Accessibility links

logo-print

არის თუ არა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7 მაისის სხდომა საბოლოო


მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა უკმაყოფილოა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობით, წლების მანძილზე ვერა და ვერ მოხერხდა მისი სტრუქტურისა თუ შემადგენლობის შეცვლა.

ნოემბრის არჩევნების ნორმალურად ჩასატარებლად პარლამენტში მზადაა პროექტები ცენტრალური საარჩევნო ორგანოს ბედის საბოლოოდ გადასაწყვეტად. თუმცა, პარლამენტის არაორგანიზებულობის წყალობით, ძველი ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ აგრძელებს მუშაობას.

7 მაისს თითქმის ერთი საათის მანძილზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები მონდომებით ცდილობდნენ, როგორმე კვორუმის შეგროვება მოეხერხებინათ. სხდომის ჩასატარებლად საჭირო კომისიის 11 წევრის შეკრების შემდეგ კი კამათი ხარაგაულის არჩევნების შესახებ, დღის წესრიგის დამტკიცების გარეშე, ჩვეულ სტილში, აი, ასე წარიმართა:

[ხმაურის ხმა] „...შევიტანოთ თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში, მეტი არაფერი, არ შეგვიტანია და რაზე ვლაპარაკობთ. უკაცრავად, ზრდასრული ხალხი ვართ, ხო? თუ გვინდა 18-ში არჩევნები ჩავატაროთ, ეს უნდა იყოს დღის წესრიგში.

მსგავსი უწესრიგობა უჩვეულო მოვლენა არაა ამჟამინდელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში. არაეფექტურია გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმიც, რადგან ძნელია პარტიათა წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია ობიექტურად აფასებდეს არჩევნების დროს თუ მისი მზადების პროცესში აღმოჩენილ დარღვევებს. ამას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯუმბერ ლომინაძეც აღიარებს და კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს პარტიათა წარმომადგენლებით მომავალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების შესაძლებლობას.

თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს ახალი მთავარი საარჩევნო ორგანო, ჯუმბერ ლომინაძე მასში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს, მას გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

[ლომინაძის ხმა] „სანამ მე ვარ და სანამ ვიქნები, მე დღე და ღამე აქ ვარ, ვმუშაობ, ვცდილობ საქმე წინ წავიდეს და 99%-ით მე არ ვაპირებ დარჩენას. განცხადება დიდი ხანია დავწერე, მაგრამ მას ჯერ არ მისცემია ოფიციალური მსვლელობა. მე მგონია, ჩემი ფუნქცია შევასრულე. მე, ვთქვათ, ბევრი რამე ვერ გავაკეთე, შეიძლება, მაგრამ მე ის გავაკეთე, რომ მე რომ არ ვყოფილიყავი, გაცილებით უარესი იქნებოდა ნამდვილად.“[სტილი დაცულია]

7 მაისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხარაგაულში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული პრობლემები გადაწყვიტა და ამომრჩეველთა სიების კომპიუტერიზაციის ხარჯთაღრიცხვაც დაამტკიცა. თუმცა კომისიის ყველა წევრს კარგად ეტყობოდა, რომ ისინი გადაწყვეტილებებს მოვალეობის მოხდის მიზნით, მექანიკურად იღებდნენ.

საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტს 7 მაისს საარჩევნო კოდექსთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საკითხიც უნდა განეხილა. კოდექსის თაობაზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაშიც კი კენჭისყრაზე უნდა დამდგარიყო ახალი მემარჯვენეების წინადადება ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. მაგრამ პარლამენტში სხვადასხვა საკითხების განხილვის გაჭიანურებისა და საარჩევნო კოდექსის თაობაზე კონსულტაციების გაგრძელების წყალობით, შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის 7 მაისის სხდომა საბოლოო სულაც არ აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG