Accessibility links

logo-print

9 მაისი, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების დღე, საქართველოშიც აღინიშნა


9 მაისი, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღე, თბილისში, ტრადიციულად, ვაკის პარკში აღინიშნა, ყოფილ გამარჯვების პარკში, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლი კარგა ხნის წინ ჩაქრა.

ქართველმა ომის ვეტერანებმა ფაშისტურ გერმანიაზე კომუნისტური იმპერიის გამარჯვების დღეს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი უცნობი ჯარისკაცის საფლავს, ერთმანეთი მოინახულეს, ერთმანეთს საერთო პრობლემებზე ესაუბრნენ, პრეზიდენტის მისასალმებელ სიტყვაში მათდამი დაპირებები მოისმინეს და დაიშალნენ. სად და რისთვის იბრძოლეს მათ, რა ფასად დაუჯდა საქართველოს 1945 წლის 9 მაისი და რატომ არის ეს დღე დღესასწაული ამ ომის მომსწრეებისთვის?


საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, - საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, - გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან. ამ ადამიანებს ცხოვრების დიდი ნაწილი საბჭოთა სინამდვილეში დარჩათ, ტოტალიტარულ ეპოქაში, რომელმაც სტალინისა და სამშობლოსთვის მსხვერპლის გაღება უკარნახა და გააღებინა კიდეც - გმირულად, გულწრფელად, რწმენით, რომ საკუთარ სამშობლოს, საკუთარ ოჯახებს იცავდნენ.

მეორე მსოფლიო ომში, როცა ერთმანეთს ორი ბოროტება ებრძოდა, საქართველომ, სტალინის სამშობლომ, პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია, თუმცა ეს დღე საქართველოში ძველებური პომპეზურობით კარგა ხანია აღარ აღინიშნება. წლევანდელ 9 მაისს ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა და, ბევრს თუ ვერაფერს, იმას მაინც შეჰპირდა, რომ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე მარადიული ცეცხლი ისევ ენთება. პრეზიდენტი ომის ვეტერანებს ერაყის ომზე და ანტიერაყულ კოალიციაში საქართველოს როლზეც ესაუბრა და მალევე გამოემშვიდობა. ვეტერანებმა კი, სანამ ერთამანეთს მომავალ 9 მაისამდე დაემშვიდობებოდნენ, ომი, ამ ომში დაკარგული მეგობრები, 1945 წლის 9 მაისი გაიხსენეს და ერთმანეთს დღევანდელი სატკივარი, დღევანდელი პრობლემებიც გაუზიარეს.
მე რამდენიმე მათგანს გავესაუბრე :

[ ვეტერანების ხმები]

"ვინც ვიბრძოდით ამ ომში, მეტნი ქართველები ვიყავით, ამითი ვამაყობთ და გვეამაყება, რომ გადავრჩით და დღეს ვდგევართ დემოკრატიის გზაზე."


"მე ქერჩში ვიბრძოდი. იქ ქართველების დივიზია იყო. მოგვაწვნენ და წყალში გადავცვივდით. ცურვა ვიცოდი კარგად და იმან გადამარჩინა."

"მე ვიბრძოდი სამხრეთ-დასავლეთის ფროტზე. ჩვენს 202-ე პოლკში ქართული სიმღერა გუგუნებდა, იმდენი ვიყავით იქ. "

"ერთადერთი ვარ საქართველოდან, ვინც ასეულის მეთაური ვიყავი "კატიუშაზე". ვარ გეოლოგიის დამსახურებული მუშაკი, დამსახურებული პენსიონერი. ვიყავი, ახლა აღარაფერი აღარ ვარ. ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო, შვილო... "

ქართველ ვეტერანებს სალაპარაკო, მართლაც, ბევრი აქვთ და არამარტო ომზე და იქ დაკარგულ ასიათასობით თანამემამულეზე. სალაპარაკო აქვთ იმაზეც, რომ სახელმწიფო მათ კეთილდღეობას სიბერეში, დამოუკიდებელ საქართველოშიც ვერ უზრუნველყოფს. 9 მაისი მათი გამარჯვების დღეა, ამავდროულად, იმ ქართველების დამარცხების დღე, რომლებიც საპირისპირო მხარეს კომუნიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ამდენად, ომის ვეტერანები, ალბათ, არ გვიწყენენ, თუ ვიტყვით, რომ ეს დღე ჩვენთვის ისტორიის გააზრების დღე უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG