Accessibility links

logo-print

486-ე გამოშვება.


486-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. ვიწყებთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 486-ე გამოშვებას. დღეს შემოგთავაზებთ სიუჟეტს ფაშიზმზე გამარჯვების დღის შესახებ; ვისაუბრებთ პოლიტიკასა და სექსუალურ უმცირესობებზე; მოგითხრობთ საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტთა ქსელის შესახებ; შემდეგ შემოგთავაზებთ ორ მასალას ორ იუბილარზე - ბინგ კროსბისა და ფერნანდელზე. ამ დღეებში ორივეს ასი წელი შეუსრულდებოდა. გადაცემას დაასრულებს ტრადიციული რუბრიკა "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი", რომელიც დღეს სპორტის თემას ეხება.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

როგორ ებრძოდნენ ქართველები ფაშიზმს

ბიძინა რამიშვილი:
შარშან, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე - ისევ დღესასწაულად გამოცხადდა. 9 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხვდებოდნენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. 9 მაისს თბილისის ქუჩებშიც ჯგუფ-ჯგუფად ჩანდნენ მედლებითა და ორდენებით მკერდდამშვენებული ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც, ღმერთმა უწყის, ამ 58 წლის წინ სად იზეიმეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სისხლიანი ომის დასასრული.
მოგითხრობთ თამარ ჩიქოვანი.

თამარ ჩიქოვანი:
საინტერესოა, ოდესმე ისტორიკოსები თუ დაინტერესდებიან, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სად იბრძოდნენ ქართველები. სანამ ასეთი კვლევა ჩატარდება, შეგახსენებთ იმ ერთი ქართველის ისტორიას, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში ებრძოდა ფაშიზმს.

დიმირტი ამილახვარი, საფრანგეთის არმიის ოფიცერი, გათავისუფლების ჯვრისა და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი, 14 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ოჯახთან ერთად ევროპაში აღმოჩნდა. 1922 წლიდან პარიზში ცხოვრობდა და სწავლობდა სენ-სირის სამხედრო სასწავლებელში. კითხვაზე, რატომ აირჩია ქართველმა ემიგრანტმა მაინცდამაინც სამხედრო კარიერა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი ამბობს:

[ ნიკო ჯავახიშვილის ხმა] " ქართველი თავადის შვილი ან აზნაურის შვილი უნდა ყოფილიყო სამხედრო. ასე რომ, ეს იყო გენეტიკური მიდრეკილება. სამწუხარო ის არის, რომ ამ ადამიანს არ მიეცა საშუალება ქართულ ჯარში ემსახურა. და ის მსახურობდა იმ ქვეყნის ჯარში, სადაც მოხვდა და ემსახურებოდა იმ ქვეყანას ერთგულად. მისი განვლილი გზა მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან გარდაცვალებამდე მოწმობს, რომ ის იყო კარგი პროფესიონალი, კანონის ერთგული და გამოჩენილი სამხედრო მოღვაწე, რომელსაც არ დასცალდა უფრო მაღალი სამხედრო წოდება მიეღო - იგი ვიცე-პოლკოვნიკის წოდებაში გარდაიცვალა."

მანამდე კი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში საფრანგეთის უცხოური ლეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჩაირიცხა ალჟირში, სიდი-ბელ-აბესში შექმნილი უცხოური ლეგიონის მე-13 ნახევარბრიგადაში. მონაწილეობდა ნარვიკის ბრძოლაში. საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ ლეგიონი გადავიდა ინგლისში, სადაც შეადგინა თავისუფალი საფრანგეთის პირველი ბირთვი. მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ მაშინ გაიცნო გენერალი დე გოლი. ნიკო ჯავახიშვილის მოსაზრებით:

[ნიკო ჯავახიშვილის ხმა] " მოგეხსენებათ, მაშინ აქტიურ როლს თამაშობდა გენერალი დე გოლი, რომელთანაც მას ჰქონდა ურთიერთობა. და სწორედ იმის გამოც, რომ დე გოლი ასე ახლოს იცნობდა მას, გარკვეული წვლილი მიუძღვის მის წარმოჩენაში და მისი დაღუპვის შემდეგ მისი ოჯახის პატრონობაში. საფრანგეთმა თავის შვილებად ჩათვალა მისი შვილები." [სტილი დაცულია]

