Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მას შემდეგ, რაც ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმი დაემხო, პრესაში ბევრს წერენ იმაზე, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი იმ ბარბაროსობისთვის, სამ ათწლეულზე მეტ ხანს რომ ხდებოდა ნავთობის საბადოებით

უმდიდრეს ამ არაბულ სახელმწიფოში. "დანაშაული და სასჯელი" - ასეა დასათაურებული სამირ ათალის სტატია ბრიტანეთის არაბულენოვან გაზეთ "ალ-შარქ ალ-ავსათში". როგორც სამირ ათალი აღნიშნავს, სადამ ჰუსეინის ერაყში არავის ჰქონდა ხმის ამოღების უფლება, და ამიტომაც არის საჭირო, ერთმანეთისგან მკვეთრად გავმიჯნოთ სისხლის სამართლის დამნაშავეები - ჯალათები, მკვლელები, სისხლსმოწყურებული მწამებლები, ვინც კიდურებს ჰკვეთდა და მუცელს ჰფატრავდა ფეხმძიმე ქალებს, ვისაც სიამოვნებას ჰგვრიდა გაუპატიურებული ქალის კივილი, და ვისაც უდაის, ქუსაისა და სადამის ბედუინობა ეამაყებოდა, და ის ათეულათასობით ადამიანი, ვინც, ფაქტობრივად, დიქტატორული რეჟიმის ტყვე იყო. ბრიტანელი ჟურნალისტი განაგრძობს:

"ძალზედ გრძელია სია იმ მამაკაცებისა, ვისაც ხელები არა აქვს სისხლში გასვრილი, თუმცა დანაშაულის მოწმეც გამხდარა. მაგალითად, ერაყის პარლამენტის თავმჯდომარე სადუნ ჰამადი ამერიკელებს არ შეუყვანიათ ძებნილ დამნაშავეთა სიაში, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ბატონი ჰამადი, გავლენის თვალსაზრისით, მეორე პირი იყო ერაყში. ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დიქტატორულ სახელმწიფოში, ერაყშიც იყვნენ ბუნებით მოწოდებული ჯალათი-მწამებლები, აგრეთვე ოფიციალური პირები, ვინც სხვადასხვა გარემოებათა და მიზეზთა გამო იძულებული გახდა სახელმწიფოს სამსახურში ჩამდგარიყო. ერაყელებს, თქმა არ უნდა, კარგად მოეხსენებათ განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის. ის, რაც ერაყში ვნახეთ, უწინ საბჭოთა კავშირში, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და რუმინეთში მოხდა. ჩვენი ერთადერთი სურვილია, რომ ნამდვილი დამნაშავენი ვერ გაექცნენ მართლმსაჯულებას, ხოლო სხვის მიერ ჩადენილი ბარბაროსობისთვის არც ერთ უდანაშაულო ადამიანს არ მოსხოვონ პასუხი".

ეგვიპტის გაზეთ "ალ-აჰრამის" მიმომხილველის აბდ ალ-რაუფ ალ-რიდის აზრთ, ის, რაც ერაყში მოხდა, გაკვეთილად უნდა იქცეს მთელი არაბული სამყაროსთვის. ეგვიპტელი ჟურნალისტი წერს:

"ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, ალბათ ის არის, რომ ტირანიაზე აგებული რეჟიმი კრახისთვისაა განწირული. შიში და თავისუფლების შეზღუდვა ქვესკნელისკენ მიმავალი გზაა. იქ, სადაც თავისუფლება შეზღუდული იყო, ოპორტუნისტს მიეცა შესაძლებლობა, ხელისუფლებას სათავეში მოქცეოდა და არაბეთის ერთ-ერთ უდიდეს სახელმწიფოში შიშსა და რეპრესიებზე დაფუძნებული დიქტატორული რეჟიმი დაემყარებინა. სადამ ჰუსეინმა გაძარცვა ეკონომიკურად ერთ დროს აყვავებული ქვეყანა და გააჩაღა ომები, რამაც ასეულათასობით და, შესაძლოა მილიონობით ერაყელის, ირანელისა და ქუვეითელის სიცოცხლე შეიწირა. და მთელი ამ ხნის მანძილზე დიქტატორი, პატრიოტული ლოზუნგებით, ერაყელი ხალხისა და ყველა არაბის გრძნობებზე თამაშობდა, დროდადრო არაბულ თვითმყოფადობასა და ისლამსაც მოიხსენიებდა."

როგორც ბრიტანეთში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი "ალ-შარქ ალ-ავსათი" აღნიშნავს, ერაყში დღეს გაქცეული ლიდერების დაპატიმრებაზე თუ ახალი მთავრობის შექმნაზე მნიშვნელოვანია შემწყნარებლობა და წარსულის დავიწყება. გაზეთი
წერს:

"შემწყნარებლობა აუცილებელია და არა იმიტომ, რომ მორალურადაა გამართლებული, არამედ იმიტომაც, რომ ამის გარეშე ერაყელები ვერ შეძლებენ წარსულის დავიწყებას, ამას კი შურისძიება, ბოღმა და გათიშვა მოჰყვება. არადა ხალხს ახლა თავისუფლება ენატრება და არა გუშინდელი ტრავმები. თუმცა, შემწყნარებლობა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ დამნაშავენი დაუსჯელნი დარჩნენ. ყველამ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი. ხოლო იმათი ვინაობა, ვინც რეჟიმს ემსახურებოდა, მაგრამ დანაშაული არ ჩაუდენია, ფართო მასებისთვის უნდა გახდეს ცნობილი".

დღევანდელი მიმოხილვის ბოლოს გთავაზობთ ნაწყვეტს გაზეთ "ვაშინგტონ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიიდან, რომლის ავტორი, მემკვიდრეობის ფონდის ექსპერტი არიელ კოენი რუსეთის პოლიტიკას აკრიტიკებს ლატვიასთან მიმართებით. აი რას წერს ამერიკელი მიმომხილველი:

"იანვარში რუსეთმა ნავთობის მიწოდება შეუწყვიტა ლატვიას, რაც წარმოადგენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომლის მიზანია შეერთებული შტატების მოკავშირე სახელმწიფო დასაჯოს იმისთვის, რომ ვაშინგტონს დაუჭირა მხარი ერაყის წინააღმდეგ ომში, აგრეთვე იმისთვისაც, რომ ლატვია ნატოში გაწევრიანებას ესწრაფის. უმაღლესი დონის მოახლოებულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ვლადიმირ პუტინისაგან უნდა მოითხოვოს, მეტი პატივისცემით მოეკიდოს ურთიერთობას მეზობელ ლატვიასთან და განაახლოს ამ ქვეყანაში ნავთობის მიწოდება".
XS
SM
MD
LG