Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მეორე ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის


რუსეთის მეორე ქალაქის, სანკტ-პეტერბურგის,

დაარსების 300 წლისთავი საქართველომ ყველაზე ადრე იზეიმა. გასული წლის სექტემბერში თბილისში წარმატებით ჩატარდა სანკტ-პეტერბურგის კულტურის დღეები. წლის ბოლოს კი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თეატრის დარბაზში გაიმართა პირველი ჩვენება ზურაბ ინაშვილის ფილმისა "ქართველები მარიას თეატრში", რომლის გმირები არიან სანკტ-პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწე ჩვენი თანამემამულეები - ჯორჯ ბალანჩინი, ვახტანგ ჭაბუკიანი და სოლიკო ვირსალაძე. ბალანჩინის მოღვაწეობის შესახებ სანკტ-პეტერბურგში დღეს ჩვენც გიამბობთ.

"სისხლით - ქართველი ვარ, კულტურით - რუსი, ეროვნებით - პეტერბურგელი. "პეტერბურგელობა" - არ ნიშნავს, რომ რუსი ხარ. პეტერბურგი ყოველთვის ევროპული, კოსმოპოლიტური ქალაქი იყო," - კატეგორიულად აღნიშნავს ჯორჯ ბალანჩინი, იგივე გიორგი ბალანჩივაძე, ამერიკელი მუსიკისმცოდნის სოლომონ ვოლკოვის წიგნში "ვნებანი ჩაიკოვსკის მიხედვით", წიგნში, რომელიც მთლიანად ვოლკოვისა და ბალანჩინის დიალოგზეა აგებული, წიგნში, რომლის მიხედვით მორის ბეჟარმა ბალეტიც კი დადგა, "სალომეა". ვოლკოვის წიგნი პეტრე ჩაიკოვსკის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა, თუმცა "ვნებანი ჩაიკოვსკის მიხედვით", ამავე დროს, არის წიგნი პეტერბურგზე და თავად ბალანჩინის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. "სისხლით ქართველი, ეროვნებით - პეტერბურგელი" საუბრობს დიდ რუს კომპოზიტორზე, მაგრამ იგონებს თავის ბავშვობას, მშობლებს და თავის საყვარელ ქალაქს, რომელიც ქორეოგრაფმა ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ, 1924 წელს, დატოვა - ჯერ ევროპაში გაემგზავრა, შემდეგ შეერთებულ შტატებში, სადაც ყველასათვის უცნობი ბალანჩინი საბალეტო დასს, "ნიუ იორკ სიტი ბალეს", ჩამოაყალიბებს. მაგრამ ვოლკოვის წიგნში ჯორჯ ბალანჩინი თითქმის არ საუბრობს თავის წარმატებებზე - ქორეოგრაფი ლაპარაკობს ჩაიკოვსკის მუსიკასა და პეტერბურგზე. ბალანჩინის დაბრუნება ბავშვობასა და სიჭაბუკეში თავისებურად აერთიანებს კიდეც პეტერბურგს, საქართველოს და ევროპას.

დიდი ქართველი კომპოზიტორის, პირველი ქართული ოპერის "თამარ ცბიერის" ავტორის, მელიტონ ბალანჩივაძის ვაჟი ვოლკოვის წიგნში საქართველოს და ქართველობას ხშირად ახსენებს. იგონებს მამას, ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიის მღვდლის ანტონ ბალანჩივაძის ვაჟს, რომელიც 1889 წლიდან 1917 წლამდე პეტერბურგში ცხოვრობდა, იქ, სადაც დაიბადა გიორგი ბალანჩივაძე... ამბობს, რომ მელიტონ ბალანჩივაძეს პეტერბურგში "ქართველ გლინკას" ეძახდნენ, იხსენებს, როგორ მოიგო მამამისმა ლატარეაში 100 000 რუბლი, რომელიც მთლიანად სანკტ-პეტერბურგში მოქმედ ქართულ სათვისტომოს გადასცა. თავის შემოქმედებაზე საუბარს კი ბალანჩინი ასე იწყებს:

[ბალანჩინის ტექსტი]: "არ მიყვარს, როცა ვინმე ჩემ მაგივრად საქმიანობს. ჩემში ხომ ქართული სისხლი ჩქეფს - მე დამოუკიდებელი ვარ."

