვის მიცემული პირადი ინფორმაცია, კონფიდენციალურია და მისი გამოყენება მხოლოდ ნაერთი სტატისტიკური ინფორმაციის მოსამზადებლად თუ შეიძლება. თუმცა სტატისტიკის დეპარტამენტის სტრუქტურისა და პრაქტიკის გამოყენებით ამომრჩეველთა სიების შედგენაცაა შესაძლებელი. თემურ ბერიძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში - მაგალითად, გერმანიაში - არჩევნებს სტატისტიკის სამსახური ატარებს.

რაც შეეხება თავად აღწერის შედეგებს, ის საბოლოო სახით აგვისტომდე გამოქვეყნდება, ამ ეტაპზე კი ცნობილია მხოლოდ ძირითადი შედეგები.

[თემურ ბერიძის ხმა] „საქართველოს მუდმივი მოსახლეობის საერთო რიცხოვნებამ ქვეყნის იურისდიქციაში მყოფ კონტროლირებად ტერიტორიაზე 2002 წლის 17 იანვრისათვის შეადგინა 4 მილიონ 371 ათას 400 კაცი. ფაქტობრივმა მოსახლეობამ, ანუ ადგილზე მყოფმა, შეადგინა 4 მილიონ 355 ათას 700 კაცი."

ამას ემატება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ექსპერტული შეფასებით განისაზღვრა და საქართველოს მოსახლეობის საერთო რაოდენობამ 4 მილიონ 585 ათას 700 კაცი შეადგინა. ეს კი 1989 წელს ჩატარებული აღწერის შედეგების 84 პროცენტს შეადგენს.
XS
SM
MD
LG