Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ახლაგაზრდული პროგრამის" დღევანდელ


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახლაგაზრდული პროგრამის" დღევანდელ

გადაცემაში იმ ორ ახალგაზრდას წარმოგიდგენთ, რომელთა შემოქმედებაც კლასიკურ მუსიკას უკავშირდება. ორივე მათგანი სტუდენტია: ქეთევან ქემოკლიძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწფო კონსერვატორიაში სწავლობს ვოკალის განხრით. თქვენ ახლა სწორედ მისი ხმა გესმით. აქვე გეტყვით, რომ მესამეკურსელი ქეთი რესპუბლიკური კონკურსების ლაურეატია. გაგა შოთაძე კი ფლეიტისტია. ის ჩვენი სტუდიის სტუმარი ადრეც იყო - მაშინ, როცა თბილისში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტების შეხვედრაზე, სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალს წარმოადგენდა. გაგა შოთაძე ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან. რისთვის იყო ის იქ წასული, ამის შესახებ დავით პაიჭაძისგან შეიტყობთ. მანამდე კი შევეცდები ახლოს გაგაცნოთ ახალგაზრდა მომღერალი, რომელსაც პუბლიკა მალე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე იხილავს.


[ქეთი ქემოკლიძის ხმა] "საწყის ეტაპზე დამწყები მომღერლისთვის აუცილებელია მყარი საფუძველი შეიქმნას საქართველოში, რომ მერე უცხოეთში წავიდეს და იქ წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. დამწყებებისთვის აქ საკმაოდ არის პირობები შემოქმედებითი ძალების გასამყარებლად. ამ ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს მუსიკოს შემსრულებელთა მესამე კონკურსი, სადაც გავხდი მეორე ადგილის მფლობელი. ასეთი კონკურსები აუცილებელია მომღერლის გაზრდისათვის, საერთაშორისო კონკურსებიც, მაგრამ ჯობს ეტაპობრივად იყოს ყველაფერი."

ქეთიმ მეორე ადგილი მიიღო ახალგაზრდა შემსრულებელთა პირველ კონკურსშიც, გახდა იმ კონკურსის ლაურეატიც, რომელიც პუშკინის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქეთი ქემოკლიძე კონსერვატორიის მესამე კურსის სტუდენტია, ვოკალის განხრით; მისი პედაგოგი გულიკო კარიაულია. 2000 წელს ქეთი პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა. კონსერვატორიის პარალელურად, ის ტექნიკურ უნივერსიტეტშიც სწავლობს, საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე. თავისუფალ დროს ხატავს და, როგორც ამბობს, ეს საქმე ნორმალურად გამოსდის, ვინაიდან სამხატვრო ათწლედიც აქვს დამთავრებული.

როგორც ვხედავთ, ქეთი მრავალმხრივი ადამიანია. მას დატვირთული დღის რეჟიმი აქვს. დილით ტექნიკურ უნივერსიტეტში ესწრება ლექციებს, შემდეგ ვოკალში მეცადინეობს. სისტემატურად უწევს სხვადასხვა კონცერტებზე გამოსვლა, თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა ორკესტრებთან, არის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სტაჟიორი. იქ უკვე დანიშნულია ერთ-ერთ როლზე. ამდენად, მალე მოუწევს საოპერო სცენაზე ერთ-ერთ სპექტაკლში სიმღერა. მაგრამ ამ ყველაფრამდე იყო ბავშვობა და კლასიკური მუსიკის სამყაროში ქართული ხალხური სიმღერების უკიდეგანო სივრციდან შესვლა. ქეთი ამბობს, რომ სიმღერა ისე დაიწყო, როგორც ქართველი ბავშვების 90 პროცენტი იწყებს - ქართული სიმღერების შესრულებით. სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში ფორტეპიანოს განხრით და იქვე ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლში მღეროდა.

[ქეთი ქემოკლიძის ხმა] "ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქართული ფოლკლორის შესწავლა. ძალიან ბევრი რამ მომცა ამან. უამრავი ნიუანსია ქართულ ფოლკლორში, რომელიც ძალიან საგულისხმოა არა მარტო მომღერლისათვის, საერთოდ, ყველა ადამიანისთვის. "

სწორედ ქართული ხალხური სიმღერების პატარა შემსრულებლების კონცერტზე მოხდა ის, რამაც ქეთის მომავალი გადაწყვიტა. მის დედას ურჩიეს ქეთის შესაძლებლობები საოპერო მუსიკაში მოესინჯა. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ქეთი მის ამჟამინდელ პედაგოგთან გულიკო კარიაულთან მიიყვანეს. გულიკო კარიაულის რეკომენდაციითვე ჩააბარა მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში.

