Accessibility links

logo-print

ამერიკის დროებით ადმინისტაციას ერაყში პოლ ბრემერი უმეთაურებს


ანდრო ეული, პრაღა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პროფესიონალი დიპლომატი პოლ ბრემერი დანიშნა ერაყში დროებითი ადმინისტრაციის უფროსად. ბრემერს, რომელმაც 23 წელი იმსახურა სახელმწიფო დეპარტამენტში

და 6 სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი იყო, დაექვემდებარება თავად ჯეი გარნერიც, გადამგდარი ამერიკელი გენერალი, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ სამოქალაქო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ერაყში.


როგორც ჯეი გარნერმა განაცხადა, პოლ ბრემერს მომავალ კვირაში მოელიან ბაღდადში. ბრემერი პოლიტიკურ პროცესს უხელმძღვანელებს ომისშემდგომ ერაყში. ჯეი გარნერი უფრო აღდგენითი სამუშაოებით იქნება დაკავებული.

ბევრი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკანასკნელ დროს, თავდაცვის სამინისტროს გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, პოლ ბრემერის დანიშვნა ერაყში დროებითი ადმინისტრაციის უფროსად იმაზე მეტყველებს, რომ საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში საბოლოო სიტყვა მაინც სახელმწიფო მდივანს, კოლინ პაუელს ეკუთვნის, მაშინ როცა ამ მხრივ მას თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა გამოუცხადა გამოწვევა.

როგორც ვაშინგტონის კერძო კვლევითი ცენტრის, კატოს ინსტიტუტის მიმომხილველი ტედ კარპენტერი ამბობს, თავდაპირველად პრეზიდენტი ბუში თავდაცვის მინისტრის დონალდ რამსფელდისა და ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის პოზიციას უწევდა ანგარიშს ისეთ საკითხებში, როგორიცაა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი, ჩრდილოეთი კორეის ბირთვული კრიზისი, აგრეთვე უნდა დალოდებოდა თუ არა თეთრი სახლი გაეროს თანხმობას ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დასაწყებად. ეს საკითხები ჩვეულებრისამებრ, სახელმწიფო მდივნის პრეროგატივაა. თუმცა ამჯერად და სხვა მსგავს შემთხვევებშიც, აღნიშნავს კარპენტერი, პაუელმა წარმატებით შესძლო თავისი უფლების რეალიზება [ტედ კარპენტერის ხმა]: "ესაა პაუელის ხელწერა. იგი არასოდეს იხევს უკან. მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ იგი დამარცხდა, პაუელი ბრუნდება, მანევრირებს, და ცდილობს უწინდელი პოზიციის აღდგენას. თითქმის ყველა პოლიტიკურ საკითხში, პაუელი, ადრე თუ გვიან, მნიშვნელოვან და გავლენიან პოზიციას იკავებს".

ტედ კარპენტერს მიაჩნია, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რამდენად გაართმევს თავს ბრემერი ახალ მოვალეობას ერაყის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ შეეწყობიან ერთმანეთს ბრემერი და გარნერი. თუ მათ შორის უთანხმოებამ იჩინა თავი, რაც შემდგომ მტრობაში გადაიზრდება, მაშინ, როგორც კარპენტერი ფიქრობს, ერაყში დემოკრატიის დამკვიდრება კიდევ უფრო გართულდება.

პოლ ბრემერის კარიერა სახელმწიფო დეპარტამენტში 60-იან წლებში დაიწყო. მან სხვადასხვა ქვეყნებში იმსახურა და გააღრმავა თავისი ცოდნა ტერორიზმის საკითხებში. 90- იან წლებში ბრემერი მაშინდელ პრეზიდენტ ბილ კლინტონს მოუწოდებდა, უფრო ქმედითი ზომები მიეღო სირიისა და ირანის წინააღმდეგ, რომლებსაც ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს ვაშინგტონი. 1999 წელს, პოლ ბრემერი კონგრესმა ტერორიზმის ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ დაასახელა. მას შემდეგ ბრემერმა არაერთგზის გააფრთხილა თანამემამულეები, რომ ტერორისტები შეერთებულ შტატებზე კატასტროფული თავდასხმისათვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG