Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყი სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, და გაზეთი "ლიბერასიონი" ჩეჩნეთის შესახებ საფრანგეთში გამოცემულ ორ წიგნს ეხმაურება -

ამ ორ საკითხს დაეთმობა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმომხილვა.

ქალაქ მიუნხენში გამომავალი გაზეთი "ზიუდოიჩე ცაიტუნგი" კომენტარს უკეთებს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებას ერაყში დროებითი ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ. ვეტერანი დიპლომატის, პოლ ბრემერის დანიშვნა ამ ახალ თანამდებობაზე, გაზეთის აზრით, თეთრი სახლის ადმინისტრაციაში "ქორებსა" და "მტრედებს" შორის მომხდარი დაძაბულობის შედეგია. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"პოლ ბრემერმა თავისი პირდაპირი და გაბედული გამოსვლებით ყოფილი კონსერვატორი პოლიტიკოსების პატივისცემა დაიმსახურა. ახლა მისი უპირველესი მიზანია მშვიდობიანი აღმშენებლობით შეცვალოს ერაყში სამხედრო კამპანია და შეძლების-დაგვარად რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო ჩააბას ომით გაჩანაგებული ერაყის აღდგენის საქმეში. გავლენიან პოლიტიკოსებს ვაშინგტონში ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ პოლ ბრემერი, როგორც ყოველთვის ხდებოდა აქამდე, ამჯერადაც წარმატებით გაართმევს თავს ნაკისრ ვალდებულებას".

როგორც გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" მიმომხილველი თომას ფრიდმენი აღნიშნავს, აშშ-ის თაოსნობით ერაყში დაწყებული აღდგენითი პროცესი იმ ფუნდამენტურ პრობლემას დაუპირისპირდა, მრავალი განვითარებადი ქვეყნისა და არაბული სამყაროსთვის რომაა საერთო, ანუ როგორ უნდა მოხდეს "სისხლიანი ავტორიტარული რეჟიმიდან" სამართლებრივ, დემოკრატიულ საზოგადოებაზე გადასვლა, თანაც ისე, რომ საბოლოო ჯამში ირანული ყაიდის თეოკრატია და ქაოსი არ მივიღოთ? ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

"ამერიკის დროებითმა ადმინისტრაციამ არ უნდა იჩქაროს ერაყში არჩევნების მოწყობა. ეს, ბოლოს უნდა მოხდეს. პირველ რიგში საჭიროა თავისუფალი საზოგადოების ფუნქციონირებისავის აუცილებელი სტრუქტურების შექმნა და ქმედითი იურიდიული სისტემის ამოქმედება, აგრეთვე თავისუფალი პრესისა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა, ეკონომიკური რეფორმების გატარება და მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრება. ამგვარი საზოგადოების შექმნისათვის პირველ რიგში ბოლო უნდა მოეღოს ქვეყანაში კორუფციას და დაშვებულ იქნეს დამოუკიდებელი პრესა და ასევე დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები, და ყოველივე ეს უნდა იყოს დაცული კონსტიტუციით, რომელსაც მთავარი პოლიტიკური ძალების მხარდაჭერა ექნება."

ომანის გაზეთ "ალ-ვათანში" გამოქვეყნებულია ჩიკაგოს უნივერსიტეტის ლექტორის, ჯამილ ალ-ხურის წერილი, რომელშიც ავტორი, არაბ ამერიკელებს მოუწოდებს ერთობლივი ძალისხმევით მოითხოვონ არაბულ სამყაროში თავისუფლება. ჯამილ ალ-ხური წერს:

"მე ვარ არაბული წარმოშობის ამერიკელი. ვამაყობ იმ წვლილით, არაბ ამერიკელებს რომ მიუძღვით ამერიკული საზოგადოების ერთიანი ლანდშაფტის შექმნაში. მე მოვუწოდებ არაბ ამერიკელებს - დროა არ შემოვიფარგლოთ რეპრესიული არაბული რეჟიმების სიტყვიერი კრიტიკით და მოვითხოვოთ, რომ ჩვენმა მთავრობამ ასეთ რეჟიმებს შეუწყვიტოს ყოველგვარი დახმარება და ასმაგი ძალისხმევით განაგრძოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა."

ჩეჩნეთის შესახებ საფრანგეთში ორი ახალი წიგნის გამოცემას გაზეთი "ლიბერასიონი" გამოეხმაურა. ანა პოლიტკოვსკაია ჟურნალისტია, და ასეთი ადამიანები იშვიათი მოვლენაა რუსეთში - წერს გაზეთი და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"პოლიტიკოვსკაიას წიგნი - გამოსვლაა პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ; პუტინისა, რომელმაც 99-წლის ოქტომბერში შეიარაღებული კონფლიქტი წამოიწყო ჩეჩნეთში. ჩეჩნეთის შესახებ საფრანგეთში გამოცემულ მეორე წიგნში მოყვანილია მრავალი ფრანგი, რუსი და ჩეჩენი ექსპერტის შეხედულება ჩეჩნეთის საზოგადოების წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. ორივე წიგნის ავტორები პესიმისტურად არიან განწყობილი: ნაკლებად უნდა გვქონდეს იმედი, რომ მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტი პუტინმი რაიმე პოლიტიკურ ნაბიჯს გადადგამს ჩეჩნეთში კონფლიქტის შეწყვეტის მიზნით."
XS
SM
MD
LG