Accessibility links

logo-print

არის თუ არა ერაყში ნაპოვნი ავტომისაბმელი ბიოლოგიური იარაღის დასამზადებელი მოძრავი ლაბორატორია?


მრავალკვირიანი უშედეგო ძიების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ, შესაძლოა, მიაგნო საბუთს იმისა, რომ ერაყში მართლაც მზადდებოდა მასობრივი განადგურების იარაღი.

ვაშინგტონის ოფიციალურ წარმომადგენელთა ამ განცხადებას ექსპერტთა წრეებში არაერთგვაროვნად აფასებენ.

განცხადება აღმოჩენილი სამხილის შესახებ ოთხშაბათს, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ დაზვერვის სფეროში სტივენ კამბოუნმა. როგორც მან ჟურნალისტებს აუწყა, ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ტალ კაიფზე, აღმოჩენილ იქნა ავტომისაბმელი, რომელიც, ექსპერტთა ვარაუდით, ბიოლოგიური იარაღის დასამზადებელ მობილურ ლაბორატორიას წარმოადგენს.

[სტივენ კამბოუნის ხმა] "კოალიციის ძალებმა ხელთ იგდეს ერაყელთა ავტომისაბმელი, რომელიც ძალიან წააგავს იმას, რაც თებერვალში, გაეროში გამოსვლისას აღწერა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა."

სტივენ კამბოუნმა დასძინა, რომ მისაბმელი ჯერ კიდევ ბაღდადის დაცემამდე, 19 აპრილს აღმოაჩინეს, მაგრამ ინფორმაციის გავრცელება არ იჩქარეს, რადგან ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელი იყო. კამბოუნის თქმით, ავტომისაბმელში ბიოლოგიური ნივთიერებები, მართალია, ჯერ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ ეჭვს არ იწვევს, რომ საქმე სწორედ იმგვარ მოძრავ ლაბორატორიასთან გვაქვს, რომელიც პაუელმა თავის მოხსენებაში აღწერა და რომელზეც ვაშინგტონს თვით ერაყელი სპეციალისტებისგანაც მოეპოვებოდა ინფორმაცია.

თუ ეს ვარაუდი დადასტურდა და გაირკვა, რომ ნაპოვნ მოძრავ ლაბორატორიაში მართლაც ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტები მზადდებოდა, მაშინ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას კიდევ უფრო მეტი რიხით შეეძლება, ერაყში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის მართებულობაზე და, მეტიც, აუცილებლობაზე ისაუბროს. ომის დაწყების უმთავრეს მიზეზად ვაშინგტონი ხომ ერაყის ხელთ არსებული მასობრივი განადგურების იარაღის მოსპობას ასახელებდა.

და მაინც, შეერთებული შტატები ჯერჯერობით თავს იკავებს, მობილური ლაბორატორიის მსგავსი ავტომისაბმელის პოვნა იმის უტყუარ საბუთად წარმოადგინოს, რომ ბაღდადი მასობრივი განადგურების იარაღს ამზადებდა. რადგან როგორც კი ასე მოიქცევა, მყისვე გაჩნდება არაერთი კითხვა, რომელზე სარწმუნო პასუხის გაცემა გაჭირდება.

საერთოდ, ვაშინგტონის განცხადებათა სარწმუნოობის საკითხი განსაკუთრებით მწავედ დადგა მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა ერაყში დაბრუნებასა და მუშაობის გაგრძელებაზე უარი უთხრა გაეროს განიარაღების ინსპექტორებს. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტი ჯეფრი დონოვანი ამ თემაზე ესაუბრა პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს ფილის ბენისს.

[ფილის ბენისის ხმა] "ჩემი აზრით, სარწმუნოობის საკითხი მეტად სერიოზულად დგას. სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ ამის გამო იყო, რომ გაეროში და მის გარეთ მყოფი არაერთი ძალა ასე აქტიურად მოითხოვდა, ინსპექტორებისთვის ერაყში დაბრუნებისა და დაწყებული საქმის დამთავრების საშუალება მიეცათ."

როცა სარწმუნოობასა და დამაჯერებლობაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის პირველი პირების არცთუ დიდი ხნის წინანდელი გამოსვლები, რომლებსაც არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა მათში მოყვანილი უზუსტო ფაქტების გამო.

გავიხსენოთ: შარშან, სექტემბერში, გაეროში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ აშშ-ს მოეპოვება უტყუარი საბუთი იმისა, რომ ერაყი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს. ამის საილუსტრაციოდ პრეზიდენტმა მოიშველია ცნობა, თითქოს ბაღდადი ცდილობდა, შეეძინა ათასობით ალუმინის მილაკი, რომელიც ურანის გასამდიდრებლად გამოიყენება.

ოთხი თვის შემდეგ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა, საკითხის ღრმად შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ ურანის გამდიდრების პროცესისთვის ხსენებული მილაკები გამოუსადეგარი იქნებოდა და ვარაუდი გამოთქვეს, რომ მილაკები ჩვეულებრივი საარტილერიო რაკეტების დასამზადებლად უნდა ეხმარათ.

ავიღოთ მეორე შემთხვევა, როცა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დიდის ამბით გამოქვეყნებული, ვითომდა დაზვერვის ინფორმაციებზე დამყარებული "დოსიე" მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნებული და, ამდენად, ყველასთვის ხელმისაწვდომი ცნობების კომპილაცია გამოდგა.

ვაშინგტონის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელი ფილის ბენისი ამბობს, რომ შეერთებული შტატებისთვის, ერთი მხრივ, უაღრესად მნიშვნელოვანია, დაამტკიცოს, რომ ერაყს აკონტროლებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მან იმაზეც უნდა იზრუნოს, რომ დამაჯერებლად დაასაბუთოს თავისი განცხადებები ერაყში მიკვლეული ამა თუ იმ სამხილის შესახებ.

[ფილის ბენისის ხმა] "საკითხი, თუ რას იპოვიან ამერიკელი სამხედროები, ცხადია, არაერთ კითხვას წარმოშობს, რადგან - თავი რომ დავანებოთ სამხედრო ასპექტს - მეტად დიდია მისი პოლიტიკური მნიშვნელობა. ვაშინგტონმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართალი იყო, როცა აცხადებდა: ვიცით, რომ იქ არის მობილური ლაბორატორიები და იმის სხვა დამადასტურებელი საბუთები, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამებზე მუშაობდაო."

დაბოლოს, ისევ პენტაგონში, ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგს დავუბრუნდეთ. თავდაცვის მინისტრის თანაშემწემ სტივენ კამბოუნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოალიციის ძალებმა ერაყში არსებული 600-ზე მეტი "საეჭვო" ობიექტიდან ჯერ მხოლოდ 70-ზე ჩაატარეს სათანადო გამოკვლევა. ასე რომ, როგორც ვაშინგტონი იმედოვნებს, მოკავშირეებს ერაყში კიდევ არაერთი აღმოჩენა ელით.
XS
SM
MD
LG