Accessibility links

შევარდნაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ერაყის ბედზე ჩააფიქრა


ფაშიზმზე გამარჯვების 58-ე წლისთავს მსოფლიო განსხვავებულ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებაში შეხვდა: ერაყის პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის გადაწყვეტილებამ მეორე მსოფლიო ომის

შემდგომი ტრადიციული მოკავშირეები ერთმანეთს დააშორა. სამაგიეროდ, ბევრი ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყანა, მათ შორის, საქართველოც ანტიტერორისტული კოალიციის რიგებში აღმოჩნდა და სულ მალე სამხედრო მედიკოსთა პირველ ბრიგადასაც გაგზავნის ბაღდადში. სწორედ საერთაშორისო კონიუნქტურის გავლენით, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გამარჯვების პარკში გამართულ 9 მაისის საზეიმო მიტინგზე უფრო მეტს ერაყის გათავისუფლებაზე ლაპარაკობდა, ვიდრე ბერლინის აღების მნიშვნელობაზე.


საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო კონიუნქტურას ინტუიციით გრძნობს. ორი წლის წინ საქართველოს ლიდერმა, რომლის განკარგულებაში არც ერთი ფრთოსანი რაკეტა არ არის, ერთ-ერთმა პირველმა დაუჭირა მხარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, გასულიყო 70-იან წლებში საბჭოთა კავშირთან დადებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან. შემდეგ იყო ტერორისტებისაგან დანგრეული სავაჭრო ცენტრის მონახულება ნიუ-იორკში და ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებული ფრონტით ბრძოლის ინიციატივის მხარდაჭერა, დაბოლოს, საქართველოს გაერთიანება ანტიერაყულ კოალიციაში. ამ ნაბიჯებით ედუარდ შევარდნაძე კიდევ უფრო დაშორდა რუსეთის ორბიტას და დაუახლოვდა დასავლეთს, უფრო ზუსტად, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომლის დახმარება საქართველოს სტაბილურობის მთავარი გარანტია. ამიტომ ბევრისმნახველ ომის ვეტერანებს სრულიადაც არ გაჰკვირვებიათ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ისეთივე პათოსით ლაპარაკობდა პროგრესული ძალების მიერ 58 წლის წინ ფაშიზმის დამარცხებაზე, როგორც სადამ ჰუსეინის დიქტატურის დამხობასა და ერაყის გათავისუფლებაზე.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერაყელ ხალხს ამ სასტიკი რეჟიმისგან საბოლოოდ განთავისუფლებაში, ქვეყნის აღდგენასა და აღორძინებაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ასეთი გამორჩეული და ნათელი პოზიციისათვის, ჩვენ მხარს გვიჭერენ ჩვენი მეგობრები დასავლეთში, აღმოსავლეთში, რუსეთში და სხვა ქვეყნებში."

ედუარდ შევარდნაძე ვარაუდობს, რომ ტერორიზმისგან მსოფლიოს გათავისუფლების შემდეგ, ანდა მის პარალელურად, პროგრესული ძალები ასევე იზრუნებენ აგრესიული სეპარატიზმის პრობლემის მოგვარებაზე და აიძულებენ სეპარატისტულ რეჟიმებს დატოვონ ისტორიის ასპარეზი. გაგრიდან დევნილი ომის ვეტერანის სალომე თავართქილაძისთვის საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებას ოპტიმიზმის გრძნობა არ გაუძლიერებია. თუმცა ომგადახდილ ქალბატონს, რომელიც 1941 წელს ჩვიდმეტი წლის ასაკში ჩაება ყველაზე სასტიკ ომში, კარგად ესმის იმ ქართველი სამხედროების ენთუზიაზმისა, რომლებიც ხალისით მიდიან საერთაშორისო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მიაღებად.

[სალომე თავართქილაძის ხმა] "კი, წავალ, რატომ არ წავალ? რაკიღა ასეა საქმე და გავევროპელდით, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, სხვა საშველი არა გვაქვს. თან კიდევ ფულიც მექნება."

ვეტერანი თამაზ გვასალია, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა უმრავლესობის მსგავსად, ურყევი სტალინელია, მაგრამ იგი ფიქრობს, რომ ადამიანი, რომელიც მშვიდობისთვის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძვის, ამით ყველაზე დიდ საუნჯეს - საკუთარ ოჯახს და საკუთარ ქვეყანას იცავს.

[თამაზ გვასალიას ხმა] "როგორ არ წავიდოდი? ჩვენი სახელმწიფოსთვის რასაც გვიბრძანებდნენ - შევასრულებდი, როგორც საბჭოთა კავშირის ჯარში ვასრულებდი. მე არ მეკითხებოდნენ, გინდა თუ არა წახვიდეო. მივდიოდი."

გლობალურ ანტიტერორიზმსა და ერაყის გათავისუფლებაში საქართველოს როლზე საუბარს ედუარდ შევარდნაძე უფრო ვრცლად 10 მაისს მიუბრუნდება, როდესაც რესპუბლიკის მოედანზე ამერიკელების მიერ გაწვრთნილი მეორე ანტიტერორისტული ქვედანაყოფის ფიცის მიღების ცერემონია გაიმართება.
XS
SM
MD
LG