Accessibility links

როგორ სოციალურ პირობებში ცხოვრობენ მეორე მსოფლიო ომის ქართველი ვეტერანები


გასულ წელს 9 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში მისულ საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა ვეტერანმა გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის შესახებ შესჩივლა.

მაშინ შევარდნაძემ ხელი პარლამენტის თავმჯდომარისკენ გაიშვირა და ომის ვეტერანების საპენსიო დავალიანების გასტუმრებაზე პასუხისმგებლად ნინო ბურჯანაძე დაასახელა. ბურჯანაძემ ეს ვალდებულება იტვირთა. რა შეიცვალა მას შემდეგ?

გასული წლის 9 მაისის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოლიტიკური ორიენტირები შეიცვალა და, შესაბამისად, შეიცვალა დამოკიდებულება 1 წლის წინ ნაკისრი ვალდებულებების მიმართაც. 9 მაისს ომის ვეტერანებისათვის გამართულ მიღებაზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ომის ვეტერანთა სოციალური დახმარებების თაობაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი:

[ბურჯანაძის ხმა] „ბუნებრივია, ეს ადამიანები ბევრად უფრო მეტ შეღავათებს იმსახურებენ. ჩვენ ძალიან ბევრი ვარიანტი გვაქვს, მაგრამ მუდმივად აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არის პასუხი, რომ არ არის ამის საშუალება. თუ დროზე არ გავაკეთეთ, ეს ადამიანები ყოველ წელს, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო ცოტანი რჩებიან."

ამჟამად საქართველოში 36 ათასამდე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ცხოვრობს. მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირია და 45 ლარიან პენსიას იღებს. ხოლო ვეტერანი სამხედრო პირებისა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების პენსია 80-დან 200 ლარამდე მერყეობს. ბოლო 1 წლის მანძილზე საქართველოს კანონმდებლობაში ერთადერთი ცვლილება, რასაც ომის ვეტერანებმა საკუთარი ძალებით - საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილით - მიაღწიეს, ელექტროენერგიის გადასახადის კომპენსაციის გაზრდაა.


სხვა შეღავათებს რაც შეეხება, სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ვეტერანთა კომუნალური გადასახადების 50 %-ს და აძლევს მათ უფასო მგზავრობის საშუალებას. თუმცა, საქართველოს ბიუჯეტის პრობლემებიდან გამომდინარე, ომის მონაწილენი დაგვიანებით ან სულაც ვერ იღებენ მათთვის განკუთვნილ თანხებს. შესაბამისად, უცვლელი რჩება მათი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ.

[ომის ვეტერანის ხმა] „ეს ყველაფერი არის, უხერხულია, მაგრამ სიცრუე, რასაც ჩვენი პრეზიდენტი ლაპარაკობს. არსად ისე არ ეპყრობიან ომის მონაწილეებს, რომლებმაც მსოფლიო იხსნეს შავი ჭირისაგან, როგორც ეპყრობა ჩვენი საქართველოს მთავრობა, მისი მეთაური."

მე გავესაუბრე ომის კიდევ ერთ ვეტერანს, მოსე მდინარაძეს, რომელიც სამხედრო სფეროში 39 წელი მსახურობდა და ამიტომ სხვებისგან განსხვავებული, მაღალი, 108 ლარიანი, პენსია აქვს.

[მოსე მდინარაძის ხმა] „არ არის საკმარისი. ცოტა მეტი უნდა იყოს, ცოტა მეტი უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ძალა, ენერგია შევალიეთ სამშობლოს სამსახურს. ასე რომ, ცოტა მეტი უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ შეგვეძლოს ცოტა თუ მეტად ხალვათად ვიცხოვროთ."[სტილი დაცულია]

ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების გულის მოსანადირებლად მხოლოდ ის მოახერხა, რომ აპრილის თვის პენსიების მობილიზება 7 მაისისთვის შეძლო. როგორც წესი, პენსიები 1 ან 2 თვითაც კი იგვიანებს ხოლმე.
XS
SM
MD
LG