Accessibility links

ჩეჩენ მებრძოლთა ექსტრადიციის საკითხი კვლავ ვერ გადაწყდა


გასული წლის ზაფხულში საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული ჩეჩნების რუსეთში ექსტრადიციის საკითხი საქართველოს სასამართლო ხელისუფლებამ ჯერაც ვერ გადაწყვიტა.

რაიონულ თუ საოლქო სასამართლოებში გაჭიანურებული პროცესების დასრულების შემდეგ საქმეში საბოლოო წერტილი უზენაეს სასამართლოს 8 მაისს უნდა დაესვა. თუმცა, განაჩენის გამოტანის ნაცვლად, სასამართლომ ახალი მტკიცებულებების განხილვა გადაწყვიტა და პროცესი 15 მაისისთვის გადადო.

მაშინ, როდესაც 3 ჩეჩენი განსასჯელი და მისი დაცვა უზენაესი სასამართლოს განაჩენს მოელოდა, სასამართლომ საქმე კვლავ განხილვის სტადიაში დააბრუნა. ამას სერიოზულ პროცესუალურ დარღვევად მიიჩნევს ჩეჩენ მებრძოლთა ადვოკატი მაკა ძამუკაშვილი:

[ძამუკაშვილის ხმა] „ჩვენ მოვითხოვეთ სასამართლოსგან, რომ მას მიეთითებინა საპროცესო კანონის შესაბამისი მუხლი, რომლის საფუძველზედაც ის ამ პროცედურას სხვაგვარი ფორმით აკეთებდა და ამაზე მივიღეთ პასუხი, რომ ექსტრადიციის პროცესი არის თავისებური განსხვავებული პროცედურა და რომ იგი დასაშვებად მიიჩნევს იმას, რომ ასეთი განსხვავებული ფორმით მოხდეს ამ პროცესის ჩატარება."[სტილი დაცულია]

უზენაესი სასამართლოს ასეთი პასუხი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენამ გამოიწვია. კერძოდ, 7 მაისს პროკურატურამ რუსეთის საკონსულოდან მიიღო დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს, რომ განსასჯელ ბეკხან მოვკოევის პასპორტი ყალბია და რომ ის გვარად ალიხაჯიევია. შეგახსენებთ: დაცვის მხარემ უზენაეს სასამართლოს ორიოდე კვირის წინ წარუდგინა მოვკოევის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. მანამდე ის ალიხაჯიევად ითვლებოდა და ექსტრადიციისთვის საჭირო ბრალდებებიც მოსკოვიდან სწორედ ალიხაჯიევის შესახებ იყო გამოგზავნილი.


მაკა ძამუკაშვილი ირწმუნება, რომ გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ოფიციალურად არაა გაფორმებული და სწორედ ეს დოკუმენტები შეიძლება იყოს ყალბი. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის პაატა მსხილაძის განცხადებით:

[მსხილაძის ხმა] „ადვოკატები, მე მგონი, ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. ოფიციალური ორგანოებიდან რაც არის წარმოდგენილი, საერთოდ აყენებენ ეჭვქვეშ. ამ წერილით ირკვევა, რომ პასპორტი არის ყალბი; აქედან გამომდინარე, ისიც ყალბია, რაც წარმოადგინეს ადვოკატებმა."

რაც შეეხება კიდევ ორი ჩეჩნის ექსტრადიციის საქმეს, გელოგაევის ბედის გადაწყვეტა საოლქო სასამართლოში ლტოლვილის სტატუსის საკითხის გარკვევაზეა დამოკიდებული. მას ეს სტატუსი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ შეუჩერა და, თუ როგორ, ეს მინისტრის მოადგილის ოთარ ყეენიშვილის განცხადებიდან ჩანს:

[ყეენიშვილის ხმა] „7 თვის განმავლობაში აღარ გამოჩნდა, აღარც პანკისის ხეობაში იყო და არსად არ იყო. ამან წარმოშვა ვარაუდი იმისა რომ ის არ არის საქართველოში. ამ დროს ჩვენ მივიღეთ წერილი ძალოვანი სამინისტროებიდან, რომ მას აქვს არაპოლიტიკური სახის კრიმინალური დანაშაულებები. ამის საფუძველზე, კანონის თანახმად, მოეხსნა ეს სტატუსი."

გაცილებით უკეთაა მესამე ჩეჩნის ალხანოვის საქმე. იგი ლტოლვილადაა აღიარებული და თუმცა მთაწმინდის სასამართლომ მისი ექსტრადიცია შეუძლებლად მიიჩნია, გენერალურ პროკურატურას ესეც გასაჩივრებული აქვს უზენაეს სასამართლოში.

ამ ურთულესი საქმეების განხილვა უზენაეს სასამართლოში 15 მაისს გაგრძელდება და არავინ იცის, როდის შედგება 8 მაისს გადადებული განაჩენის მოსმენა 3 ჩეჩნის რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე.
XS
SM
MD
LG