Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელია თუ არა საგანგებო მდგომარეობა


დავით პაიჭაძე, თბილისი ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოსაღებად ხელისუფლების მზადების შესახებ ბუნებრივად წარმოშობს კითხვას:

როგორ უნდა მიიღოს ის საზოგადოებამ - როგორც გაფრთხილება თუ როგორც წინასაარჩევნო ტაქტიკური სვლა?

პოლიტიკოსთა ასეთი განცხადებების წაკითხვა-ინტერპრეტაციას წინასაარჩევნო პერიოდი აადვილებს. განცხადების ავტორი არც ერთ შემთხვევაში არ აგებს: თუ მისი სიტყვები ახდა, ის მცოდნედ და შორსმჭვრეტელად გამოჩნდება, თუ არ ასრულდა, მაშინ იტყვის, რომ მის გამოსვლას პროფილაქტიკური ეფექტი ჰქონდა, ამით თავიდან იქნა აცილებული გართულება, ან ხელისუფლებამ ვეღარ გაბედა და ა.შ. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, მართლა რამდენად არის შესაძლებელი, ხელისუფლებამ, არჩევნების გადადების მიზნით, გაამწვავოს ვითარება ქვეყანაში და საგანგებო მდგომარეობა შემოიღოს;

დავით გამყრელიძემ განცხადების არგუმენტირებისას ახსენა ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი უკრაინაში და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, როგორც ნიშანი იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ემზადება პროდასავლური კურსიდან გადახვევისათვის. არადა, უკრაინაში შევარდნაძემ უპრეცედენტო რამ მოითხოვა - საქართველოს ნატოში მიღების დაჩქარება, ხოლო ქამალ ხარაზის ამასწინანდელ სტუმრობას თბილისში წარმატებულს ვერ უწოდებ: მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროექტებს, სახელდობრ, რეგიონალური უსაფრთხოების კონცეფციას და ირანული გაზის საქართველოს გავლით ტრანსპორტირების იდეას საქართველომ უარი შეაგება. გარდა ამისა, ცხადი იყო, რომ სუუამის რეანიმირებაზე ლაპარაკს ვერ დაიწყებდა გაერთიანების წევრი ვერც ერთი ქვეყნის პრეზიდენტი, კონკრეტული მხარდაჭერის იმედი რომ არ ჰქონოდა: აკი ხუთშაბათს გავრცელდა კიდეც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვილაიათ გულიევის განცხადება, რომ სუუამის წევრ ქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატები 46 მილიონ დოლარს გამოუყოფს, გრანტის სახით, რეგიონალური თანამშრომლობის პროექტებისათვის.

ასე რომ, დავით გამყრელიძის არგუმენტებში "საერთაშორისო პოლიტიკური" შემადგენელი არცთუ დამარწმუნებელია. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკურ რესურსებს საგანგებო მდგომარეობის არა მარტო გამოსაცხადებლად, არამედ შესანარჩუნებლად, აქაც შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას ეჭვის თვალით შეხედო: ზომები, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა რომ ჩამოთვალა, - კრიმინოგენური და პოლიტიკური სიტუაციის ხელოვნური გამწვავება, მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების, მათ შორის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და მოქალაქის დაპატიმრების გაიოლება, - გულისხმობს ხელისუფლების უნარს, არსებითად შეცვალოს მმართველობის სტილი და დიქტატორული რეჟიმი დაამყაროს. საქართველოს მოქალაქენი არაერთხელ დარწმუნებულან, რომ ხელისუფლებას ეს უნარი არ გააჩნია, თუნდაც ამის სურვილი ჰქონდეს. ის პასუხს ვერ სთხოვს აშკარად კორუმპირებულ მოხელეებს, ე.წ. კანონიერ ქურდებსა და რელიგიურ ექსტრემისტებსაც კი, რადგან სწორედ ხალხის უკმაყოფილების გამოწვევისა და ვითარების გამწვავების ეშინია და, მით უმეტეს, არ შეეცდება მრავალმხრივი შეზღუდვების განხორციელებას საგანგებო მდგომარეობის მეშვეობით.

დაბოლოს: გამყრელიძის განცხადებას საფუძველი რომ სუსტი აქვს, იქიდანაც ჩანს, რომ ხელისუფლებამ მას გასაბათილებლად არა რომელიმე მძიმე არტილერია, არამედ მსუბუქი კავალერია დაუპირისპირა, ირინა-სარიშვილი ჭანტურიას სახით.
XS
SM
MD
LG