Accessibility links

logo-print

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების


მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების

საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" წელს მეშვიდედ ტარდება. "გიფტს" ძველი პრობლემა კვლავაც ვერ გადაუწყვეტია - ფესტივალის ბიუჯეტი მწირია და მთელი წლის მანძილზე, ერთი ფესტივალიდან მეორემდე, "საჩუქრის" დამაარსებელს ქეთი დოლიძეს ლამის რკინის ჯოხითა და რკინის ქალამნებით უხდება სახელმწიფო ჩინოვნიკების, პოლიტიკოსების, ბიზნესმენების ოფისებში "კარდაკარ" სიარული. თუმცა ეს ხალხი, როგორც ჩანს, სულაც არ მიიჩნევს, რომ ფული "ხელის ჭუჭყია" და მაინცდამაინც არა აქვს სურვილი გაუკეთოს საჩუქარი თბილისელებს - დაეხმაროს ქეთი დოლიძის ფესტივალს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ, პირველ ფესტივალთან შედარებით, "საჩუქრის" პროგრამა სულ უფრო და უფრო მოკრძალებული ხდება. შარშანდელი "გიფტი", მაგალითად, რუსული კულტურის დღეებს უფრო ჰგავდა, ვიდრე საერთაშორისო ფესტივალს; წელს, ფინანსური პრობლემების გამო, ანატოლი ვასილიევის წარმოდგენების ხილვა მხოლოდ ვიდეოფირზე გახდება შესაძლებელი; ფესტივალის უცხოელი სტუმრები, იტალიური ქუჩის თეატრის "სილენსე ტეტროსა" და სტავროს ცაკირისის ბერძნული დასის მსახიობები წარმოდგენებს ღია ცის ქვეშ მართავენ.

ფინანსური პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება, თუმცა შვიდი წლის "გიფტის" ბიოგრაფიაში მაინც მოხდა ცვლილება - "საჩუქარი" წელს არა ტრადიციულად ოქტომბერში, არამედ გაზაფხულზე ტარდება. როგორც არ უნდა ხსნიდნენ ამ ცვლილებას ფესტივალის ორგანიზატორები, ფაქტია, ამით მიხეილ თუმანიშვილის ფესტივალი გადაურჩა
ჩვენი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო "ხრიკებს", მათ ხელგაშლილობასა და გულუხვობას არჩევნების წინ. ახლა წინასაარჩევნო პროპაგანდას შეიძლება ვერ გადაურჩეს კინოფესტივალი "პრომეთე", რომელიც წელს პირველად გამოეყო "გიფტს" და ისევ ოქტომბერში ჩატარდება. მაგრამ ხალხი, მოგეხსენებათ, ეჭვიანია, მით უმეტეს "პოლიტიზირებული ხალხი". არჩევნები შემოდგომაზეა დაგეგმილი, მაგრამ საარჩევნო მარათონი დაწყებულია. ამიტომ ბუნებრივია, რომ "ეჭვიანი ხალხი" 2003 წლის კულტურული პროექტების მიღმა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს მოიაზრებს. წლევანდელი "გიფტი" კი ისე გაიხსნა, რომ ამ ძალების გამოსავლინებლად ეჭვიან ხალხს დიდი ძალისხმევა არ დასჭირდა: ბერძენი რეჟისორის მიხაილ მარმარინოსის სპექტაკლი "ეროვნული ჰიმნი" "ახალი მემარჯვენეების" მიერ ახლახან ათვისებულ "უსინათლოთა საზოგადოების" კულტურის სახლში დაიდგა. მართალია, სპექტაკლის პროგრამაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "ეროვნულ ჰიმნს" "გიფტთან" ერთად თბილისის მერია და მერიის კულტურის სამსახური წარმოგვიდგენს, "უსინათლოთა საზოგადოების კლუბში" მაყურებელი თავს ვერ დაიბრმავებდა და სამსაათიანი სპექტაკლის მსვლელობისას არაერთხელ წაიკითხავდა სცენის სიღრმეში გამოკრულ "ახლების" ლოზუნგებს. მით უმეტეს, რომ წარმოდგენის ავტორი დარბაზის სივრცის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობს, მოქმედებაში აქ მაყურებელი ერთვება. "გიფტის" გახსნის საზეიმო ცერემონიალზე კი მაყურებელს, უფრო ზუსტად, ქართულ თეატრალურ ელიტას გვერდს უმშვენებდნენ სწორედ "ახალი მემარჯვენეების" ლიდერები. სხვათა შორის, პირველმა, ე.ი. "თეატრალურმა ელიტამ" შესვენების დროს სასწრაფოდ დატოვა დარბაზი. "ახლები" კი დარჩნენ, უფრო მეტიც, წარმოდგენის ბოლო სცენაში ქალბატონმა ფიქრია ჩიხრაძემ იცეკვა კიდეც სპექტაკლში მონაწილე მსახიობებთან ერთად. ვერ გეტყვით, რას ფიქრობდნენ მასპინძლები, ე.ი. "ახლები" იმ დროს, როცა დარბაზი დატოვეს "საპატიო სტუმრებმა" - თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა, ცნობილმა კრიტიკოსებმა, ახალგაზრდა ქართველმა დრამატურგებმა, ვერ გეტყვით, ინანეს თუ არა მათ, რომ თავიანთი დარბაზი ბერძენი რეჟისორის წარმოდგენას დაუთმეს. იმასაც ვერ გეტყვით, დაესწრნენ თუ არა მასპინძლები "ეროვნული ჰიმნის" წარმოდგენას მომდევნო დღეებში, როცა, თვითმხილვევლთა თქმით, მაყურებელმა მქუხარე ოვაციები მოუწყო მიხაილ მარმარინოსს და სპექტაკლში დაკავებულ მსახიობებს - კინომსახიობის თეატრის დასის წევრებს, აგრეთვე, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობი ფაკულტეტის სტუდენტებს. როგორც ჩანს, იმ დღეებში "უსინათლოთა კლუბში" სწორედ იმ მაყურებელმა მოიყარა თავი, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს, რომ თეატრი არ არის მხოლოდ ტაკიმასხარაობა, იაფფასიანი მონოსპექტაკლები, "ჩამოწერილი" თეატრალური ვარსკვლავების პათეტიკური მონოლოგებით, კუსტარული "ანდეგრაუნდითა" და ეგრეთ წოდებული "კაპუსტნიკებით"... პირველი წარმოდგენის შემდეგ აქ, ეტყობა, ის მაყურებელი მოვიდა, რომელსაც არ სწყინს, როცა სიმართლეს ეუბნებიან, შეახსენებენ, რომ ქართველებმა საკუთარი ეროვნული ჰიმნის არც ტექსტი იციან და არც სიმღერა... ისე, როგორც მიხაილ მარმარინოსის სპექტაკლში, რომლის პერსონაჟები მშვენივრად მღერიან, მაგალითად, "წინ წყაროს", მაგრამ ეროვნული ჰიმნის მოსმენას ისევ "ჟუჟუნა წვიმა" ურჩევნიათ.