1970 წლის გაზეთ "სამშობლოში" გამოქვეყნებულ სტატიაში ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ილია ტაბაღუა წერს, რომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი გენერალი დე გოლი თავის მემუარებში რამდენჯერმე ახსენებს ამილახვარს. " შესანიშნავი დათვალიერების დროს განთავისუფლების ჯვარი გადავეცი პირველ მსუბუქ დივიზიას, აგრეთვე, გენერალ კეგინსა და რამდენსამე სხვა პირს, კერძოდ, პოლკოვნიკ ამილახვარს." - ეს ჩანაწერი 1942 წლის აგვისტოში გენერალ დე გოლის მიერ ეგვიპტეში საფრანგეთის ჯარების დათვალიერების შემდეგ გაჩნდა. ეს ჯილდო ამილახვარმა ბირ-ჰაკეიმის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებით დაიმსახურა, როცა 16 დღის განმავლობაში გენერალ კენიგის ბრიგადის შემადგენლობაში ებრძოდა გენერალ რომელის არმიას. ეს ბრძოლა საფრანგეთის სამხედრო ისტორიაში "უდაბნოს ვერდენის" სახელითაა შესული. უფრო ადრე ერითრიაში, მასაურის აღებისას, ლეგიონერებმა, ამილახვრის ხელმძღვანელობით, მოულოდნელი შეტევით ხელთ იგდეს იტალიელთა რამდენიმე საესკადრო ნაღმოსანი და მრავალი ტყვე. მონაწილეობდა სირიის კამპანიაში - დამასკოს აღებაში.

დიმიტრი ამილახვარი ელ-ალამეინის ბრძოლაში დაიღუპა. დაკრძალულია ლიბიის უდაბნოში. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა საპატიო ლეგიონის ორდენით. 1956 წელს ამილახვრის სახელი მიენიჭა სენ-სირის სამხედრო სასწავლებლის 143-ე გამოშვებას.

ბოლო დროს საქართველო ნელ-ნელა იბრუნებს თავისი ემიგრანტების არქივებს. რაც შეეხება დიმიტრი ამილახვარს, ნიკო ჯავახიშვილის თქმით:

[ ნიკო ჯავახიშვილის ხმა] " პირველად მისი სახელი გაახმიანა რეზო თაბუკაშვილმა თავის ცნობილ ფილმში, მაგრამ მისი არქივი ინახება საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონში, იქ უნდა ნახვა. თუმცა ფრანგებს საკმაოდ ხშირად აქვთ მისი ბიოგრაფია გამოქვეყნებული სამხედრო ჟურნალებში. ბოლო პერიოდშიც მახსოვს მისი გამოქვეყნებული ფოტოები. მის შესახებ მასალა ხშირად იბეჭდებოდა. როცა კი საუბარია მეორე მსოფლიო ომისას საფრანგეთის ისტორიაზე, დიმიტრი ამილახვრის გარეშე ეს არ ხდებოდა."[სტილი დაცულია]

დიმიტრი ამილახვრის ვაჟი ოთარ ამილახვარი, საკმაოდ მაღალი რანგის დიპლომატი, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა საფრანგეთში. რა ბედი ეწია ლიბიის უდაბნოში დიმიტრი ამილახვრის საფლავს, ქართველი ისტორიკოსებისთვის ცნობილი არ არის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.

