Accessibility links

გასულ კვირას ჯორჯ სოროსის ფონდში "ღია საზოგადოება საქართველო" გაიმართა იმ


გასულ კვირას ჯორჯ სოროსის ფონდში "ღია საზოგადოება საქართველო" გაიმართა იმ დოკუმენტური ფილმების ჩვენება, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში მასმედიისა და

გენდერული პოლიტიკის პროგრამის ფარგლებში გადაიღეს. სოროსის ფონდმა საქართველოში წარმოადგინა ლიანა ჯაყელის ფილმი "უჩინმაჩინები". სურათი გადაღებულია საქართველოს ტერიტორიაზე, აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებში, და აზერბაიჯანული თემების გენდერულ პრობლემებზე გვიამბობს. მე ვესაუბრე ქალბატონ ლიანა ჯაყელს და ამ პროგრამის ხელმძღვანელს მარინე თაბუკაშვილს. ორივე რესპონდენტი ამტკიცებს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი ქალების ტკივილი - ყოველი ქართველის ტკივილი უნდა იყოს.

ერთი შეხედვით, ამ ქალბატონებს, რომლებიც აზერბაიჯანლებით კომპაქტურად დასახლებულ საქართველოს სოფლებში ცხოვრობენ, განსაკუთრებული პრობლემა არცა აქვთ. ლიანა ჯაყელის ფილმში გადაღებული ერთი სოფელი ბოლნისიდან შვიდი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მაგრამ აზერბაიჯანელი ქალები ქალაქში, როგორც წესი, მხოლოდ ექოსკოპიისთვის მიჰყავთ, იმის დასადგენად, თუ ვინ იქნება მომავალი ბავშვი - გოგონა თუ ბიჭი. "უჩინმაჩინების" სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიანა ჯაყელი ამბობს:

[ლიანა ჯაყელის ხმა]: "თუ წავლენ ქალაქში, მხოლოდ იმიტომ, რომ გაარკვიონ სქესი... როდის მოჰყავთ მეორე ცოლი? - თუ ვაჟი არ უჩნდებათ. და ქალები ამას გაგებით უდგებიან. ასე ცხოვრობენ, საერთოდ"

აზერბაიჯანელი ქალები ადრეულ ასაკში ინიშნებიან. მათი უმრავლესობა მხოლოდ აზერბაიჯანულად საუბრობს, არც ქართული იცის და არც რუსული. უყურებენ მხოლოდ აზერბაიჯანულ სატელევიზიო პროგრამებს. როცა ამბობენ "ქალაქში მივდივარ", ძირითადად, ბაქოს გულისხმობენ. ჩივილით არ ჩივიან. რა თქმა უნდა, "უჩინმაჩინების" ავტორებს შეეძლოთ თავიანთი რესპონდენტებისთვის პროვოკაციული კითხვებიც დაესვათ, რათა აზერბაიჯანელ ქალბატონებს უფრო მეტად "გადაეშალათ გული", მაგრამ ჩვენთან საუბარში ლიანა ჯაყელმა აღნიშნა, რომ ურთიერთობის ასეთ სტილზე ფილმის ავტორებმა პრინციპულად თქვეს უარი. "ჩვენი მიზანი ამ ხალხის გაცნობა იყო,"-გვითხრა "უჩინმაჩინების" რეჟისორმა.

და მაინც, რისი შეცვლა უნდათ თავიანთ ცხოვრებაში ამ "უჩინმაჩინებს", ამ გარიყულებს? იქნებ ეს ხალხი, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან თუ არა, ქართული საზოგადოებისგან ელის შველას. ფაქტია, რომ აზერბაიჯანული სოფლის მოსახლეობა ადვილად გაიხსნა კინოკამერის წინ. ქალებს უხაროდათ, რომ მათი ცხოვრებით ვიღაც მაინც დაინტერესდა. მარინე თაბუკაშვილის თქმით:

[მარინე თაბუკაშვილის ხმა]: "ამ ფილმში არის არაჩვეულებრივი ადგილი, როცა სკოლის დირექტორი ამბობს: თუ ქალი ლამაზია, გვეცოდება, რომ სხვას მივცეთო, თუ არ არის ლამაზი გვრცხვენია, რომ სხვას მივცეთო...ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს წრე გავარღვიოთ და ისიც გვესმის, რომ ესაა ძალიან დელიკატური საკითხი...თუნდაც იმიტომ, რომ უზარმაზარი განთავისუფლების შემთხვევაში, თუ ყველა გამოვიდა ამ წრიდან, ამ ხალხს ჩვენ ვერაფერს ვერ ვთავაზობთ."

"უჩინმაჩინების" გმირებს ქართველი რეჟისორი ქალის ფილმს სულ მალე უჩვენებენ. თუმცა პროექტის ავტორთა აზრით, ეს სურათი, პირველ რიგში, ქართველი მაყურებლისთვის გაკეთდა. მარინე თაბუკაშვილის თქმით:

[მარინე თაბუკაშვილის ხმა]: "არავითარ შემთხვევაში არ მინდა დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გადავიღეთ ისინი, როგორც ძალიან გამოცალკავებულები ჩვენგან, რომ ეს პრობლემა ჩვენში არ არის და ა.შ..ძალიან გამახარა პირველმა რეაქციამ, რომ რა სიმპათიურები არიან, რა ლამაზი გოგონები არიან, ჩვენ გვგვანან და ა.შ. ჩვენი დიდი პრობლემა ისაა, რომ არ ვიცნობთ ამ ეთნიკურ უმცირესობებს, რომლებიც კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს ტერიტორიაზე. მე მგონი, ეს სახელმწიფო პოლიტიკის საკითხი უნდა იყოს, მაგრამ ვერ ვატყობ, რომ ეს პოლიტიკა ხორციელდებოდეს."[სტილი დაცულია]

სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის ისევ არ სცალია. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანული სოფლების მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან ბევრს არც არაფერს ითხოვს. ასეთი მორჩილი უმრავლესობა ხელისუფლებას აბსოლუტურ კომფორტს უქმნის. თუმცა, მარინე თაბუკაშვილის აზრით, ეს სიტუაცია შეიძლება დიდხანს სულაც არ გაგრძელდეს. ჩვენი საუბრის ბოლოს ქალბატონი მარინე აღნიშნავს:

[მარინე თაბუკაშვილის ხმა]: "ეს ფილმი, პირველ რიგში, სჭირდება ქართულ საზოგადოებას იმისათვის, რომ მოხდეს გაცნობა... წარმოუდგენელია, გადიოდეს წლები და ამ ხალხს არ ჰქონდეს მოქალაქეობრივი შეგნება... სანამ ეს იქნება, ვიღაცა ისევ მოგვიწყობს ეთნიკურ კონფლიქტებს საქართველოში."
XS
SM
MD
LG