Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეცვლიან თუ არა მოქცევას "არასანდო რეჟიმები" ამერიკის გამარჯვების შემდეგ


ერაყის ომამდე შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, ერაყში მდგომარეობის გამოსწორება სიგნალის როლს ითამაშებს სხვა "არასანდო რეჟიმებისთვის" მთელს მსოფლიოში

და ამ ქვეყნებში დემოკრატიული ცვლილებების თესლს ჩააგდებსო. გასულ კვირაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერაყში გამარჯვება გამოაცხადა და საზეიმოდ აღნიშნა ის, რაც მთელი მსოფლიოსთვის ისედაც ნათელია: მსოფლიოში ამერიკის საგრძნობი სამხედრო უპირატესობა. პრეზიდენტის თქმით, ერაყის ომი ძალის დემონსტირება იყო და ამან უნდა დააშინოს არადემოკრატიული რეჟიმების ლიდერები მთელ მსოფლიოში.
ბიძინა რამიშვილს მოუსმინეთ.

საკითხი დღეს ასე დგას: რა გავლენას იქონიებს ერაყის ომი იმ ქვეყნებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებს "შავ სიაში" ჰყავს შეყვანილი: სირიაზე, ჩრდილო კორეასა და ირანზე. ერაყის მაგალითი მათ პოზიტიური ცვლილებებისკენ უბიძგებს თუ სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს და აიძულებს მათ, უკიდურეს საშუალებებს, მაგალითად, ბირთვულ იარაღს, მიმართონ?
მიჩიგანის უნივერსისტეტის პროფესორი რაიმონდ ტანტერი ე.წ. "ავაზაკი ქვეყნების" ექსპერტია. მის კალამს ეკუთვნის წიგნი სახელწოდებით "არასანდო რეჟიმები". ტანტერის თქმით, სადამის დამხობამ შესაძლოა დომინოს პრინციპით გამოიწვიოს მსგავსი რეჟიმების დამხობა რეგიონში.

[ტანტერის ხმა] "არასანდო რეჟიმების შეცვლა ბაღდადში იწყება. დამასკოსკენ გზა ბაღდადზე გადის. თეირანისკენ გზაც ბაღდადზე გადის. ბაღდადში რეჟიმის შეცვლის გამო ჟრუანტელი დაუვლით სხვა არასანდო რეჟიმების ლიდერებს. და ის, რომ ამ ქვეყნებში სამხედრო ინტერვენციაც არ არის საჭირო."

ბუშის ადმინისტრაცია, რომელიც ერაყის ომის დაწყების წინ მძიმე ზეწოლას ახორციელებდა სირიაზე, აშკარად იმედოვნებს ტანტერის ზემოხსენებული აზრის სისწორეს.

როგორც გასულ კვირაში ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ თქვა, პრეზიდენტმა ბუშმა ნათელყო, რომ ვაშინგტონი არ შეეგუება იმას, რასაც თავისი უსაფრთხოებისთვის მთავარ საფრთხედ მიიჩნევს: ტერორიზმსა და არასანდო რეჟიმებს შორის კავშირს და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას. ჩეინის თქმით, ერაყის მაგალითს ფსიქოლოგიური ზემოქმედება აქვს სხვა მსგავს რეჟიმებზე.

სირიამ, რომელსაც გასულ კვირაში ესტუმრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, საკუთარ თავზე იწვნია ამერიკის მძიმე ზეწოლა. ვაშინგტონმა სირიას სადამის რეჟიმის ელემენტების შეფარებაში და ქიმიური იარაღის მოპოვების მცდელობაში დასდო ბრალი. დამასკოში სტუმრობისას პაუელმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

[პაუელის ხმა] "ახლო აღმოსავლეთში ახალი სტრატეგიული ვითარებაა. ჩვენ გვსურს სირიასთან თანამშრომლობა ამ ახალი სტრატეგიული ვითარებისთვის მორგებაში და ძალიან გულდასმით და მღელვარენი ვადევნებთ თვალყურს ამ ვითარებას, რათა ამ გზაზე სირიასთან ვითანამშრომლოთ გაუმჯობესებისკენ მიმართულ ზომებზე."

ანალიტიკოსების აზრით, შეერთებული შტატების მთავარი მიზანი სირიასთან მიმართებაში ისაა, რომ დამასკომ შეწყვიტოს პალესტინელთა შეიარაღებული დჭჯგუფებების, "ჰამასის" და "ჰესბოლას" მხარდაჭერა. ამ ორგანიზაციებს სირიაში აქვთ შტაბ-ბინები. ექსპერტთა თანახმად, სირია რომ არა, პალესტინის ავტონომიის ახალი პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი უფრო ეფექტიანად შეძლებდა გასამხედროებული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას და, შესაბამისად, წარმატების მიღწევას ისრაელთან მშვიდობის დამყარების პროცესში.

მრავალი კვირის მანძილზე ზეწოლის შემდეგ ვაშინგტონმა ახლახან განაცხადა, რომ სირიამ გამოსწორება დაიწყო. დამასკოში პაუელის გაგზავნაც სწორედ ამ "აღიარების" შედეგი იყო.

ზემოთნახსენები ანალიტიკოსის, ტანტერის აზრით, ვაშინგტონის მხრიდან ზეწოლის პასუხად სირია ალბათ დათმობებზე წავა და შეწყვეტს გასამხედროებული ჯგუფების მხარდაჭერას. უფრო მეტიც, ტანტერი სხვა "არასანდო რეჟიმების" ცვლილებასაც მოელის. მისი აზრით, გარდაუვალი შინაგანი ცვლილებების გამო ჩრდილო კორეის რეჟიმიც დაეცემა და ირანისაც.
ყველა არ იზიარებს ტანტერის ამ მოსაზრებებს. ვაშინგტონის ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკური ცენტრის დირექტორმა, მორინ სტაინბრუნერმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჯეფრი დონოვანს უთხრა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა ყველაფერს ვერ მიაღწიოს ამ რეჟიმებზე ზეწოლით.
უფრო მეტიც, სტაიბრუნერი ფიქრობს, რომ ერაყში ამერიკის მიერ ძალის ჩვენება, ფაქტობრივად, აიძულებს ზოგიერთ სახელმწიფოს, მოიპოვოს ბირთვული იარაღი, როგორც ერთადერთი საშუალება ამერიკის მუქარისგან თავის დასაცავად.

GE0705MANT [სტაინბრუნერის ხმა] "ძალიან გამიკვირდება, რომ ქვეყანამ, რომელიც ტექნოლოგიურად განვითარებულია და უკვე დგას ბირთვული იარაღის შექმნის გზაზე, უარი თქვას ამ მიმართულებით სვლაზე და იმის მიღწევაზე, რასაც იგი თავისი უსაფრთხოების პოლიტიკად მიიჩნევს".

რაც შეეხება ჩრდილო კორეას, სტაინბრუნერის თქმით, ერაყის ომმა შეიძლება იგი საპირისპირო დასკვნებამდე მიიყვანოს. მისი სიტყვებით, ერთი მხრივ, ფხენიანი ფიქრობს, რომ ერაყის ომი ამართლებს მის სწრაფვას ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ. მეორე მხრივ, სტაინბრუნერის აზრით, ომმა შესაძლოა დაანახა ფხენიანს, რომ უფრო აქტიურად უნდა ეცადოს ვაშინგტონთან შეთანხმებას.
გასულ თვეში პეკინში გაიმართა ამერიკისა და ჩრდილო კორეის წარმომადგენლების შეხვედრა - პირველი ორ სახელმწიფოს შორის მრავალთვიანი დაძაბულობის მანძილზე. მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოუღია, მაგრამ, როგორც იტყობინებიან, ჩრდილო კორეელებმა ამერიკელებს უთხრეს, რომ მათ უკვე მოეპოვებათ ბირთვული იარაღი.
XS
SM
MD
LG