Accessibility links

logo-print

ნატოს მომავალი წევრები აშშ-ის სენატის ერთსულოვან მხარდაჭერას ზეიმობენ


ხუთშაბათს აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში აღმოსავლეთ ევროპის შვიდი ახალი სახელმწიფოს გაწევრიანებას. ამერიკელი სენატორების ერთსულოვნებას ახალი

წევრების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები სიხარულით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ იმუშავებენ ტრანსატლანტიკური ერთობის აღდგენისთვის.
ევროპის შვიდი სახელმწიფოს - ბულგარეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის, სლოვენიისა და სლოვაკეთის -საგარეო საქმეთა მინისტრებმა კენჭისყრის შემდეგ გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც ყველას სახელით გამოვიდა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტანას ვილიონისი: [ვილიონისის ხმა] "ეს არის სამართლიანობის მომენტი, სიხარულის მომენტი ყველა თავისუფალი ქვეყნისთვის, აშშ-ისა და ნატოელი მოკავშირეების ჩათვლით, მათთვის, ვინც ძალა არ დაიშურა ამის მისაღწევად".

აქვე გეტყვით, რომ სენატის ყველა დამსწრე წევრმა ხმა მისცა გაფართოებას. კონსტიტუციის თანახმად, ამგვარ შეთანხმებებს სენატი, კონგრესის ქვედა პალატა, ამტკიცებს ხოლმე. ნატოს გაფართოებას ესაჭიროება მისი ყველა წევრის კანონმდებელთა დასტური. 18 წევრიდან სამს - შშ-ს, კანადასა და ნორვეგიას - უკვე გამოთქმული აქვს თანხმობა. დანარჩენები ასევე დაამტკიცებენ გაფართოებას მომავალში და 2004 წლის მაისისთვის ალიანსი ოფიციალურად მიესალმება კიდევ 7 წევრს. სენატის შემდგომ მინისტრები თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს შეხვდნენ. მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამოსვლისას ბუშმა განაცხადა, რომ ნატოს ახალი წევრები ალიანსს კიდევ უფრო გააძლიერებენ. მანვე თქვა, რომ შუა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს თავისუფლების მოპოვების იმედმა დააძლევინა ტირანია და გადაატანინა ომების ტრაგედია. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ეს ქვეყნები ისტორიაში დარჩებიან სიძლიერისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის მაგალითად.
ნატოს მომავალი წევრების საგარეო უწყებათა ხელმძღვანელებმა - მათი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ ვაშინგტონის პოლიტიკას ერაყში - გამოაცხადეს, რომ ისინი აპირებენ ახალი სული შთაბერონ ალიანსს იმ დროს, როცა ის ტერორიზმს ებრძვის და როდესაც აშშ-ის მიერ ძალის გამოყენების მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა. მინისტრების განცხადების თანახმად, მათ ნატოსთვის "მორალური სიცხადის" მინიჭება სურთ. რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მირჩა ჯოანამ თქვა [მირჩა ჯოანას ხმა]: "ნატოს დანიშნულებაზე მსჯელობა არ გვსურს. ჩრდილოატლანტიკურ არეალში ცივი ომისა და 11 სექტემბრის შემდგომ ხანაში მისი მნიშვნელობა და როლი უსაფრთხოების დაცვის საქმეში ეჭვს არ იწვევს". ამ შვიდმა სახელმწიფომ თებერვალში წერილი მისწერა აშშ-ს და ერაყის მიმართ პოლიტიკაში თანადგომა გამოუცხადა. წერილს, რომელსაც ხელი მოაწერეს, ასევე, ალბანეთმა, ხორვატიამ და მაკედონიამ, განხეთქილება მოჰყვა, ერთი მხრივ, ამ ქვეყნებსა და, მეორე მხრივ, საფრანგეთსა და გერმანიას შორის. ვაშინგტონში ჩასულმა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი ერაყში ომის მოწინააღმდეგე ქვეყნებთან, ნატოს ძველ წევრებთან, საფრანგეთსა და გერმანიასთან, აშშ-ის ურთიერთობის აღდგენასაც მიხედავენ. ნატოს ახალი წევრების წარმომადგენლებმა იმაზეც ილაპარაკეს, რომ ისინი უსაფრთხოებისთვის აქტიური მზრუნველებიც იქნებიან და, ამასთანავე, უსაფრთხოების სიკეთის მომხმარებლებიც. ვაშინგტონში ხუთშაბათს ისიც ითქვა, რომ ალიანსის გაფართოება უნდა გაგრძელდეს. ამერიკის პრეზიდენტმა მინისტრებთან შეხვედრაზე თქვა, რომ ემხრობა ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის სამომავლო შესვლას ალიანსში. შეგახსენებთ, რომ ნატოს პირველი გაფართოება 1999 წელს მოხდა. მაშინ ალიანსმა პოლონეთს, ჩეხეთსა და უნგრეთს გაუღო კარი.
XS
SM
MD
LG