Accessibility links

logo-print

"ეს ჯერ მხოლოდ ჟურნალია, კინო მალე დაიწყება," - დაახლოებით ასე


თამარ ჩიქოვანი,თბილისი "ეს ჯერ მხოლოდ ჟურნალია, კინო მალე დაიწყება," - დაახლოებით ასე შეაფასა გასული კვირის ქართულმა პრესამ პარლამენტის შენობაში გამართული მორიგი მუშტი-კრივი, რომლის შედეგადაც პარლამენტის

ვიცე-სპიკერი ვახტანგ რჩეულიშვილი თავგატეხილი დარჩა, ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრი შერაზადაშვილი კი -ვენებგადაჭრილი. 6 მაისის გაზეთ "რეზონანსის" განმარტებით, მთელი ორომტრიალი "სოციალისტთა" ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებებს მოჰყვა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა სოციალისტთა ყრილობაზე ჟვანიას გუნდის წევრების მისამართით გააკეთა. "რატომ მაშინ არაფერს ამბობდნენ, როცა მთელი პარლამენტი მათ ჰომოსექსუალებს და ცისფერებს ეძახდა? ახლა მიწერენ ეგენი, კმარა-კმარაო." -ამ განცხადების გამო "დემოკრატები" რჩეულიშვილს ბიუროს ოთახის წინ საქმის გასარჩევად ელოდებოდნენ. "რეზონანსი" მკითხველს შეახსენებს, რომ:


"სოციალისტთა " ლიდერი პარლამენტში მომხდარი რამდენიმე ჩხუბის ინიციატორი და მონაწილეა. პირველი ინციდენტი, რომელსაც მან საკანონმდებლო ორგანოში ორგანიზება გაუკეთა, ნოდარ ნათაძისთვის სახეში ბორჯომის შესხმით ამოიწურა. მაშინ ინციდენტი მხოლოდ დეპუტატების გაწევ-გამოწევით შემოიფარგლა. "სოციალისტთა" ლიდერის მონაწილეობით მორიგი მუშტი-კრივი წინა პარლამენტში მოხდა. მაშინ რჩეულიშვილის თანაფრაქციელმა ნოდარ ზაზაძემ ლეიბორისტ ავთანდილ ტყებუჩავას სცემა. ამ ჩხუბში თავად რჩეულიშვილიც აქტიურად ჩაება და ტყებუჩავას სახეზე დაზიანებებიც მიაყენა. კიდევ ერთი ინციდენტი ვიცე-სპიკერის მონაწილეობით ამ მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თვის წინ მოხდა. ჩხუბი მაშინ სხდომათა დარბაზში რამდენიმე ადგილას მიმდინარეობდა. ამ ინციდენტის შემდეგ რჩეულიშვილმა ბოდიში მოიხადა და კოლეგებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
გუშინ პარლამენტში ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთახში შეტყუებულმა და "დემოკრატების" გარემოცვაში აღმოჩენილმა რჩეულიშვილმა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ადრე ნათქვამი შეურაცხმყოფელი განცხადებები გაიმეორა. რჩეულიშვილს ერთ-ერთმა დემოკრატმა თავში საფერფლე უთავაზა.
"დემოკრატები" მომხდარის გამო თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აღნიშნავენ, რომ მათ ძალიან ბევრი მოითმინეს. "ამგვარი განცხადებები შევარდნაძემ რომ გააკეთოს, მასაც იგივე დაემართება," - ასეთ კომენტარს აკეთებს დემოკრატი გიორგი ბარამიძე პარლამენტში მომხდარი სისხლიანი საქმის გარჩევის შემდეგ. ინციდენტის ამოწურვის შემდეგ რჩეულიშვილი და ხელზე პირსახოცშემოხვეული შერაზადაშვილი ერთ მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ოთახი, სადაც ჩხუბი მოხდა, დალუქეს და მას პროკურატურის წარმომადგენლების მოსვლამდე სამთავრობო დაცვის თანამშრომელი დაუყენეს.


7 მაისის გაზეთ "ახალი თაობის" ცნობით, პარლამენტში ყველა ელოდა, რომ გაერთიანებულ დემოკრატებსა და ვახტანგ რჩეულიშვილს შორის მომხდარი სისხლიანი ვენდეტის გამო პარლამენტის სხდომაზე დიდი აყალმაყალი ატყდებოდა, მაგრამ მოლოდინმა არ გაამართლა. ყველა ცდილობდა, ამ ფაქტზე ყურადღება არ გაემახვილებინა. მომხდარ ინციდენტს არავითარი შეფასება არ მისცა არც პარლამენტის თავმჯდომარემ. გაზეთი წერს:


"გამარჯვებულის სახით გამოცხადდნენ პარლამენტში გაერთიანებული დემოკრატები. მათ სახეზე ისეთი ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდათ, კაცი იფიქრებდა, შვიდმა კაცმა ერთი კაცი კი არ გალახა, არამედ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიბრუნესო.
ამაყი სახეებით მოსიარულე დემოკრატებს პარლამენტის ფოიეში ასეთივე ბედნიერი სახეებით დახვდნენ ამღორძინებლები. "მალადეც, ძმაო, ეგრე უნდა რჩეულიშვილს!" - ასე მიმართავდნენ დემოკრატებს ამღორძინებლები, რომლებსაც რჩეულიშვილზე მას შემდეგ გაუტყდათ გული, რაც მან აღორძინების ბლოკი კისრისტეხით დატოვა და თავი შევარდნაძის კარს შეაფარა.
ბათუმიდან მიღებული სამადლობელი სიტყვები დემოკრატებს სანდრო ბრეგაძემ გადასცა. "ვახტანგ რჩეულიშვილისთვის თავის გატეხისათვის აღორძინება თქვენ მადლობის სიგელს გადმოგცემთ. ამასთან, თქვენ საპარლამენტო არჩევნების დროს აჭარის მოსახლეობის ხუთი პროცენტის ხმებს მიიღებთ," - განუცხადა ბრეგაძემ ამაყად მოარულ დემოკრატებს. მერე უფრო დააკონკრეტა და თქვა, რომ ის ხუთი პროცენტი იმას ერგება, ვინც უშუალოდ გაუტეხა თავი სოციალისტების ბელადს. მართალია, დემოკრატები მიხვდნენ, რომ ბრეგაძე მათ ეხუმრებოდა, მაგრამ მაინც ბედნიერი სახეებით მოისმინეს ეს ინფორმაცია.
მუშტი-კრივზე გადასულ დემოკრატებს, აჭარული ბლოკის სახელით, სანდრო ბრეგაძემ მორიგი წინადადება შესთავაზა: "გალახეთ სურმანიძე და პირობას გაძლევთ, რომ აჭარის მოსახლეობის 50 პროცენტი მხარს დემოკრატებს დაუჭერს," - ასეთი იყო აღორძინების წინადადება. სურმანიძე თავის დროზე აღორძინების წარმომადგენელი იყო, მერე მოქკავშირელი გახდა, ხოლო ახლა მოიდემოკრატებს. ასლან აბაშიძეს კი მისი ღალატი დღემდე ვერ მოუნელებია. ასლან აბაშიძე ასევე საშინლად არის გამწარებული არმაზ ახვლედიანზეც, რომელმაც ასევე მიატოვა აჭარის ბლოკი. სანდრო ბრეგაძე დემოკრატებს ახვლედიანის ცემის სანაცვლოდაც გარკვეულ ხმებს შეჰპირდა. მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთო მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც, დემოკრატების სახელით, სურმანიძის გალახვაზე უარი განაცხადა, ახვლედიანთან დაკავშირებით კი თქვა, რომ ამაზე მოლაპარაკება შეიძლებოდა."



და კვლავ არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემა - როგორ დაკომპლექტდეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომ არჩევნების ღიაობა და დემოკრატიულობა გარანტირებული იყოს. 7 მაისის გაზეთ "24 საათის" ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით, ოპოზიციამ საერთო აზრს მიაგნო: ოთხი პოლიტიკური ძალის შეთანხმებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია მთლიანად ეუთოსა და ევროსაბჭოს მაღალკვალიფიციური ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. გაზეთს აეჭვებს, ეს იდეა გაიზიაროს პრეზიდენტმა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცხრა წევრიდან 7-ის დანიშვნას თავად აპირებს. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლებს კი ოპოზიციის აღნიშნული ინიციატივა სასაცილოდაც არ ჰყოფნით. "24 საათი" წერს:


