Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ასეულის გამგზავრება ერაყში საბოლოოდ გადაწყდა!


აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო იქნება მეორე სამხრეთკავკასიური ქვეყანა, რომელიც თავის სამშვიდობო ასეულს ერაყში გაგზავნის ომის შემდგომი აღორძინების პროცესში მონაწილეობისთვის.

ანტიერაყული კოალიციის ამ საერთო გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ს ელჩმა რიჩარდ მაილსმა ქართულ-ამერიკულ სემინარზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამშაბათს განაცხადა. წინასწარი ინფორმაციით, ქართული ასეული სამხედრო მედიკოსებითა და ინჟინრებით იქნება დაკომპლექტებული და იგი ერაყში მაისის ბოლოსთვის გაემგზავრება. როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ სამხედრო უწყებაში, სადაც, ძირითადად, მაღალი ანაზღაურების გამო, არაერთი ოფიცერი გამოთქვამს მზადყოფნას დაუყოვნებლივ გაემგზავროს ერაყში.


როგორც იქნა, წერტილი დაესვა თითქმის ერთთვიან მარჩიელობას თემაზე - მიიღებდნენ თუ არა განთავისუფლებული ერაყის აღდგენაში მონაწილეობას ქართველი სპეციალისტები. დიპლომატიური არხებით მიღებული ინფორმაციით, რომლის საზოგადოებისთვის მიწოდების ექსკლუზიური უფლება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ მაილსს ხვდა წილად, ირკვევა, რომ ასეთი გადაწყვეტილება კოალიციის შტაბში უკვე არსებობს და საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს ხანებში მოუწევს დააკომპლექტოს ბაღდადში გასაგზავნი კონტინგენტი. როგორც რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, ეს იქნება დაახლოებით ასეულის ზომის შერეული ქვედანაყოფი, რომელიც უპირატესად სამხედრო მედიკოსებითა და ინჟინრებით იქნება დაკომპლექტებული.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "ესენი სამხედრო ექიმები იქნებიან და სამხედრო ინჟინრები, რა თქმა უნდა. მაგრამ ფუნქცია მათი იქნება არა სამხედრო, არამედ სამშვიდობო ოპერაციებსა და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა".

აღსანიშნავია, რომ, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველო მეორე ქვეყანა იქნება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის, რომლის კონტინგენტიც ერაყის სტაბილიზაციის პროცესში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან, აზერბაიჯანელ სამხედროებთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი გარკვეულია - ისინი ერაყში 12 მაისს მიემგზავრებიან და მათ ფუნქციებში შედის მუსულმანებისთვის წმინდა ადგილების დაცვა ქალაქებში - მოსულსა და კერბელაში. საქართველოსთან დაკავშირებით კი საქმე ჯერჯერობით ამ დეტალებამდე არ მისულა. ბეჟუაშვილის თქმით, გამგზავრების თარიღის, პასუხიმგებლობის ზონისა და სხვა კონკრეტული საკითხების შესათანხმებლად ერაყში 20 მაისისთვის ჯერ ქართველ მეკავშირე ოფიცერთა ხუთკაციანი ჯგუფი გაემგზავრება. მანამდე კი - სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში - თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიწყება მედიკოსებისა და ინჟინერ-მესანგრეთა შერჩევა, რომლის დროსაც უპირატესობა, ცხადია, მაღალკვალიფიციურ და ინგლისური ენის მცოდნე პირებს მიენიჭებათ. ცალკე პრობლემას წარმოადგენს კონტინგენტის დაფინანსების საკითხი, რადგან ბიუჯეტის დამტკიცების დროს მასში ასეთი მისიის შენახვის ხარჯები გათვალისწინებული არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, საქართველოს სამხედრო უწყებაში იმედოვნებენ, რომ, როგორც კოსოვოს შემთხვევაში იყო, დონორები ერაყში გასაგზავნ ქართულ კონტინგენტსაც გამოუჩნდება.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] "მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკელებთან. ასეულის დაფინანსება ნაწილობრივ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტიდან მოხდება, ლოგისტიკის მიმართულებით ამერიკელები დაგვეხმარებიან. ასე, შერეული ვარიანტი იქნება."

ეს შერეული სისტემა ანაზღაურებისა, სულ მცირე, 6-ჯერ აღემატება იმ სახელფასო თანხას, რასაც ქართველი ოფიცრები საქართველოში იღებენ. ამიტომ თავდაცვის სამინისტროში ეჭვი არ ეპარებათ, რომ, მიუხედავად ერაყში არსებული სამხედრო საფრთხისა, იქ გასაგზავნი სამშვიდობო-ჰუმანიტარული კონტინგენტის დაკომპლექტებაში არავითარი შეფერხება არ იქნება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG