Accessibility links

logo-print

გალის ტრაგედიის აჩრდილები აფხაზეთში


იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე პასუხისმგებელი ქართველი პოლიტიკოსების დაპირისპირება უკვე სისხლიან ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, უკიდურესად დაიძაბა ვითარება საქართველოს კონფლიქტურ რაიონებში.

ცხინვალთან ახლოს, სოფელ თამარაშენში, კვირას მომხდარი ტერორისტული აქტის დროს მინდიაშვილების ოჯახის ოთხი წევრი დაიღუპა. პარალელურად, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუდგენელ შეიარაღებულ ჯგუფებს შორის მომხდარ შეტაკებას აფხაზი მებაჟე ემსხვერპლა. ძალადობის ყოველი ახალი შემთხვევა კი მწვავედ აისახება გალის რაიონის ქვედა ზონის ქართული სოფლების, თაგილონისა და ნაბაკევის, მცხოვრებლებზე, რომლებიც, როგორც 1998 წლის მაისის მოვლენების დროს, კვლავაც შიშით ელოდებიან ახალ სადამსჯელო ღონისძიებებს აფხაზური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან.


ძალადობის ესკალაცია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ამის მიზეზი რამდენიმეა: იმ ქართველი - უპირატესად, აფხაზეთიდან დევნილი - მებრძოლებისგან შემდგარი პარტიზანული ჯგუფების მოქმედება, რომლებიც ვერ ეგუებიან ვლადისლავ არძინბას რეჟიმს; საკუთრივ აფხაზური ფორმირებების ბრძოლა გავლენის სფეროების გადასანაწილებლად თხილითა და ციტრუსით მდიდარ რაიონში; ცალკე უნდა აღინიშნოს შერეული ტიპის კრიმინალურ-მაფიოზური დაჯგუფებები, რომელთა ინტერესთა სფეროში კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის კონტროლი შედის. გავრცელებული აზრით, ცალ-ცალკე ყველა ამ ჯგუფისთვის გალის რაიონი, უსაფრთხოების ზონითურთ, რომელსაც ე.წ. დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები იცავენ, წარმოადგენს ერთგვარ ანკლავს, სადაც ეს ჯგუფები თავადვე აწესებენ თამაშის წესებს და უფრო უკეთ იცავენ მას, ვიდრე ენგურის ორივე მხარეზე მყოფი პოლიტიკოსები. შესაბამისად, ამ ანკლავის მოსპობა ხელს არ აძლევს არც ერთ ზემოხსენებულ ჯგუფს, რომელთა ბიზნესინტერესებიც სწორედ სტატუს-კვოს შენარჩუნებაშია. ამიტომ ნებისმიერი მცდელობა, გარედან ჩარევის გზით დამყარდეს გალის რაიონში სტაბილიზაცია, ამოქმედდეს აფხაზეთზე გამავალი კომუნიკაციები და გაკონტროლდეს კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობა, ძალადობის ესკალაციას იწვევს.

აქედან გამომდინარე, იმის თქმა, თუ ვის ინტერესებში შედიოდა ორშაბათს თაგილონში მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც ადგილობრივი საბაჟოს უფროსი რუსლან ხაშბა შეეწირა, ბნელ ოთახში კატის ძებნას წააგავს. ეს რომ იყოს 1998 წლის გაზაფხული, შეიძლებოდა მოსალოდნელი ესკალაციის უკან თბილისიდან მართული პარტიზანული დაჯგუფებების ხელწერა ამოგვეკითხა. ქართულ პრესაში არაერთხელ თქმულა იმის შესახებ, თუ რა პროცესები უძღოდა გალის ტრაგედიას და რამდენი მილიონი ლარი ჩამოიწერა "გალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის" ჩაფიქრებულ სამხედრო ავანტიურაზე, რასაც საპასუხოდ აფხაზური ფორმირებების მიერ ჩატარებული სადამსჯელო ოპერაცია, მორიგი ეთნიკური წმენდა და ათეული ათასობით ქართველის სახლ-კარიდან აყრა მოჰყვა.

მაგრამ ახლა კალენდარზე 2003 წელია. ყველა ეჭვს თუ განზე გადავდებთ, შეიძლება ითქვას, რომ ახლა დრო და საერთაშორისო ვითარება - ჟენევის რეკომენდაციები და სოჭში პუტინ-შევარდნაძის მოლაპარაკების დროს გამოთქმული ინიციატივები - უფრო საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ვიდრე სოხუმისა, რომელიც თავისი უკომპრომისო პოლიტიკით არა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოებას, არამედ საკუთარ ამომრჩევლებსაც იმხედრებს. შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გასანეიტრალებლად და ოპონენტთა ყურადღების გადასატანად კი ყოველთვის ხელსაყრელია საქართველოდან მომდინარე საფრთხეზე ხმაურის ატეხა. ნიშანდობლივია, რომ აფხაზური საზოგადოება აფხაზი მებაჟის მკვლელობის გამო რისხვამ გააერთიანა, ხოლო გალის რაიონის ქართულ სოფელ თაგილონში კვლავ გამოჩნდნენ აფხაზური მილიციის დამატებითი ძალები, რომლებიც მოსახლეობისგან ქართველი პარტიზანების გადაცემას მოითხოვენ. როგორც ქართული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, მოსალოდნელი სადამსჯელო ოპერაციის შიშით
ახალგაზრდობამ სოფლის დატოვება დაიწყო.
XS
SM
MD
LG