"ნაციონალისტების, ახლების, დემოკრატებისა და ლეიბორისტების მიერ შეთანხმებული სცენარით, ეუთოსა და ევროსაბჭოს დამკვირვებლები, ასევე, ამერიკელი ექსპერტები საქართველოს ერთი თვით ადრე ეწვევიან, შეისწავლიან შექმნილ ვითრებას, მოამზადებენ საარჩევნო კომისიას, არ მისცემენ საშუალებას ვანო ზოდელავას, ლევან მამალაძეს, ავთანდილ ჯორბენაძეს, გამგებლებს, პოლიციას და ა.შ. საარჩევნოდ კარგად ნაცადი ხერხები გამოიყენონ, ჩაატარებენ არჩევნებს და ახალი პარლამენტის გამოცხადებისთანავე წავლენ.
მაღალკვალიფიციური ექსპერტების სტუმრობამდე კი, საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნოდ საქართველოს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ეწვევა. ნაციონალები აქტიურად ეცდებიან ასევე, საარჩევნოდ თბილისში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი ჩამოიყვანონ და საარჩევნო ციებ-ცხელებას დაასწრონ.
საუბნო და საოლქო კომისიების დასაკომპლექტებლად ოპოზიცია უცხოელ ექსპერტებს არ შეაწუხებს. სააკაშვილის განცხადებით, ამ "თანამდებობებს" ოთხპროცენტიანი ბარიერის გადამლახავი პარტიების წარმომადგენლები დაიკავებენ.
სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენლები ოპოზიციის "აბსურდულ ინიციატივას" ღიმილნარევი ირონიით შეხვდნენ. ვიტალი ხაზარაძემ პარლამენტში ნატო-ს ჯარების შემოყვანის თაობაზეც იხუმრა."



პარლამენტში ნატოს ჯარის შეყვანის რა გითხრათ, მაგრამ, "დილის გაზეთის" ცნობით, 22 მაისის ნატოს სესიაზე გაირკვევა, თუ რამდენად მიუახლოვდა საქართველო ნატოს სტანდარტებს. თბილისში ჩამოსული ნატოს ექსპერტთა ჯგუფი ამოწმებს, თუ რამდენად წარმატებულია საქართველოს ძალისხმევა, რამდენიმე ვალდებულების შესრულების თვალსაზრისით. იგულისხმება არმიის რიცხოვნობის შემცირება და ქვედანაყოფების შერწყმა. შესაბამისად, გაზეთის შენიშვნით, ნატოსთან დაახლოებისა და არმიის რეფორმირების პროცესი თვისებრივად ერთი და იგივეა. მაგრამ, ამ მხრივ, უამრავი კითხვა კვლავაც პასუხგაუცემელია. "დილის გაზეთი" წერს:


" ერთადერთი, რაც საბოლოოდ და მკვიდრად გადაწყდა, არის შეიარაღებულ ძალთა მთლიანი სტრუქტურა: საქართველოს ჰყავს არმია, შინაგანი ჯარები, სასაზღვრო ძალები, სპეცდანიშნულების რაზმები და ასე შემდეგ. თავის მხრივ, არმია კლასიკური მოდელით არის აგებული. ჩვეულებრივ სახეობებს ემატება ეროვნული გვარდია, რომელიც არმიის სტრუქტურაში გარკვეული ავტონომიურობით სარგებლობს. მაშასადამე, შეიარაღებულ ძალთა და თვით არმიის ქართული მოდელი დაახლოებით იმავე ყაიდისაა, როგორიც ჰყავთ ზესახელმწიფოებს, რომელთაც გლობალური გეოპოლიტიკური პრობლემები აქვთ გადასაწყვეტი.
ევროპის საკმაოდ ძლიერ სახელმწიფოებსაც კი აბსოლუტურად განსხვავებული სტრუქტურის არმიები და შეიარაღებული ძალები ჰყავთ - ბევრად უფრო "თავდაჭერილი" და არაამბიციური. ბევრ მათგანს სტრუქტურულად არა აქვს გამიჯნული შეიარაღებული ძალების სახეობები, ხოლო, თუ საუბარია საომარ მდგომარეობაზე - ისრაელი მუდმივი ომის პირობებში ცხოვრობს, მაგრამ მისი არმია და შეიარაღებული ძალები სტრუქტურულად ერთ მთლიანობას წარმოადგენენ. იქ, ძნელი სათქმელია, სად იწყება სასაზღვრო ჯარები და სად - არმია ან შინაგანი ჯარი.
აქედან გამომდინარე, სულაც არ არის გასაკვირი, რომ თვით არმიის რიცხოვნობის შემცირება ვერ ხერხდება. დასავლეთი 10-ათასიანი არმიის შექმნას გვთავაზობს ნაცვლად ამჟამინდელი 22 ათასისა. მაგრამ ამ პირველ რეფორმისტულ ნაბიჯს ხელს უშლის როგორც ხსენებული "კონტინგენტის სიმძიმე", ასევე, თანხის დეფიციტი. ერთ-ერთი პარადოქსი ის არის, რომ არმიის "გაიაფება" ძალიან ძვირი ღირს."
XS
SM
MD
LG