Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ბუშმა თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა შესთავაზა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს


ანდრო ეული, პრაღა პარასკევს, სამხრეთი კაროლინის შტატის უნივერსიტეტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონა, რომელშიც აშშ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები გაერთიანდებიან,

ხელს შეუწყობს ამ რეგიონში მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას, აგრეთვე კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ისრაელსა და პალესტინელებს შორის.


ბუშის თქმით, მაჰმადიანურ სამყაროში სულ უფრო მატულობს თავისუფლებისკენ სწრაფვა. შეერთებული შტატების პრეზიდენტს მიაჩნია, რომ თავისუფლების გარეშე მაჰმადიანური სამყარო თავს ვერ დააღწევს სიღატაკეს, რაც თავის მხრივ, ექსტრემიზმის აღზევებას იწვევს.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნება შეერთებულ შტატებსა და იმ არაბულ ქვეყნებს შორის, რომლებიც ანხორციელებენ რეფორმებს, ებრძვიან კორუფციასა და ტერორიზმს, იცავენ საკუთრებასა და ქალთა უფლებებს და სათანადო პირობებს ქმნიან ინვესტიციისთვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ჩაფიქრებული პროექტი შესაძლოა ათ წელიწადში განხორციელდეს, თუ ამასობაში, მშვიდობა დამყარდება პალესტინელებსა და ისრაელს შორის.

თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად დაეხმარება ბუშის ეს ინიციატივა სახელმწიფო მდივანს კოლინ პაუელს "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის განხორციელებაში. ამ გეგმის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად, რასაც პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება უნდა მოჰყვეს 2005 წელს, ურთიერთდათმობებზე უნდა წავიდნენ როგორც პალესტინელები, ასევე ისრაელიც.

მაგრამ ისრაელს არ სურს დათმობებზე წასვლა და იმის წინააღმდეგიცაა, რომ დადგინდეს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების თარიღი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი მოითხოვს, რომ ვიდრე ისრაელი წავიდოდეს რაიმე დათმობაზე, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობამ ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთოს პალესტინელ ექსტრემისტთა თარეში.

პრეზიდენტმა ბუშმა, სამხრეთ კაროლინელი სტუდენტების წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ პასუხისმგებლობა აკისრია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში დაპირისპირებულ ყველა მხარეს, და რომ ისრაელმა უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ტანჯვას შეუმსუბუქებდა პალესტინელებს [ჯორჯ ბუშის ხმა]: "თუ პალესტინელი ხალხი კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგავს ტერორის აღსაკვეთად, გააგრძელებს მშვიდობის, რეფორმებისა და დემოკრატიის მიმართულებით სვლას, მაშინ ეს ხალხი და მთელი მსოფლიო დაინახავს, როგორ აღიმართება პალესტინის დროშა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნის თავზე". პრეზიდენტმა ბუშმა განაგრძო:

"და სამშვიდობო პროცესში მიღწეულ პროგრესთან ერთად, ისრაელმა ახალდასახლებათა მშენებლობა უნდა შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არაბულმა ქვეყნებმა ბრძოლა უნდა გამოუცხადონ ტერორიზმის ყოველგვარ გამოვლინებას, და თან აღიარონ და ყველას გასაგონად განაცხადონ, რომ ისრაელს, როგორც ებრაულ სახელმწიფოს უფლება აქვს იარსებოს და მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს თავის მეზობლებთან".

მაგრამ, პალესტინელთა ავტონომიის ახალი პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი რთული არჩევანის წინაშეა. ავტონომიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ვიდრე ისრაელის ჯარს ოკუპირებული აქვს პალესტინელთა დასახლებული პუნქტები, შეუძლებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ანტიისრაელური გამოსვლების აღკვეთა.

უფრო მეტიც, როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, აბასი ვერ მიიღებს ამ გამოსვლების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს, ვინაიდან ამან შესაძლოა სამოქალაქო ომი გამოიწვიოს ექსტრემისტებთან, რომლებიც "საგზაო რუკის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგი არიან და აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმას.

შეგახსენებთ, რომ მაჰმუდ აბასის დანიშვნა პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრად პრეზიდენტ ბუშის მოთხოვნამ განაპირობა მნიშვნელოვანწილად. ბუშმა თქვა, რომ ტერორმა საბოლოოდ შელახა პალესტინელთა ლიდერის იასირ არაფატის რეპუტაცია.
XS
SM
MD
LG