ქეთი ქემოკლიძის ურთიერთობა ორკესტრთან ტელე-რადიო დეპარტამენტის სახელმწიფო ორკესტრთან ურთიერთობით დაიწყო, როდესაც ძველი მუსიკის საღამოს ამზადებდნენ. შემდეგ იყო ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო კონცერტი. ქეთი თანამშრომლობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმფონიურ ორკესტრთანაც. ყველაზე მნიშვნელოვნად კი მაინც ჯანსუღ კახიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა მიაჩნია. აქ მან, თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით და ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, ალტის პარტია შეასრულა მოცარტის "რეკვიემში." მისი თქმით, დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები საოპერო მუსიკას მაინცდამაინც არ სწყალობენ, თუმცა საოპერო მუსიკა არის ის, რასაც საქართველოში თაყვანისმცემელი არასდროს დაელევა. ქეთის აზრით, საქართველოში უამრავი ძლიერი ხმაა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კი ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა, რომლებსაც ყველა პირობა აქვთ შესაძლებლობების გასაღრმავებლად. დაბოლოს, ქეთი აღიარებს, რომ ქართული მუსიკის მიმართ, ქართველი კომპოზიტორების მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა აქვს.

[ქეთი ქემოკლიძის ხმა] "არის შენის მომენტი, როცა ქართულს ასრულებ, მაგრამ, თუ მღერიხარ, ყველაფერი კარგად უნდა შეასრულო. ქართულის მიმართ რაღაც ლტოლვა მაქვს და შესრულების მანერაც გამორჩეული, იმიტომ მივიღე პრიზი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების საუკეთესო შესრულებისთვის. ამ კონკურსზე შევასრულე არაყიშვილის "თქმულება შოთა რუსთაველიდან" თამარის კავატინა და თაქთაქიშვილის "ვედრება. "



ეს იყო ახალგაზრდა მომღერალი ქეთი ქემოკლიძე. ახლა კი სხვა ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსზე, ფლეიტისტ გოგა შოთაძეზე განვაგრძობთ საუბარს. თქვენ გესმით ზაზა კილასონიას "ელეგია", გაგა შოთაძის შესრულებით. ის ამ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან. გაგას დავით პაიჭაძე ესაუბრა.

დავით პაიჭაძე:


ამ ხუთიოდე თვის წინ ახალგაზრდულ პროგრამაში შევხვდით 20 წლის გაგა შოთაძეს, რომელმაც იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონკურსში გაიმარჯვა და მოიპოვა უფლება, სტაჟირება გაევლო ფლორენციის კონსერვატორიაში. მანამდე გაგა ქუთაისის კონსერვატორიაში სწავლობდა ფლეიტის სპეციალობით. იტალიაში ის იანვარში გაემგზავრა და სტაჟირების ვადის ამოწურვისას მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალში. იქაც გაიმარჯვა და ფლორენციის კონსერვატორიამ ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა სწავლის გასაგრძელებლად. მე ვკითხე გაგას, რა ნაწარმოების შესრულებამ მოუტანა წარმატება იტალიაში [გაგა შოთაძის ხმა]: "მე იქ შევასრულე ბახის სონატა ლა მინორი, რომელსაც საქართველოშიც ვუკრავდი. ეს ნაწარმოები კონკურსზე შევასრულე იტალიური მეთოდით. იტალიური სკოლის ტექნიკა აბსოლუტურად განსხვავებულია საქართველოში მიღებული ტექნიკისა და შესრულების მანერისაგან. ამან გამამარჯვებინა".

სწავლას გაგა შოთაძეს იტალიის მთავრობა დაუფინანსებს. გარდა ამისა, გაგა იტალიაში თავისებური კულტურული დესპანის როლში აღმოჩნდა: ქუთაისის ხელისუფალთა რწმუნებით, მან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც ქუთაისელი ახალგაზრდების იტალიაში წარგზავნას და, პირიქით, იტალიელთა საქართველოში ჩამოსვლას ითვალისწინებს სწავლისა და კულტურათა გასაცნობად.

საინტერესო იყო, როგორ მოახერხა გაგამ იტალიაში ენობრივი ბარიერის გადალახვა. აღმოჩნდა, რომ [გაგა შოთაძის ხმა]: "ჩვენთან კათოლიკე მისიონერები ცხოვრობენ და სანამ იტალიაში გავემგზავრებოდი, მამა ჯუზეპე პაზოტომ მასწავლა იტალიური ენა. ენას 1995 წლიდან ვსწავლობდი. საერთოდ, სწავლება მაშინ ფასიანი იყო, მაგრამ ჩვენ დავდეთ კონტრაქტი: ისინი ენას უფასოდ მასწავლიდნენ, მე კი მათ კონცერტებში ვმონაწილეობდი".