პოლიტიკა და სექსუალური უმცირესობა

დავით პაიჭაძე, თბილისი

ამ კვირაში პარლამენტში მომხდარ სისხლიან ინციდენტს, ყველამ იცის, რაც ედო საფუძვლად: გაერთიანებული დემოკრატების გაუმართლებელი რეაქცია ვიცე-სპიკერ რჩეულიშვილის მოუზომავ განცხადებებზე, რომლებიც ოპონენტთა სომხურ წარმოშობასა და ვითომდაც არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას ეხებოდა. ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მქონე პირი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიანიშნებს, რომ სომეხი ნათესავი საძრახისია ქართველი პოლიტიკოსისათვის და პოლიტიკური კრიტიკის მიზნით იხედება პირადი ცხოვრების ისეთ სფეროში, სადაც მას არაფერი მოეკითხება. გვინდა სწორედ ამ უკანასკნელზე, სექსუალური ორიენტაციისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების რამდენიმე ასპექტზე, გავამახვილოთ თქვენი ყურადღება.
მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე:
საბერძნეთის დედაქალაქის, ათენის, ცენტრში არის ორი პატარა, ერთმანეთის პარალელური, ქუჩა, რომელთაც თანამედროვე აგორა, ანუ ბაზარი, ყოფს ერთმანეთისაგან. ქუჩებს ჰარმოდიოსისა და არისტოგიტონის სახელები ჰქვია. ეს ორი ახალგაზრდა კაცი ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ცხოვრობდა. მაშინ ათენში ძალაუფლება ეპყრათ ძმებს, ჰიპარქოსსა და ჰიპიასს, ტირან პისისტრატოსის ვაჟებს. ისინი, დღევანდელ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, არალეგიტიმურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ და მოქალაქეებს სძულდათ. ჰიპარქოსი ამაოდ ცდილობდა დაახლოებოდა ჰარმოდიოსის დას. არაფერი რომ არ გამოუვიდა, დღესასწაულში მონაწილეობა აუკრძალა - აქაოდა, უღირსია და არ იმსახურებსო. დის გამო ჰარმოდიოსმა შური იძია: პოლიტიკური შეთქმულების მონაწილე გახდა და სწორედ დღესასწაულზე, თავის მეგობარ არისტოგიტონთან ერთად, მოკლა ჰიპარქოსი. შემდეგ ორივე ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა. სიკვდილის შემდეგ მეგობრებს ათენში ლექსებს უძღვნიდნენ და ძეგლიც დაუდგეს: სხვათა შორის, ეს არის პირველი ბერძნული ქანდაკება, რომელიც გამოსახავს არა ღმერთს, მითოლოგიურ გმირს ან ოლიმპიურ ჩემპიონს, არამედ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელთაც სამშობლოს საკეთილდღეოდ გმირობა ჩაიდინეს - ათენს ტირანი მოაშორეს. ჰარმოდიოსიცა და არისტოგიტონიც, ისევ დღევანდელ ტერმინოლოგიას თუ მოვიშველიებთ, გადმოცემის თანახმად, ჰომოსექსუალისტები იყვნენ. ისტორიკოსთა სხვა ვერსიით, მათ ტირანზე შური იძიეს იმიტომ, რომ პირადი ღირსების შელახვად მიაჩნდათ ქალაქში უკანონო ხელისუფლების არსებობა.

ამ ამბის მოყვანა იმისთვის დამჭირდა, რომ გავიხსენოთ: არათუ ახლა, არამედ 2500 წლის წინათ იყო ხალხი, რომელიც ადამიანის პირადი ცხოვრების ნიუანსებსა და სექსუალურ ორიენტაციაზე მაღლა მის ღირსებასა და სამოქალაქო პოზიციას აყენებდა. ძველი ბერძნები სულაც არ გახლდნენ ჰომოსექსუალიზმის ერთსულოვანი მეხოტბენი: მაგალითად არისტოფანეს კომედიათა გახსენებაც კმარა, სადაც "კომედიის მამა" საჯაროდ და ძალიან მწარედ დასცინის ამ ორიენტაციის პირებს. ოთხი საუკუნით გვიან ციცერონი ასევე სარკაზმით ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ იფხანდა ერთი თითით იულიუს კეისარი მელოტ თავს, რაც რომში ჰომოსექსუალიზმის ნიშნად ითვლებოდა. რა მასშტაბის პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო კეისარი და როგორ შემორჩა ისტორიას - ყველას მოეხსენება.

ისტორიას დავეხსნათ - თანამედროვე საზოგადოებებში, როგორც ეროვნულ, ისე მრავალეროვან განვითარებულ სახელმწიფოებში, ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულია: ეს ადამიანის პირადი ცხოვრების სფეროს განეკუთვნება და მისი ხელყოფა არ შეიძლება. ზოგან სექსუალური უმცირესობისადმი კუთვნილებას არც პოლიტიკოსები მალავენ და ღიად აცხადებენ ამას. ასეთი იყო, მაგალითად, ჰოლანდიელი პიმ ფორტეინი, რომელიც შარშან მოკლეს. ჰომოსექსუალისტები არიან ბერლინისა და პარიზის არჩეული მერები: კლაუს ვოვერაიტი და ჟაკ დელანოე. ყველაზე ადეკვატური პასუხი კითხვას, დელანოეს ხმა როგორ მიეცი, ის ხომ ჰომოსექსუალისტიაო, ერთმა პარიზელმა მოქალაქემ გასცა: მე მასთან ძილი არ მიწევსო.

რა თქმა უნდა, საქართველოში ასეთი რამ წარმოუდგენელია და არა მხოლოდ ტრადიციონალიზმისა თუ კონსერვატიზმის გამო: ქართული საზოგადოება ჯერ არ შეთანხმებულა იმაზე, რომ შემწყნარებლურად მოეკიდოს არა მხოლოდ სექსუალურ, არამედ, საერთოდ, ნებისმიერ უმცირესობას. როგორ ექცევიან არამართლმადიდებელ რელიგიურ ორგანიზაციებს და როგორ უყურებს ამას პოლიტიკური კლასიც და მოსახლეობაც - ცნობილია. ყოვლად სამარცხვინო ნართაულები საქართველოს მოქალაქეთა ეთნიკურ წარმოშობასა და, ასე ვთქვათ, არაქართველთა ბოგინზე, ალბათ, ასევე პოვებს პოზიტიურ გამოძახილს საზოგადოების ნაწილის გულებში. პოლიტიკოსებს, ამგვარ განცხადებებს რომ აკეთებენ, ნორმალურ ქვეყანაში უნდა რიყავდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. საქართველოში პირიქითაა: ასეთი ფიგურები პრეზიდენტს უმშვენებენ გვერდს. საჭიროა ელემენტარული სამანის დადება პოლიტიკურ კრიტიკასა და პირად შეურაცხყოფას შორის: რელიგიური, ეთნიკური ან თუნდაც სექსუალური კუთვნილება არაფერს ამბობს პოლიტიკურ ორიენტაციაზე, ნიჭსა თუ კვალიფიკაციაზე და ამ თემების გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისათვის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითად უნდა შეფასდეს. სანამ საზოგადოება ამაზე არ შეთანხმდება, ის მხოლოდ იქედნურად გაიცინებს, მაგალითად, ნორვეგიის ფინანსთა მინისტრ მამაკაცზე, რომლიც შარშან მამაკაცზევე დაქორწინდა და არ დასვამს კითხვას: ჩემი ქვეყნის ფინანსური სისტემა ნორვეგიასავით რომ იყოს აწყობილი, ან ქალაქს ისე უვლიდნენ, როგორც პარიზსა და ბერლინს, განა სულერთი არ იქნებოდა, ვისთან იძინებს ფინანსთა მინისტრი ან თბილისის მერი?

დავით პაიჭაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


საქართველოში ახალგაზრდა ჟურნალისტთა ქსელი ამოქმედდება

ბიძინა რამიშვილი;
რამდენიმე ხნის წინათ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამ კიდევ ერთ საინტერესო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი. კერძოდ, შეიქმნა ახალგაზრდა ჟურნალისტთა ქსელი, რომელიც მასმედიის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ყველა საყმაწვილო სტუდიის გაერთიანებას ისახავს მიზნად. ინიციატივის ავტორები ვარაუდობენ, რომ შემდგომში ჟურნალისტთა ქსელი ამ სფეროში მოღვაწე ასობით ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოს სხადასხვა ფორმატის ტრენინგებში, გაიაროს სტაჟირება წამყვან მედია ორგანიზაციებში და სრულად გამოავლინოს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი - გახდეს ინფორმაციის პროფესიონალი და სანდო გამავრცელებელი, რის დეფიციტსაც ხშირად განიცდის ბევრი დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება საქართველოში.
მოუსმინეთ კობა ლიკლიკაძეს.

კობა ლიკლიკაძე:
მიჩნეულია, რომ უკანასკნელ ათწლეულში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის - ყოფილი საბჭოთა ბანაკის - ქვეყნებში, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი ცვლილებები სწორედ მასმედიის სფეროში მოხდა. ათი წლის თავზე უამრავი კითხვა წარმოიშვა მომხდარი ცვლილებების ხასიათთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ რა გავლენა იქონია მედიამ საზოგადოების განვითარებაზე ან, პირიქით, რა წვლილი შეიტანა საზოგადოებამ მედიის ტრანსფორმაციის პროცესში? აღნიშნული კითხვები განსაკუთრებით ეხება 15-25 წლის ასაკის ახალგაზრდა თაობას, რომელიც ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ აღიზარდა. 15 წლის გიორგი ცხადაიამ, რომელიც თანატოლებთან ერთად თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის - ყოფილ პიონერთა - სასახლეში მცირეტირაჟიან გაზეთ "გაზაფხულს" უშვებს, უკვე შეიქმნა გარკვეული შეხედულება ჟურნალისტის მისიასა და პოტენციური მკითხველის გემოვნებაზე.

[გიორგი ცხადაიას ხმა] "დღეს ისეთი ტენდენცია შემოვიდა, რომ ჟურნალისტიკა მიჰყვება საზოგადოებას და არა საზოგადოება ჟურნალისტიკას. აი, ერთ მაგალითს გავიხსენებ: ერთმა გაზეთმა ჩვენს გაზეთს გადახედა და თქვა: ეს რა გაზეთია? სად არის ჰოროსკოპები დ ანეკდოტებიო. ეს მე ძალიან გამიკვირდა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იქ მყოფი ათამდე ბავშვი, ყველა ამ აზრისა იყო. მე ძალიან მეწყინა, რომ ჩემი თაობა ასე ფიქრობს."

გიორგის თანატოლი ანუკა ლომიძე, "მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯიდან", 12 წელია წერს სტატიებს. თუმცა, ისევე როგორც ბევრი მისი თანამოკალმისათვის, ანუკისთვისაც არ აღმოჩნდა იოლი ქართულ მედიაში თვითდამკვიდრების პროცესი. საკმაოდ სერიოზულ საყოფაცხოვრებო პრობლემაზე მომზადებული წერილით ერთ-ერთ რედაქციაში მისულ ახალბედა ჟურნალისტს ასაკის გამო მიუხურეს კარები. მეორეგან კი აღმოაჩინა, რომ უპირატესობა სენსაციურ მასალებზე მომუშავე ავტორებს ენიჭებათ და რედაქტორები არაფრად დაგიდევენ ჟურნალისტის ეთიკას მაშინაც კი, როცა კორესპონდენტი ისეთ მტკივნეულ პრობლემაზე წერს, როგორიც არის მაწანწალა და მათხოვარი ბავშვების ცხოვრება და ბავშვებზე მომხდარი სექსუალური ძალადობის ფაქტები.

[ანუკა ლომიძის ხმა] "ჟურნალისტის ეთიკა უნდ დაიცვას ჟურნალისტმა და არ უნდ იყოს აქ ისტორია მხოლოდ ცუდი მხარით ნაჩვენები. ეს ყველაფერი ისე უნდა მივიტანოთ მაყურებლამდე, რომ ამით ისინი კი არ დავთრგუნოთ, არამედ დავაფიქროთ."

ანუკისა და გიორგისგან განსხვავებით, აშკარად გაუმართლდა საბავშვო გადაცემის "ამბები ჩვენზე" კორესპონდენტს თათა ძნელაძეს. იგი და მისი თანატოლები, სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის საშუალებით, კვირაში ერთხელ ცდილობენ უამბონ საზოგადოებას ბავშვთა პრობლემებზე, აუხსნან თავიანთ თანატოლებს, რომ სამართლებრივ საზოგადოებაში ბავშვებსაც აქვთ უფლებები, რომელთაც უფროსები განუხრელად უნდა იცავდნენ.

[თათა ძნელაძის ხმა] "ჩვენ ვიყავით გლდანის მიმღებ-გამანაწილებელში, სადაც იყო ისეთი შემზარავი ფაქტები, რომელთა მსგავსი ჩემს ყურამდე ადრე არ ყოფილა მოსული. უმეტესობა, გოგონები მაინც, ძალადობის მსხვერპლი არიან."[სტილი დაცულია]

საქართველოს მასმედიის სხვადასხვა სფეროში(რადიო, ტელევიზია, პრესა) მოღვაწე ყველა საყმაწვილო სტუდია ორი კვირის წინ, გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, ახალგაზრდა ჟურნალისტთა ქსელში გაერთიანდა. იუნისეფის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის მაია ქურციკიძის განცხადებით, ქსელის მიზანია, ყველა საჭირო დახმარება გაუწიოს ახალგაზრდა ჟურნალისტებსა და მედიის ენთუზიასტებს, რათა ისინი გახდნენ ინფორმაციის პროფესიონალი და სანდო გამავრცელებლები და გავლენა იქონიონ საზოგადოებრივ აზრზე თავიანთ ქვეყნებში.

[მაია ქურციკიძის ხმა] "7-11 ივლისს თბილისშ გაიმართება რეგიონალური სემინარი ერთწუთიანი ვიდეო-რგოლების მომზადებაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქსელის მონაწილე ქართველი ბავშვები, ისე მათი თანატოლები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, შუა აზიის რესპუბლიკებიდან და რუსეთიდან. გარდა ამისა, იქნება სხვადასხვა მედია-ფესტივალები, სადაც ეს ბავშვები მიიღებენ მონაწილეობას."

ახალგაზრდა ჟურნალისტთა ქსელის პროექტს ისეთი ორგანიზაციები უჭერენ მხარს, როგორიცაა სი-ენ-ენი, ბი-ბი-სი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელმაც ამ დღეებში იუნისეფთან ურთიერთგაგების მემორანდუმიც გააფორმა. ასეთი მხარდაჭერით ფრთაშესხმული დამწყები ჟურნალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი იპოვიან გზას უფროსების გულებამდე, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოში ისევ არ მოეჩვენათ, რომ სტუდენტების მსგავსად, ამჯერად ვიღაც ბავშვთა პოლიტიზირებასაც ცდილობს.

კობა ლიკლიკაძე, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ბინგ კროსბის დაბადების 100 წლის იუბილე

[მუსიკა. სიმღერა White Christmas]

ბიძინა რამიშვილი:
წელიწადში ერთხელ მაინც შეუძლებელია, ყური არ მოჰკრა ბინგ კროსბის ხმას - ასეა, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნებში, სადაც საშობაო პერიოდის განუყოფელ მუსიკალურ ატრიბუტებს სიმღერა "White Christmas", ანუ "თეთრი შობა" მიეკუთვნება. ამიტომ რადიოსა თუ ტელევიზიაში ბინგ კროსბის ამ, ყველაზე ცნობილი ჰიტის გაზაფხულზე აჟღერებამ ამერიკელები, ცოტა არ იყოს დააბნია. მაგრამ, როგორც მალე გაირკვა, საქმე არც უხეირო რეკლამას ეხებოდა და არც ნაადრევად გამოსულ საშობაო მუსიკალურ ალბომს: ამერიკელებს აუწყებდნენ, რომ 3 მაისს 100 წელი შეუსრულდებოდა მათ ქვეყანაში პოპ-კულტურის ერთ-ერთ პირველ და უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს, შეერთებულ შტატებში მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ყველაზე პოპულარულ ვარსკვლავს, ბინგ კროსბის. ამ თარიღს ჩვენც გამოვეხმაურებით - არა მარტო სიმღერით "White Christmas", რომელიც სიუჟეტის დასაწყისში შემოგთავაზეთ. მიკროფონს ოქროპირ რუხაძეს გადავცემ.