"ქართულ სისხლს" ბალანჩინი მაშინაც ახსენებს, როცა თავის სპექტაკლებზე იწყებს საუბარს. ამბობს, რომ "ნიუ იორკ სიტი ბალეტის" სახელგანთქმული სპექტაკლის, "ძვირფასი ქვების", იდეა დაებადა სახელგანთქმული საიუველირო ფირმის, "არპელის", მაღაზიაში ვიზიტის დროს.

[ბალანჩინის ტექსტი]: "მიყვარს ძვირფასი ქვები - მე ხომ ქართველი ვარ, რომელიც პეტერბურგში დაიბადა. ორივე ქვეყანაში, რუსეთსა და საქართველოში, კარგად ერკვევიან ძვირფასეულობებში. ძალიან მდიდარი რომ ვიყო, მთელ სხეულს ძვირფასი ქვებით დავიფარავდი."

თავის მოგონებებში დიდი ქორეოგრაფი პეტერბურგიდან, უფრო სწორად, მაშინ უკვე "პეტროგრადიდან" დასავლეთში გამგზავრებას არა იმდენად პოლიტიკური მოტივებით, რამდენადაც სოციალური სიდუხჭირით ხსნის. ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გიორგი ბალანჩივაძე მარიას თეატრთან არსებულ სკოლაში სწავლობდა, 1921 წლიდან მცირე თეატრის სპექტაკლებში მონაწილეობდა, ხოლო 1923 წელს პეტროგრადის "ახალგაზრდულ ბალეტს" ჩაუდგა სათავეში. 1917 წლის 7 ნოემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალება მოხდა, 13 წლის ბალანჩინი მარიას თეატრის სცენაზე "შჩელკუნჩიკში" ცეკვავდა. ამ პერიოდს იგი ასე იხსენებს:

[ბალანჩივაძის ტექსტი]: "ახალ მაყურებელს კლასიკური ბალეტი არ აინტერესებდა. თეატრში მოდიოდნენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, ეწეოდნენ დარბაზში, მზესუმზირას აკნატუნებდნენ, მუსიკას ფეხს აყოლებდნენ... მერე მობეზრდათ თეატრში სიარული, რადგან აქ არ ათბობდნენ... მშიერი მსახიობები ევროპაში გარბოდნენ."

გასულ წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში ახალი ქართული დოკუმენტური სურათის პრემიერა შედგა - რეჟისორმა ზურაბ ინაშვილმა თბილისელებს უჩვენა თავისი ერთსაათიანი ვიდეოფილმი "ქართველები მარიას თეატრში", რომლის გმირები ჩვენი თანამემამულეები - ჯორჯ ბალანჩინი, ვახტანგ ჭაბუკიანი და სოლიკო ვირსალაძე არიან. ფილმში ჩართულია ინტერვიუ ქორეოგრაფ ნიკიტა დოლგუშინთან, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის მუშაობის სტილს ასე იხსენებს:

[ნიკიტა დოლგუშინის ხმა, თარგმანით]: "იგი თავის მსახიობებს უაღრესად გრაფიკულ კომბინაციებს სთავაზობდა... კომბინაციები მოკლე იყო, მაგრამ თითოეული მოძრაობა ამ "ეგზერსისში" 15 წუთამდე გრძელდებოდა... მისი ეგზერსისი ვითარდებოდა და ვითარდებოდა, თანაც გასტროლებზე, სადაც საბალეტო დასს დღეში ორი სპექტაკლის გამართვა უხდებოდა..."

იგი ყველას ერთნაირ ყურადღებას უთმობდა - კორდებალეტსაც და სოლისტებსაც. ნეოკლასიკური ბალეტის ფუძემდებელმა უარი თქვა დეკორაციებზე, კლასიკური ბალეტისთვის დამახასიათებელ პანტომიმაზე, ტრადიციულ კლასიკურ ხაზებსა და მოძრაობებზე. მისთვის არ არსებობდა სცენაზე მთავარი და მეორეხარისხოვანი, წინა პლანი და ფონი. ერთხელ, რეპეტიციის დროს, ბალანჩინი თავისი დასის ერთ-ერთ წევრთან, მოცეკვავე ქალთან, ახლოს მივიდა და ქართულად უთხრა:

[ნიკიტა დოლგუშინის ხმა, თარგმანით]: "...შენი ჭირიმე"... ეს რაღაც ადამიანური ჟესტი საოცრად მომეწონა. მე ცოლი ქართველი მყავს და მივხვდი, რა თქვა. არ ვიცი, გაიგო თუ არა ამერიკელმა ბალერინამ, მაგრამ ისინი ისეთი ყურადღებით აღიქვამდნენ მის ამ უაღრესად მშვიდად, დაბალ ხმაში ნათქვამ შენიშვნებს, რომ ჩემთვის ცხადი გახდა, თუ როგორ უყვარდა იგი ყველას, უკლებლივ ყველას."

უკლებლივ ყველას, გარდა საბჭოთა ცენზურისა, რომელიც განუწყვეტლივ ამტკიცებდა, რომ ბალანჩინის უსიუჟეტო ბალეტებს არა აქვს მომავალი. ამ ბრალდებას ჯორჯ ბალანჩინი გაღიზიანებული პასუხობდა ხოლმე:

[ჯორჯ ბალანჩინის ტექსტი]: "ჩემს ბალეტებს - უსიუჟეტო, აბსტრაქტულ სპექტაკლებს უწოდებდნენ. მე ყოველთვის ვპასუხობდი: "არა, მე ვდგამ კონკრეტულ ბალეტებს. აბსტრაქტულს ვერ დაინახავ, ვერ შეეხები. აბსტრაქტული შიძლება იყოს მხოლოდ იდეა. მე კი ადამიანები მყავს. მათ აქვთ ხელები, ფეხები. ამიტომ ყველაფერი ეს ნამდვილია, ეს - ცეკვაა."

და მაინც, საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა ჯორჯ ბალანჩინის გენია. 1957, შემდეგ 1962, 1972 წლებში ბალანჩინი საბჭოთა კავშირში ჩამოვიდა. საქართველოში - 1962 წელს. თბილისით მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო. ოღონდ არა იმიტომ, რომ ქალაქი არ მოეწონა. როგორც თავად აღნიშნავდა:

[ჯორჯ ბალანჩინის ტექსტი]: "ქალაქს - ადამიანები ალამაზებენ... ადამიანებს კი აქ ეშინოდათ ჩვენთან შეხვედრის, რადგან ყველგან ოფიციალური პირები დაგვყვებოდნენ. ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს ჩვენთან მოსვლას უკრძალავდნენ."

ჯორჯ ბალანჩინის ძმა, კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე, ამერიკელი ქორეოგრაფის საქართველოში ჩამოსვლას ასე იგონებს:

[ანდრია ბალანჩივაძის ტექსტი] "დიდად ამაღელვებელ მოვლენად იქცა ჩემთვის ჩემი ძმის, გიორგის, ჩამოსვლა. ერთმანეთი არ გვენახა 45 წელი. ვერც ერთი ვერ ვიკავებდით ცრემლს. მოვინახულეთ მამაჩემის საფლავი "მწვანე ყვავილაში."

მელიტონ ბალანჩივაძის გარდა, გიორგი ბალანჩივაძეს "მეორე მამაც" ჰყავდა - პეტრე ჩაიკოვსკი. სწორედ "მამას" უწოდებს მას ბალანჩინი სოლომონ ვოლკოვთან საუბარში. იმასაც ამბობს, ჩაიკოვსკიმ თავისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოები, "მოცარტიანა", საქართველოში დაწერა და მე ამით ვამაყობ... მიხარია, რომ პეტრე ჩაიკოვსკი აღფრთოვანებული იყო თბილისითო.

ჩაიკოვსკის მუსიკაში ბალანჩინი ბავშვობის ნოსტალგიას ხედავს. ამერიკელ ქორეოგრაფსაც ასე იხსენიებდნენ ხოლმე - "დიდი ბავშვი".

ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა. ამბობენ, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გენიალური ქორეოგრაფი თითქმის ყოველდღე იხსენებდა ბავშვობას, პეტერბურგს, ჩაიკოვსკის და თავის ქართულ სისხლს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG