Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს დამკვირვებლები და რუსეთის სამშვიდობო ძალები კოდორის ხეობის მონიტორინგს იწყებენ


კოდორის ხეობის ფაქტორს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება ყოველთვის იყენებდა იმისთვის, რომ ქართული მხარე კონფლიქტთან დაკავშირებით მიღწეული

შეთანხმებების დარღვევაში დაედანაშაულებინა. ხეობაში დროდადრო გართულებული ვითარება სეპარატისტებს, მართლაც, აძლევდა ამის რეალურ საფუძველს. სოხუმის ხელისუფლება ახლაც ცდილობს კოდორის ხეობის საკითხით მოლაპარაკებათა განუახლებლობა გაამართლოს.

13 მაისს იწყება და 16-ში დასრულდება კოდორის ხეობაში რუსეთის სამშვიდობო ძალებისა და გაეროს დამკვირვებელთა ჯგუფის ერთობლივი მონიტორინგი. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში 11 კაცი იქნება, შემოწმებას დაიწყებს კოდორის ხეობის ქვედა ნაწილის სოფლებიდან - იქ, სადაც რუს მშვიდობისმყოფელთა საგუშაგოა გახსნილი. მონიტორინგის საბოლოო წერტილი საქართველო- რუსეთის საზღვარია, ანუ კოდორის ხეობის ზედა ზოლი, რომელიც დიდთოვლობის გამო ძნელად მისადგომია და სწორედ ეს მონაკვეთია აფხაზ სეპარატისტთა ჭირვეულობის მიზეზი.

აფხაზეთის ტერიტორიაზე თბილისის იურისდიქციის ზონა, კოდორის ხეობა, ყოველთვის იყო აფხაზეთის ფაქტობრივი ხელისუფლების პოლიტიკური თუ სამხედრო ინტერესების ძირითადი სამიზნე. 2001 წლის ზაფხულში კოდორის ხეობის ირგვლივ მორიგი დაძაბულობის ესკალაციისას ხეობის შენარჩუნება ქართულმა მხარემ იქ თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების შეყვანით მოახერხა. მომდევნო წლების მანძილზე სწორედ ეს შეიარაღებული ძალები აფხაზ სეპარატისტთათვის ქართულ მხარესთან მოლაპარაკებაზე უარის თქმის მიზეზი იყო. ამავე მიზეზით ჩაიშალა გაეროს ეგიდით მიმდინარე ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო საბჭოს სხდომებიც.

ამჯერად აფხაზური მხარე 2 წლიანი პაუზის შემდეგ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის განახლებაზე თანახმაა, თუმცა კი მაინც უკმაყოფილოა კოდორის ხეობაში ქართული შეიარაღებული ნაწილების ყოფნით. ეს, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია რეგულარულად ამოწმებს კოდორის ხეობის კუთხე-კუნჭულს.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტ შევარდნაძის რწმუნებულის წარმომადგენლის ნორა კვიციანის განცხადებით, ხეობიდან თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ნაწილები დიდი ხანია გაყვანილია და იქ მხოლოდ სასაზღვრო ნაწილები რჩება. ნორა კვიციანის თქმით, რუსეთისა და გაეროს დამკვირვებლებს წინა მონიტორინგის დროს, რომელიც 30 აპრილს დასრულდა, არანაირი დარღვევა არ აღმოუჩენიათ:

[ნორა კვიციანის ხმა] „ესენი არიან მესაზღვრეები, რომლებიც უნდა იდგნენ ჩვენს საზღვრებზე, ოღონდ ეს დაშვებულია ხელშეკრულებით და არავითარი ხელშეკრულების დარღვევა არ მომხდარა მას შემდეგ. თვითონ ამოწმებენ; საერთოდ, სოფელი არ დაუტოვებიათ. სადაც კი შესთავაზებენ, ჩვენს მეგზურებს იქ მიჰყავთ და იქ ამოწმებენ. არავითარი დარღვევა არ შეუმჩნევიათ არსად."

აფხაზური მხარე კი ირწმუნება, რომ კოდორის ხეობის ზედა ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ნაწილების 900-მდე მებრძოლია დაბანაკებული. სეპარატისტთა აზრით, ჯარისკაცთა აღმოჩენას ხელს ის უშლის, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისია წინასწარ აცხადებს მონიტორინგის დაწყების თარიღს.

სოხუმის ხელისუფლება კოდორის ხეობის სხვაგვარი გაკონტროლების ინიციატივით გამოდის და იქ რუს მშვიდობსმყოფელთა მუდმივი საგუშაგოების შექმნას ითხოვს. თუ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესის კონიუნქტურას გავითვალისწინებთ, აფხაზეთის ფაქტობრივი ხელისუფლების ახალი ინიციატივები საიმისო მიზეზის ძიებას უფრო წააგავს, რომ მოლაპარაკება არ განახლდეს.
XS
SM
MD
LG