Accessibility links

logo-print

"ეროვნების გრაფის" ბედი საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე გაწელილი პროცესი შეიძლება დასასრულს მიუახლოვდეს: დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს შესწორება კანონში მოქალაქეთა რეგისტრაციის შესახებ.

საქმე ეხება ყბადაღებულ "ეროვნების გრაფას", რომლის სახეცვლილ ვარიანტს ხუთშაბათს, 8 მაისს, განიხილავდნენ. რა გამოვიდა ამ განხილვიდან?

საკითხის ისტორია დაინტერესებულ პირთათვის ცნობილია: ეს კანონი საქართველოს პარლამენტმა 1997 წლის ივნისში მიიღო. 1999 წლის იანვარში დეპუტატ შარაძეს, რომელსაც კანონისთვის ხმა ჰქონდა მიცემული, გაახსენდა, რომ, კანონის ძალით, პირადობის მოწმობაში აღარ შეჰქონდათ ეროვნების გრაფა. სწორედ ამ დროიდან იწყება სრულიად უსაგნო ისტერია თემაზე, გვართმევს თუ არა პარლამენტი ეროვნებას, ვიცით თუ არა ამ კანონის მიღების შემდეგ, ვინ ვართ ჩვენ და ა.შ.

ეროვნების გრაფის ფანტომური პრობლემა კარგი საშუალება გამოდგა სხვა, ნამდვილი პრობლემების მისავიწყებლად. ადამიანები, რომელთაც არც კი აეღოთ პირადობის მოწმობები, ან მხოლოდ შარაძის მითითების შემდეგ ჩაიხედეს საბუთში და წარწერის "ეროვნება" გასწვრივ ტირე დაინახეს, შეშფოთდნენ: ეგებ მართლა ვკარგავთ ჩვენ ეროვნულ თუ ეთნიკურ იდენტობას? ამ შეშფოთების "დუღილის ტემპერატურაზე" შენარჩუნებას წლების მანძილზე ხელს უწყობდნენ ცნობილი მოღვაწეები, მიუხედავად იმისა, რომ პირადობის მოწმობა მხოლოდ ქართულ ენაზე იყო შედგენილი და თუნდაც ამით საერთოდ ხსნიდა პრობლემას, რომელ ერს, რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა მისი მფლობელი.

ხანგრძლივი და წყვეტილი დისკუსიების შემდეგ საკითხის რეანიმირებიდან მეხუთე წელს პარლამენტში წარადგინეს ორი შესწორება: პირველი, დეპუტატ ბესიკ ლაგვილავას პროექტი მოქალაქეს, დაინტერესებისა და მოთხოვნის შემთხვევაში, აძლევდა უფლებას მიეღო სახელმწიფოს მიერ დადასტურებული ცნობა თავისი ეთნიკური (თუ ეროვნული) წარმომავლობის შესახებ. რაც შეეხება ოფიციალურ საბუთებს, არც ერთ მათგანში (ანუ არც დაბადების მოწმობასა და არც პირადობის მოწმობაში) ასეთი ჩანაწერი არ იქნებოდა. ამ ვარიანტის გაცნობისას დეპუტატებმა გურამ შარაძემ და რევაზ მიშველაძემ უკიდურესად აიღელვეს თავი და სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს ლაგვილავას პროექტს. შესწორების მეორე პროექტი კი გულისხმობს ასეთ ჩანაწერს დაბადების მოწმობაში: ეროვნება/მოქალაქეობა: ქართული. ეს თითქოს კომპრომისული ვარიანტია და გზაა სამოქალაქო შეგნების განმტკიცებისაკენ, როცა ადამიანი რომელი ქვეყნის მოქალაქეცაა, იმ ქვეყნის ერის წარმომადგენლად აღიქვამს თავს. მაგრამ ბედი ამ შესწორებასაც არ აღმოაჩნდა: მართალია, დეპუტატებმა კენჭი უყარეს და მიიღეს კიდეც, გამოირკვა, რომ ხმის მიცემისას ხალხის რჩეულნი, რომ იტყვიან, პულტებით მანიპულირებდნენ. კენჭისყრის კანონიერებასა და სანდოობას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს. პირველ მოსმენას თუ დარბაზში არმყოფმა დეპუტატებმაც შეაწიეს ხმები, ადვილი შესაძლებელია, კენჭისყრის შედეგები გაუქმდეს. ასეთ შემთხვევაში გარკვეულ (ან ეგებ გაურკვეველ) დრომდე იმოქმედებს კანონი, ამ 6 წლის წინათ რომ მიიღეს და რომლის ძალითაც, თუ დავუკვირდებით, არც ერთ ჩვენგანს ეროვნება არ დაუკარგავს.
XS
SM
MD
LG