ოქროპირ რუხაძე:
ბინგ კროსბის დაბადების თარიღად ათწლეულების მანძილზე ითვლებოდა არა 1903 წლის, არამედ 1904 წლის სამი მაისი - ასე რომ ცნობილი საშობაო სიმღერის გაზაფხულზე აჟღერებას გაისისთვის აპირებდნენ. მაგრამ გეგმა შეცვალა აღმოჩენამ, რომელიც ამასწინათ გააკეთა ჯაზის კრიტიკოსმა გერი გიდინსმა - მან მომღერლის დაბადების მოწმობას მიაკვლია. დღეს დოკუმენტი ინახება ვაშინგტონის შტატის გონსაგის უნივერსიტეტში, რომელშიც ბინგ კროსბი რამდენიმე სემესტრი იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა და რომლისთვისაც მოგვიანებით მილიონობით დოლარი აქვს გადარიცხული. ამავე სასწავლებელშია გამოფენილი ცნობილი მომღერლის ფოტოსურათები, კადრები მისი მონაწილეობით გადაღებული კინოფილმებიდან, ოსკარი, რომელიც მას ფილმში "ჩემს გზაზე" შესრულებული როლისათვის ერგო.

ბინგ კროსბი მხოლოდ მშობლიურ უნივერსიტეტში როდი ახსოვთ - არც დანარჩენი ამერიკელების უმრავლესობას დავიწყებია მომღერალი, რომელიც ათწლეულების მანძილზე იყო ქვეყნის უსაყვარლესი "ენტერტეინერი", მუსიკოსი, რომლის სიმღერებმაც გზა მოუმზადა პოპის თანამედროვე კულტურას. უბრალო, სასიამოვნო ბიჭის იმიჯით, მუდამ გაღიმებული სახით ბინგ კროსბი მილიონობით ამერიკელს ხიბლავდა, მუსიკალური ნიჭითა და შესრულების მანერით კი მრავალ ახალგაზრდა მომღერალზე, მათ შორის სახელგანთქმულ ფრენკ სინატრაზეც ახდენდა წარუშლელ შთაბეჭდილებას. დღემდე არავის მოუხსნია ჰიტების რეკორდი, რომელიც ამერიკელ პოპ-ბარიტონს სხვადასხვა ჟანრში - ჯაზსა თუ სვინგში, ქანთრისა თუ სენტიმენტალურ შლაგერებში ეკუთვნის. დიახ, არ იფიქროთ, ჰიტების რაოდენობით ლეგენდარული "ბითლზი", ან ელვის პრესლი ლიდერობდნენ - ბინგ კროსბის ფირფიტები 38-ჯერ იდგა ჰიტების სიების სათავეში, მაშინ როცა ეს მაჩვენებელი "ბითლზის" შემთხვევაში 24-ს არ აღემატება, ელვის პრესლიმ კი ასეთივე შედეგს სულ 18-ჯერ მიაღწია. 1960 წლამდე კროსბის 200 მილიონი ფირფიტა ჰქონდა გაყიდული, 1980-ში, ანუ მომღერლის გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ, ეს რიცხვი გაორმაგებული იყო.

ბინგ კროსბის გამორჩეულ პოპულარობას უთუოდ ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ მისი ბიოგრაფია "ამერიკული ოცნების" ახდენის ერთგვარ ილუსტრაციად გამოდგება: მრავალშვილიან ოჯახში, სიდუხჭირეში გაზრდილ ბიჭუნას ჯერ კიდევ სკოლის ასაკში უხდებოდა წვრილ-წვრილი სამუშაოებით ფულის შოვნა, მას არც უნივერსიტეტში ულხინდა და სწავლის შუა გზაზე შეწყვეტის შემდეგ ისღა დარჩენოდა, თავი ჰოლივუდის ბარებში სიმღერით გაეტანა. ასე გრძელდებოდა, ვიდრე ახალგაზრდა ვოკალისტს ცნობილი ჯაზ-მუსიკოსი, პოლ უაითმენი აღმოაჩენდა და ბინგ კროსბის პირველივე გამოსვლა რადიოში გრანდიოზული წარმატებით ჩაივლიდა.

[მუსიკა]

ბინგ კროსბის პირველმა ჰიტებმა "The Old Ox Road", "June in January", "Please" მას სახელი გაუთქვა მთელს მსოფლიოში, გზა მოუმზადა კინოკარიერას. ხოლო მერე რაც მოხდა, უკვე ვთქვით - დღეს ამერიკელი ვარსკვლავის გაყიდული დისკების რაოდენობა ნახევარ მილიონს აღემატება, მის უდიდეს ჰიტს "White Christmas" კი უთუოდ მოგასმენინებთ მომდევნო საშობაო პროგრამაში - თუმცა მანამდე კიდევ დიდი დროა...


