Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობა. ჰეიდარ ალიევს თბილისიდან მოახლოებული იუბილე მიულოცეს


6 მაისს თბილისში აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზმა არცთუ მრავალრიცხოვან, მაგრამ მეტად საპატიო სტუმრებს უმასპინძლა. სამეცნიერო კონფერენციაზე,

რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის განსაკუთრებულ ურთიერთობას და ამ ორი ქვეყნის სტრატეგიულ თანამშრომლობას მიეძღვნა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით, საქართველოში უცხო ქვეყნების ელჩებმა, ქართველმა და აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა თუ პოლიტიკოსებმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის 80 წლის იუბილეს მოახლოებასთან დაკავშირებით, ჰეიდარ ალიევზე ვრცლად ისაუბრეს, მას დაბადების დღე წინასწარ მიულოცეს და გამოჯანმრთელება უსურვეს. კონფერენციაზე ასევე ბევრი ითქვა აზერბაიჯანისა და საქართველოს პრეზიდენტების მეგობრობასა და მათ როლზე.

ჰეიდარ ალიევი მოახლოებული დაბადების დღის წინ მკურნალობას თურქეთში გადის. გავრცელებული ცნობებით, მას გულის და თირკმელების უკმარისობა აწუხებს, მაგრამ ექიმები იმედოვნებენ, რომ აზერბაიჯანის ლიდერი მალე შეძლებს მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს. 10 მაისს მას 80 წელი უსრულდება და ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ბაქოში დაგეგმილი ღონისძიებები გრაფიკის მიხედვით ჩატარდება. ჰეიდარ ალიევისთვის დაბადების დღის მისალოცად ბაქოში საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტები ჩავლენ. და მაინც, ედუარდ შევარდნაძემ მოვლენებს გაუსწრო და საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოსა და "აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას კოლეგას და მეგობარს - უფრო მეტიც, ძმას, როგორც ეს თავად აღნიშნა - დაბადების დღე წინასწარ მიულოცა და მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ალიევისა და შევარდნაძის განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმაც აღნიშნა. თქვა, ეს ორი ლიდერი ტყუპი ძმებივით ჰგვანან ერთმანეთსო. მსგავსება წარსულიდან მოდის: ჰეიდარ ალიევს საბჭოთა თუ დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ლიდერობის დაახლოებით ისეთივე სტაჟი აქვს, როგორიც შევარდნაძეს საქართველოს ლიდერობისა. იყო საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ეს პოსტი 1987 წელს დატოვა. ამდენად, მას და შევარდნაძეს საბჭოთა კავშირის სადავეებთანაც მოუხდათ თანამშრომლობა.

"მე მასთან 30 წლიანი ურთიერთობა და 10 წლიანი გულწრფელი მეგობრობა მაკავშირებსო," თქვა აზერბაიჯანსა და საქართველოს ურთიერთობისადმი მიძღვნილ სამეცნერო კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა და დასძინა: " საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს 2 მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჰეიდარ ალიევის წვლილი დიდია აბრეშუმის გზის აღდგენაში, აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის შექმნაში. ამ ყველაფრით საქართველომ აღიდგინა ფუნქცია და, რომ არა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ძალისხმევა, ეს შეიძლება არც მომხდარიყო. ლაპარაკია კასპიის ნავთობსადენის დასავლეთის მიმართულებაზე. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომლის ავანგარდშიც ჰეიდარ ალიევი იდგა და ამის შესახებ უნდა იცოდნენ მომავალმა თაობებმა. "

მაღალი შეფასებები მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ელჩისა და აზერბაიჯანელი სტუმრებისგან. დაბოლოს, რადგან საუბარი სამხრეთ კავკასიის ორი ლიდერის მეგობრობასა და მათ საერთო მხარეებს შეეხო, განსხვავებაც უნდა აღინიშნოს. აზერბაიჯანის მმართველი პარტია დარწმუნებულია ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 წლის ლიდერის მორიგ გამარჯვებაში. ედუარდ შევარდნაძე მესამე ვადით გაპრეზიდენტებისთვის კონსტიტუციის შეცვლას - ასეთი იდეა ერთი-ორჯერ გამოითქვა - კატეგორიულად გამორიცხავს.
XS
SM
MD
LG