ბუნებრივია, ჩვენი საუბარი იტალიაში სწავლასაც შეეხო. დასაწყისში გაგამ მოკლედ აღნიშნა, რომ საქართველოსა და იტალიაში სწავლების დონეთა შედარება არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ სწორედ საქართველოში სწავლის შემდეგ - ცხადია, მისი ნიჭისა და სიბეჯითის გათვალისწინებით - გაუჩნდა მას სწავლის გასაგრძელებლად აუცილებელი ბაზა. გაგამ თქვა, რომ ქუთაისის კონსერვატორიაში ის მეოთხე კურსზე იყო, ხოლო ფლორენციაში ერთი საფეხურით უკან დასწიეს და მე-5 კურსზე დასვეს, რაც ქართული მე-3-ის შესატყვისია. მე ვთხოვე გაგა შოთაძეს, აღეწერა განსხვავება სწავლების მეთოდებსა და მიდგომებს შორის. აღმოჩნდა, რომ განსხვავება უკვე საწყის საფეხურზე იჩენს თავს [გაგა შოთაძის ხმა]: "ჩვენთან ბგერაზე მუშაობას პატარაობიდანვე იწყებენ და მოწაფეებს ადრევე აძლევენ ნაწარმოებებს. ეს იტალიელებისთვის მიუღებელია. თავიანთ სტუდენტებსა და მოწაფეებს ბგერაზე 16-17 წლის ასაკამდე ამუშავებენ და მხოლოდ 18 წლიდან იწყებენ ნაწარმოებებზე მუშაობას. შედარებისთვის: ჩვენში ნაწარმოებზე მუშაობას 10-11 წლიდან იწყებენ".


გაგა შოთაძე ამბობს, რომ სამი თვის მანძილზე ფლორენციაში ერთი წლის პროგრამა დაძლია. ეს არა მხოლოდ მისი, არამედ იტალიური ტექნიკის დამსახურებაა. გაგა "ტექნიკაში" მხოლოდ ინსტრუმენტს არ გულისხმობს. მისი თქმით, საქართველოსგან განსხვავებულია შესრულებისა და დგომის მანერაც კი, რომელსაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. დეტალურად არის დამუშავებული უმცირესი დეტალებიც კი. მაგალითად, სახელმძღვანელო, რითაც გაგა იტალიაში სწავლობდა, ფლეიტაზე დაკვრისას მხოლოდ დგომის მანერას 20 გვერდს უთმობს [გაგა შოთაძის ხმა]: "ერთი თვე დგომის მანერის დახვეწას, ტუჩისა და აპარატის დაყენებას ვსწავლობდი. სიმართლე რომ გითხრათ, იქ ნაწარმოებებზე არ მიმუშავია, ძირითადად, ბგერის ხარისხზე ვიყავი კონცენტრირებული. შეიძლება კაცმა იკითხოს, ამას სამი თვე რად უნდაო? მაგრამ იტალიელებმა ისეთი სავარჯიშოები მომცეს და ისეთი ტექნიკის ათვისება დამავალეს, რომ ყოველდღე დატვირთული პროგრამა მქონდა.".


ამა წლის ოქტომბრიდან გაგა შოთაძე მე-6 კურსზე გააგრძელებს სწავლას. მე ვკითხე, კიდევ ბგერის დამუშავება და დგომის ტექნიკის დახვეწა, ანუ პროფესიული ანბანის ხელახლა ათვისება მოუწევს, თუ უფრო სერიოზული საქმეც გაუჩნდება? [გაგა შოთაძის ხმა]: "მე-6 კურსი ითვალისწინებს ნაწარმოებების შესრულებას, ხოლო მე-7 კურსი გასვლით კონცერტებს იტალიის ქალაქებში, სადაც ამ ქალაქების ორკესტრებთან ერთად უკრავ სოლისტის რანგში".


გაგა შოთაძე ამბობს, რომ თავად აპირებს შესწავლის შემდეგ, თუ მოახერხებს, საქართველოშიც ასწავლოს იტალიაში შეთვისებული ხერხებითა და მეთოდით. იტალიელები გვაძლევენ საშუალებას, უფრო იოლად დავეუფლოთ ტექნიკას, აქ კი ინსტრუმენტთან მუშაობა ბავშვებს ხშირად წვალებად ექცევათ, ამბობს ახალგაზრდა მუსიკოსი [გაგა შოთაძის ხმა]: "ჩვენთან ყველაფერი სირთულით მიიღწევა. კარგი იქნება, ეს ადვილი ტექნიკა შემოვიღოთ და უფრო რაფინირებული, სრულყოფილი ბგერის შესრულებას მივაღწევთ".


ჩვენი საუბარი კი ერთი ბანალური კითხვით დასრულდა, რომლითაც, ტრადიციულად, მიმართავენ ხოლმე მუსიკოსებს: ვინ არიან ის კომპოზიტორები, რომელთა ნაწარმოების შესრულება გაგას გამორჩეულად უყვარს [გაგა შოთაძის ხმა]: "ქართველი კომპოზიტორებიდან განსაკუთრებით მიყვარს ოთარ თაქთაქიშვილი. უცხოელი კომპოზიტორებიდან - მოცარტი, ბეთჰოვენი და ვერდი".


დაბოლოს: რა თქმა უნდა, ასპარეზი მაღალი კლასის ახალგაზრდა შემსრულებლისათვის, როგორადაც, ალბათ, უნდა ჩამოყალიბდეს გაგა შოთაძე, საქართველოში ჯერ არ არის. რაოდენ აღვსილიც უნდა იყოს პატრიოტული გრძნობით ჩვენი სტუმარი, საქმიანობის გაგრძელებას სწავლის გასრულების შემდეგ ის საზღვარგარეთ გეგმავს. კაცმა რომ თქვას, მუსიკოსისთვის ეს ცხოვრების ჩვეული წესია.
XS
SM
MD
LG