Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი გაეროს თანხმობას მოითხოვს ერაყში მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტის განსათავსებლად


ანდრო ეული, პრაღა ერაყში ვითარების სტაბილიზაციის მიზნით დაგეგმილი მრავალეროვანი სამშვიდობო სამხედრო შენაერთის შექმნა შესაძლოა დაყოვნდეს, ვინაიდან ამ იდეის ერთ-ერთი ინიციატორი, პოლონეთი, ახლა აცხადებს,

რომ ერაყში ხსენებული სამშვიდობო ძალების განსათავსებლად გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვა იქნება საჭირო. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლოდიმიერჟ ჩიმოშევიჩმა ამის შესახებ ორი დღის წინ განაცხადა ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელთან მოლაპარაკების შემდეგ.

"მიგვაჩნია, რომ ერაყში მრავალეროვანი ძალების განსათავსებლად უშიშროების საბჭოს სათანადო რეზოლუციის მიღებაა საჭირო. ვფიქრობ უახლოეს დღეებში გადაიდგმება ნაბიჯები ამგვარი რეზოლუციის მისაღებად" - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კოლინ პაუელმა, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, ერაყის კრიზისში შეერთებულ შტატებთან თანადგომისთვის ქებით მოიხსენია პოლონეთი.

"სიამოვნებით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ პოლონეთი კვლავაც პასუხისმგებლობით მოეკიდა თავის მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობს რეკონსტრუქციისა და ჰუმანიტარული დახმარების უწყების საქმიანობაში, ერაყში" - განაცხადა კოლინ პაუელმა.

ჩიმოშევიჩმა, თავის მხრივ, ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდა, ასევე ჩაერთონ ერაყის აღდგენის საქმეში [ვლოდიმიერჟ ჩიმოშევიჩის ხმა]: "ჩვენ რაც შეიძლება მეტი უცხოელი პარტნიორი უნდა მოვიწვიოთ და გავამხნევოთ კიდევაც, შემოგვიერთდნენ ერაყში, და პოლონეთი მეტად დაინტერესებულია, რომ ასეც მოხდეს. ჩვენი სურვილია, რომ ჩვენთან ერთად რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარტნიორმაც მიიღოს ამ აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა".

პოლონელი მინისტრის ეს განცხადება, მიმომხილველთა აზრით, დასაწყისი უნდა იყოს დიპლომატიური მცდელობისა იმ მიზნით, რათა გაეროს სანქციით მოხდეს ერაყში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსება. სადამ ჰუსეინის დამხობა და ერაყის ოკუპაცია ხომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ინიციატივით მოხდა, რამაც განხეთქილება გამოიწვია ნატოს კავშირში. ახლა ვაშინგტონის ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყის მიმართ მიიღოს ახალი რეზოლუცია, რომელიც მწვანე შუქს მისცემს ერაყში მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების განთავსებას, იმავდროულად ბაღდადის წინააღმდეგ მოქმედ ეკონომიკურ სანქციებს გააუქმებს, და შესაძლოა გაეროს როლიც განსაზღვროს ომისშემდგომი ერაყის მართვის საქმეში.

ლონდონის სამეფო კოლეჯის ომის შემსწავლელი განყოფილების რეგიონული ექსპერტის, პოლ კორნიშის აზრით, ვაშინგტონის გადაწყვეტილება, რაც შეიძლება მრავალეროვანი გახადოს ომისშემდგომ ერაყში აღდგენითი ოპერაცია, ერაყში ომის დაწყებამდე ნატოელ მოკავშირეებს შორის მომხდარი უთანხმოების მოსაგვარებლადაა გამიზნული.

პოლ კორნიშის თქმით ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ შეხვდებიან აშშ-ის ამ ინიციატივას რუსეთი, საფრანგეთი და გერმანია, რომლებსაც გაუმართლებლად მიაჩნდათ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება. ბრიტანელი ექსპერტის აზრით არაა გამორიცხული ამასთანავე, რომ ამ სამ ქვეყანასაც აწყობდეს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში მომხდარი დაძაბულობის განმუხტვა.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში პოლ კორნიშმა განაცხადა, რომ პოლონეთის მოწოდება ევროპის სხვა ქვეყნებისადმი, მონაწილეობა მიიღონ მრავალეროვან სამშვიდობო ოპერაციაში, რომელიც ერაყში განხორციელდება, პარიზთანა და ბერლინთან ვაშინგტონის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად უნდა იყოს გამიზნული.

თებერვალში, როცა ვაშინგტონი ერაყთან ომისთვის ემზადებოდა, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, საფრანგეთსა და გერმანიას, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკას ერაყის მიმართ, "ძველი" ევროპის ნაწილი უწოდა, ხოლო "ახალ" ევროპად ნატოში უკანასკნელ დროს მიღებული წევრები მოიხსენია.

მრავალეროვან სამშვიდობო ძალებს, ერაყში, შეერთებულ შტატებთანა და ბრიტანეთთან ერთად პოლონეთიც უმეთაურებს. გარდა ამ სამი ქვეყნისა, მრავალეროვან კონტინგენტში უკრაინა, იტალია, ესპანეთი, დანია, ბულგარეთი, ნიდერლანდები და ალბანეთიც მიიღებენ მონაწილეობას. ასეთივე სურვილი გამოთქვეს ევროპის სხვა ქვეყნებმაც, მათ შორის რუმინეთმა, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა, უნგრეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ. საბოლოო გადაწყვეტილება მრავალეროვან სამშვიდობო ძალებში ამ ქვეყნების მონაწილეობის თაობაზე 22 მაისს იქნება მიღებული საგანგებო კონფერენციაზე ლონდონში.
XS
SM
MD
LG