Accessibility links

logo-print

ორჯარიანობა საქართველოში!


10 მაისს საქართველოში ოფიციალურად

დასრულდა ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების მესამე ეტაპის "ბ" ფაზა. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს კი, სტარტს აიღებს სწავლების მესამე, ბოლოსწინა, ფაზა, რომელსაც კვლავ ამერიკელი საზღვაო ქვეითები უხელმძღვანელებენ. ასე რომ, პროგრამის წლისთავზე საქართველოს სამხედრო ძალებს ჰყავს უკვე 1200 კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილი პროფესიონალი სამხედრო ქვედანაყოფი, რომელზეც სახელმწიფო ზუსტად იმდენ თანხას ხარჯავს, რამდენსაც დანარჩენ 20 000 კაციან შეიარაღებულ ძალებზე. ანუ საქართველოში არსებობს ორი ჯარი - ამერიკელი სამხედროების გაწვრთნილი პროფესიონალები და დანარჩენები. ორჯარიანობა კი, თუკი ეს მდგომარეობა დიდხანს გაგრძელდა, ისეთსავე საფრთხეს შეუქმნის ქვეყანას, როგორსაც - ორხელის-უფლებიანობა.

საქართველოს ხელისუფლება კანონიერი კმაყოფილების გრძნობით შეხვდა გამოშვებას "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული მე-16 გვარდიული სამთო-მსროლელი ბატალიონისა, რომელმაც ქვეყნის უსაფრთხოება ერთ-ერთ ოპერატიულ სამხრეთის მიმართულებაზე უნდა დაიცვას.

თუ მხედველობაში არ მივიღებთ 14 საჩხერელ ჯარისკაცს, რომლებმაც ურთულეს და ინტენსიურ საველე-სპეციალურ ვარჯიშებს უდისციპლინობისა და სუსტი ნებისყოფის გამო ვერ გაუძლეს, ამერიკელი საზღვაო-ქვეითების მიერ შედგენილი 15 კვირიანი მომზადების პროგრამა სერიოზული დანაკარგების გარეშე დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებიც 560 უმაღლეს დონეზე მომზადებული და კარგად მოტივირებული ჯარისკაცითა და ოფიცრით შეივსო. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკვე დაკომპლექტებულია რიგით მესამე შვიდასკაციანი ქვედანაყოფი, რომელიც წვრთნის პროგრამაში ოფიციალურად 26 მაისს ჩაერთვება.

სწორედ ეს პროფესიული ბატალიონები წარმოადგენენ იმ ძირითად არგუმენტს, რითაც საქართველომ ცივილიზებულ ქვეყნებს უნდა დაუმტკიცოს, რომ შეძლებს ააღორძინოს მხედრული საქმე და აიყვანოს იგი ნატოს სტანდარტებამდე. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის განცხადებით, "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის ფარგლებში მომზადებული ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნას მუდმივად სწავლობენ და თვალყურს ადევნებენ უშიშროების საბჭოს აპარატის თანამშრომლები. თედო ჯაფარიძის თქმით, ცალკე მოსმენა მიეძღვნა ბატალიონ "კომანდოს" წევრების დეზერტირობის ფაქტებს, რაზეც რადიომსმენელებს ჩვენ ერთ-ერთ ბოლო გადაცემაში ვუამბეთ.

[თედო ჯაფარიძის ხმა] "რა თქმა უნდა, ეს ფაქტები გაანალიზებული იქნა. მე ვერ დაგპირდებით, რომ შემდეგ რაღაც ინციდენტს არ ექნება ადგილი, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ასეთი სამწუხარო ფაქტები თავიდან ავიცილოთ."