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან. "წინ წყარო"]

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან. ჰიმნი]

თუმცა თავად მარმარინოსი ამ წარმოდგენის შინაარსს სულ სხვაგვარად ხსნის. შარშან, სპექტაკლზე მუშაობის დაწყების წინ, ბერძენმა რეჟისორმა ჩვენთან საუბარში განაცხადა:

[მიხაილ მარმარინოსის ხმა] "სახელწოდებაა "ნაციონალური ჰიმნი", ხოლო ქვესათაური გახლავთ "თეორემა ერთობის შესახებ. მე ვსაუბრობ იმ გრძნობაზე, რომელიც დაკარგულია ევროპაში. ის წარმოდგენა, რომელიც პირველად საბერძნეთში დავდგით, ამ საკითხს ეძღვნებოდა. თუმცა ამ წარმოდგენის იდეა სწორედ საქართველოში დამებადა. მინდოდა, "დაკარგვის" ეს გრძნობა ჩემი ქვეყნის ხალხისთვის გამეზიარებინა; აღმოჩნდა, რომ მათაც აწუხებთ ეს. ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ეს გრძნობა, მივხვდით, რომ ეს იგივეა, რაც ერთად ჭამა, სმა, ერთად ცეკვა."

ამ "თეორემას ერთობის შესახებ" მიხაილ მარმარინოსმა წინ დაურთო "კოდაკის" სარეკლამო რგოლიდან ნასესხები ერთი წინადადება - "მაღალი ხარისხის მოგონებები ხელმისაწვდომ ფასად"... და ეს არ არის მხოლოდ ირონია, ან თვითირონია - მთელი ეს ათნაწილიანი სპექტაკლი, მართლაც რომ, "ხელმისაწვდომად" გამოხატული მოგონებაა, თანაც ძალიან მაღალი ხარისხის... საქართველოს ისტორიაა, წარმოდგენილი "ატრაქციონებით", რომლის მიზანი პუბლიკის აღელვება, შეიძლება ითქვას, "აღგზნებაა"... ძალიან კარგად გათვლილი და განგებ გაჭიანურებული სანახაობა, რათა მაყურებელი ჯერ აღიგზნოს, მერე მოდუნდეს, იმდენად მოდუნდეს, რომ გაადვილდეს მისი მართვა ფინალში, მაშინ, როცა უნდა მოხდეს კათარზისი... დიახ, მოხდეს ის, რაც აუცილებელია კლასიკური თეატრისთვის და რაც დიდი ხანია არ მომხდარა ჩვენში - არც თეატრში და არც რეალურ ცხოვრებაში.

[ფრაგმენტი სპექტაკლიდან "საქართველოდან გარბიან." ]

იმ ქვეყანაში, სადაც არ სწყინთ, როცა სიმართლეს ეუბნებიან, სადაც აფასებენ პროფესიონალიზმს, ავტორის მუსიკალურობას, სივრცის გრძნობას, მსახიობებთან მუშაობის უნარს, ისტორიულ აზროვნებას, სათქმელის არასწორხაზოვნებას, სადაც მადლობას უხდიან ავტორს კათარზისისთვის, ცრემლისთვის, მიხაილ მარმარინოსს, ისევე როგორც სპექტაკლში მონაწილე მსახიობებს, განსაკუთრებით კი გიორგი ნაკაშიძესა და ლია კაპანაძეს, სახელმწიფო პრემიას მიანიჭებდნენ. ჩვენთან ის ხალხი, ვინც პრემიებზე წარადგენს ხოლმე თეატრალებს, "საქართველოს ჰიმნიდან" გავიდა. მით უარესი მათთვის. კათარზისი მოხდა იმ ხალხში, ვინც ბოლომდე უყურა წარმოდგენას, რომლის მსგავსი, შესაძლებელია, დიდი ხანია არ დადგმულა ქართულ სცენაზე. სიმბოლურია, რომ ასეთი სპექტაკლისთვის მხოლოდ უსინათლოთა საზოგადოების კლუბი გამოინახა. მარმარინოსმა სამი საათით მაინც მოგვწყიტა რეალობას, რომელსაც პოლიტიკოსები ქმნიან თავიანთი "წინასაარჩევნო ხრიკებით", გვაიძულა დავხუჭოთ თვალი ამ ცრურეალობაზე და დავინახოთ ის, რასაც სიმართლე ჰქვია.
XS
SM
MD
LG