Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლების ინიციატივა - პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებს


მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩაშლა სახელისუფლებო ძალების ინტერესებში არ შედის. - სახელისუფლებო ბლოკის ლიდერთა მიერ არაერთგზის გამოთქმული ეს მოსაზრება 12 მაისს

საქართველოს პრეზიდენტმაც დაადასტურა. ამ დასტურმა პრეზიდენტისადმი ოპოზიციის ნდობის ხარისხი მცირედითაც ვერ გაზარდა. "ახალი მემარჯვენეები" კვლავაც დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ არსებული ხელისუფლების სიცოცხლის გახანგრძლივებას პრეზიდენტი შევარდნაძე ხელოვნური დესტაბილიზაციითა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებით შეეცდება. "ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებაზე კონტრშეტევას კონსტიტუციისა და "საგანგებო მდგომარეობის შესახებ" კანონის შესწორებების პროექტით განაგრძობენ. შესწორებების პროექტი პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ითვალისწინებს.

"ახალი მემარჯვენეების" კონსტიტუციური ცვლილებების კანონპროექტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურის გართულებისკენაა მიმართული. არსებული კანონმდებლობით, საგანგებო მდგომარეობას ქვეყანაში პრეზიდენტი ერთპიროვნულად აცხადებს. ამის შემდეგ პარლამენტი 48 საათში იკრიბება და უბრალო უმრავლესობით ადასტურებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. საგანგებო მდგომარეობის დროს არ ტარდება არჩევნები და, შესაბამისად, იზღუდება ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები.
[დავით გამყრელიძის ხმა]"ანუ ჩვენ ვთავაზობთ, რომ ამოღებულ იქნეს მთელი რიგი მუხლები ამ საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც ექვემდებარება შეზღუდვას და პროცედურა თვითონ იყოს შემდეგნაირად, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივა ჰქონდეს პრეზიდენტს, მაგრამ მისი ამოქმედება შესაძლებელი იყოს მხოლოდ პარლამენტში, 2/3 დეპუტატების მხრიდან მისი მხარდაჭერის შემთხვევაში. ამავე დროს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებაზეც არაფერია ნათქვამი დღევანდელ კონსტიტუციაში და ჩვენ ვითხოვთ, რომ მისი გაუქმება შეეძლოს ისევ პარლამენტს, უბრალო უმრავლესობით." [სტილი დაცულია]
"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის დავით გამყრელიძის ნათქვამს დავძენთ, რომ, ცვლილებათა პროექტის მიხედვით, იცვლება პრეზიდენტის ინიციატივის პარლამენტში წარდგენისა და, შესაბამისად, პარლამენტის შეკრების ვადაც: ნაცვლად მოქმედი კანონით გათვალისწინებული 48 საათისა, "ახალი მემარჯვენეების" ინიციატივა ამ ვადად 24 საათს გულისხმობს.
ჩვენი მონაცემებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურის გართულებასა და პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას დღეისათვის ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა უჭერს მხარს. თუმცა, ძალთა საპარლამენტო ბალანსის გათვალისწინებით, ახლების საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში გატანა და, შესაბამისად, დამტკიცება იოლი არ იქნება. პირველ რიგში, მოსაგროვებელია 118 დეპუტატის ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა. იმისათვის, რომ პროცედურა დროში არ გაიწელოს, დავით გამყრელიძე არჩევანს პარლამენტარებზე აკეთებს და ამით სახელისუფლებო ბლოკის წევრ პარტიებს მინი-გამოცდას უწყობს.
[დავით გამყრელიძის ხმა] "დავუგზავნით ყველა ფრაქციას ჩვენს ამ ინიციატივას და ვთხოვთ მხარდაჭერას. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა სწორედ სახელისუფლებო ფრაქციების პოზიცია და მათი ხელმოწერები - თუ როგორ პოზიციას დაიკავებენ ამასთან დაკავშირებით. ისეთი ისტერიული ტონით ამტკიცებდნენ, რომ ამდაგვარი მათ არაფერი არ ჩაუფიქრებიათ, რომ, მე მგონი, ეს უნდა დაასაბუთონ სწორედ ხელმოწერებით. თუ სახელისუფლებო ფრაქციები, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია, მხარს დაუჭერენ ამ ინიციატივას, მაშინ ერთ თვეში ის შეიძლება ამოქმედდეს, იმიტომ რიმ გამოქვეყნებიდან ერთ თვეში ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ. და მე არ მესმის, რატომ უნდა იყოს ვინმე წინააღმდეგი, რომ გართულდეს ეს და შეიზღუდოს საგანგებო მდგომარეობის დროს პრეზიდენტის და ხელისუფლების უფლებები."
დავით გამყრელიძე მარტივად ასკვნის: ხელმოწერებზე ბოიკოტით სახელისუფლებო პარტიები საგანგებო მდგომარეობის შემოღების ფარულ ზრახვებს ფარდას ახდიან. ამ პარტიების საპარლამენტო ფლაგმანის, "მოქალაქეთა კავშირის", ლიდერი ვიტალი ხაზარაძე კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალასა და ლიდერს პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა აზრადაც კი არ უნდა მოსდიოდეს. საგანგებო მდგომარეობის თემაზე გაჩაღებული საპარლამენტო ომი ჯერ მხოლოდ ძალებს იკრებს. 200000 ამომრჩევლის ხელმოწერა "ახალი მემარჯვენეებისათვის" ამ ბრძოლის მოგების თუ არა, პროცედურის დაწყების საშუალება მაინც იქნებოდა, მაგრამ, მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო ორთაბრძოლებისათვის ხმაური უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ვიდრე რეალური შედეგი.
XS
SM
MD
LG