აღსანიშნავია, რომ პროგრამის დაწყების წინ ბევრი სპეციალისტი ვარაუდობდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაუჭირდებოდა დაქირავებული სამხედრო მოსამსახურის ფულადი უზრუნველყოფა, ანდა პროფესიონალ ჯარიკაცთა და სხვა კატეგორიის შტატიან სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაში, აღჭურვასა და მატერიალურ უზრუნველყოფაში არსებული აშკარა დისბალანსი სოციალურ აფეთქებამდე მიიყვანდა სამხედრო უწყებას. ერთი წლის გასვლის შემდეგ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა რესურსის მობილიზებით ცდილობს არ ჩააგდოს ქართულ-ამერიკული ერთობლივი პროგრამა, თუმცა, როგორც გენერალური შტაბის უფროსი ჯონი ფირცხალაიშვილი ამბობს, ეს სხვა შიდა პროგრამების უგულებელყოფის ხარჯზე ხდება.

[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "მე შემიძლია ოფიციალურად გითხრათ, რომ ჯერჯერობით "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამას რაც ეხება, არაფერი არ ჩავარდნილა. ყველაფერი ერთი-ერთზე მიდის და არავითარი შეფერხება არ ყოფილა. დანარჩენი - ყველაფერი ჩავარდნილია."

საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მიერ დაუფარავად ნათქვამი სიტყვები ნიშნავს, რომ ქართველი სამხედროები ადეკვატურად, ყოველგვარი პროპაგანდისტული ფერუმარილის გარეშე აფასებენ სამხედრო სფეროს დაფინანსებაში შექმნილ პერმანენტულ კრიზისს. თუმცა გამოთქმა"ყველაფერი ჩავარდნილია" შემდგომ დაზუსტებას მოითხოვს.

როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა კვლავ ერთი თეთრითაც ვერ დააფინანსა საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის აღსადგენად შემუშავებული პროგრამა; იმავე მიზეზის გამო ვერ ხერხდება პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული სწავლების გამართვა, რომელიც ორი თვის წინ გამოცხადდა. და, რაც მთავარია, სამხედრო უწყებებში მომუშავე სტაჟიანი სამხედრო მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება კვლავ 1996 წლის დონეზე დარჩა და, საშუალოდ, სამჯერ ნაკლებია ქართულ-ამერიკული პროგრამისთვის საგანგებოდ დაქირავებული ჯარისკაცის ერთი თვის ხელფასზე. შრომის ანაზღაურების თვალსაზრისით, კიდევ უფრო მძიმე, შეგვეძლო გვეთქვა, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება სამხედრო უწყებაში დასაქმებული სამოქალაქო პერსონალი, რომლის საშუალო ხელფასი 50 ლარს არ აღემატება.

ერთი სიტყვით, იქმნება აბსურდული ვითარება, როდესაც ერთსა და იმავე კაბინეტში და ერთსა და იმავე საკითხებზე მომუშავე ადამიანები განსხვავებულ ხელფასს იღებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი სამხედროა, მეორე კი არა. ასეთი სოციალური უსამართლობის გამო, საქართველოს თავდაცვის უწყება არათუ გამოცდილი სამოქალაქო პერსონალის მიზიდვას ვერ ახერხებს, რაც ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, არამედ ყოველწლიურად კარგავს გამოცდილ კადრებს. შექმნილი ვითარება, როცა ერთნი ღებულობენ ყველაფერს, რაც საჭიროა, ხოლო მეორენი იმასაც ვერა, რაც აუცილებელია, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ორად ყოფს.

ამიტომაცაა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი საშტატო კატეგორიის თანამშრომელი ჩართოს "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამაში.შესაბამისად, სანამ ეს პროგრამა გრძელდება და ქართველ სამხედროებს იმედი აქვთ მასში მოხვედრისა, სოციალური დისბალანსით გამოწვეული უკმაყოფილება ზედაპირზე არ ამოდის. მაგრამ ეს იდილია მხოლოდ ერთ წელს გაგრძელდება. შესაბამისად, ეს ერთი წელი რჩება საქართველოს ხელისუფლებასაც მოსაფიქრებლად, რათა ქვეყანას ორჯარიანობით გამოწვეული სოციალური მღელვარება ააცილოს.
XS
SM
MD
LG