ფერნანდელი - 100

ბიძინა რამიშვილი:
კომიკოსებს შორის ბევრია მანჭვის ოსტატი. მაგრამ ამ სფეროში არავინ ყოფილა ისე წარმატებული, როგორც ფერნანდელი, რომელიც ენერგიული მღვდელი დონ კამილოს როლში თავის მეგობარ პეპონესთან ერთად იდოლოგიურ ფრონტზე ილაშქრებს კომუნისტი ბურგომისტრის წინააღმდეგ. ფერნან ჟოსეფ დესირე კონსტანტინი - ასე ჟღერს მისი სამოქალაქო სახელი და გვარი - უაღრესად ადამიანურ სახეებს ქმნიდა როგორც სოფლის ბრიყვი, დალაქის გულუბრყვილო თანაშემწე, თუ სერიოზულობით აღსავსე ოჯახის მამა. საფრანგეთის ყველაზე ცნობილმა კომიკოსმა ასზე მეტ კომედიაში ითამაშა. 8 მაისს მას ასი წელი შეუსრულდებოდა.

მარსელში დაბადებული ფერნანდელი ძალიან ამაყობდა თავისი წარმომავლობით და დიალექტით. მის ხალხურ მეტყველებაში ბევრს შეეძლო საკუთარი თავის წარმოდგენა. გაუთლელი ფრანგი, რომელსაც სპეციფიკური ხმა და განსაცვიფრებელი მგრძნობელობა გამოარჩევდა, "პატარა ადამიანის კომიკოსად" იქცა.

თავისი კარიერა ფერნანდელმა სამხრეთი საფრანგეთის ვარიეტეს სცენებზე დაიწყო. სულ ახალგაზრდა მღეროდა თავის ძმასთან ერთად ომში დაჭრილების წინაშე. მალე აღმოჩნდა მარსელის ოდეონის თეატრში, სადაც დიდი წარმატებით სარგებლობდა. 1928 წელს კი პარიზში გადავიდა.

პირველი დიდი აღიარება მოუპოვა სოფლის ბრიყვის როლისმა ფილმში "ქველი ისიდორი". საერთაშორისო სახელი კი მოგვიანებით მოიხვეჭა მას მერე, რაც მღვდელი დონ კამილოს ანაფორა გადაიცვა. უზარმაზარი წარმატება ხვდა წილად ფილმებს "დონ კამილოს დაბრუნება", "მონსინიორ დონ კამილო" და "დონ კამილო რუსეთში". 1953 წლის იანვარში ფერნანდელი პაპმაც კი მიიღო კერძო აუდიენციაზე. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ამით მოისურვა თავისი სიმპათია გამოეხატა კომედიების მიმართ, რომლებშიც იტალიაში კათოლიკურ ეკლესიასა და კომუნიზმს შორის ბრძოლა იყო ასახული.

ფერნანდელის წარმატებები 1930 წლიდან მის სიკვდილამდე, 1971 წლის 26 თებერვლამდე გრძელდებოდა. იგი კომიკოსად იყო დაბადებული. თუმცა ერთხელ უთქვამს, რომ მისთვის იდეალური საქმიანობა მოხეტიალე ცხოვრება იქნებოდა. "მსახიობი რომ არ დავმდგარიყავი, გზას დავადგებოდი და ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში ვიხეტიალებდი. ძველი ტრუბადურებივით მადრიგალებსა და ბალადებს ვიმღერებდი. ლურჯი ცა, სუფთა ჰაერი და ახალი ქვეყნების ნახვის ჟინი საუკეთესო გასამრჯელო იქნებოდა ჩემი სიმღერებისთვისო."

[მუსიკა]


საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი

ბიძინა რამიშვილი:
ახლა, დაპირებისამებრ, გთავაზობთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას "საინტერესო ამბების კალეიდოსკოპი", რომელიც დღეს სპორტის თემას ეხება. იგი დავით კაკაბაძემ მოამზადა.

იხ. აუდიოვერსია.

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭაიაურელმა, დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

[მუსიკა]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG