Accessibility links

logo-print

ძალადობის ფენომენი ქართულ სინამდვილეში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 8 მაისი, კრიმინალური თვალსაზრისით, თბილისში საკმაოდ რთული აღმოჩნდა. დილით ქალაქის ცენტრში, სასტუმრო აჭარასთან, ცეცხლი გაუჩნდა მანქანას; შუადღისას ყოფილი იმელის შენობაში სროლის ხმა გაისმა.

პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლის საკითხს აყენებს, რათა გაირკვეს, რა ხდება თბილისში.

სასტუმრო "აჭარასთან" მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თბილისში სწრაფად გავრცელდა. საქმე ის გახლავთ, რომ მანქანის პატრონი, სავაჭრო კომპლექს "მორკინალის" ერთ-ერთი მფლობელი ჯონი გიგანი პარლამენტარისა და პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის სიძეა. საბედნიეროდ, მანქანის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია: მანქანაში მყოფმა პირებმა ცეცხლის გაჩენისთანავე მოახერხეს მანქანიდან გადმოსვლა. მანქანა - "ტოიოტას" მარკის "ჯიპი" - მთლიანად დაიწვა. ამ წუთისთვის არსებული მონაცემებით, გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი" და დისტანციური მართვის პულტი. პოლიციამ საკმაოდ ოპერატიულად დააკავა ამ დანაშაულში ეჭვმიტანილი, თავადაც პოლიციის თანამშრომელი, ალექსანდრე მაისურაძე. კოლეგის დაკითხვა ისეთ " ახლობლურ" ვითარებაში წარიმართა, რომ დაკავებული მაისურაძე დღის ბოლოს მე-9 საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში აღმოჩნდა. წინასწარი ცნობებით, გიგანზე თავდასხმის მიზეზი ბიზნესს უკავშირდება.
წინასწარი ინფორმაციითვე, ასევე ბიზნესს უკავშირდება ეკონომიკის საკითხებში აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწის ომარ გოგიას ცემის ფაქტი. გოგია საკუთარ კაბინეტში, ყოფილი იმელის შენობაში, სამმა მამაკაცმა გალახა. მას თავი აქვს გატეხილი, რის გამოც გოგია მე-9 საავადმყოფოს ზოგადი ქირურგიის განყოფილებაშია გადაყვანილი. დაჭრილია ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც მოგერიების მიზნით გოგიამ ტაბელური იარაღით ესროლა.
ეს ამბები 8 მაისს, ალბათ, არ მოხდებოდა, თავის დროზე მსგავსი შემთხვევები ბოლომდე რომ გამოძიებულიყო და დამნაშავეები დასჯილიყვნენ. სამწუხაროდ, დღემდე გაუხსნელია მკვლელობის საქმე საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის ძმის, გურამ თევზაძისა, რომელიც ასევე დისტანციური მართვის პულტის გამოყენებით საკუთარ მანქანაში იქნა მოკლული. ასევე გამოუძიებელია, თუ რა მოხდა ამ ერთი წლის წინათ ყოფილი "იმელის" შენობაში, როცა პოლიტიკოსთა ერთი ჯგუფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შეიჭრა. ტელეოპერატორების კამერებმა აღბეჭდეს, რომ შეჭრილთაგან რამდენიმეს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
სამწუხაროდ, დაუსჯელობა საქართველოში ძალადობის სინდრომს ნოყიერ საფუძველს უქმნის. მიუხედავად ხელისუფლების და პოლიტიკოსების განცხადებებისა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, თანასწორობის ეს პრინციპი მხოლოდ ვერბალურ აღიარებად რჩება, რაც, საბოლოოდ, ქვეყანაში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.
XS
SM
MD
LG