Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ჩეჩნეთის დაბა ზნამენსკოეში ორშაბათს განხორციელებული ტერორისტული აქტი, და მოსკოვი, ერაყში გაეროს გავლენის გაზრდას მოითხოვს, ამ ორ საკითხს გავაშუქებთ უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

აფეთქება ნადტერეჩნის რაიონული ადმინისტრაციის შენობაში მოხდა. თვითმკვლელმა ტერორისტებმა დანაღმული საბარგო ავტომანქანა რაიონული ადმინისტრაციის შენობას დააჯახეს, რომლის შედეგად 60-დე ადამიანი დაიღუპა. აი რას წერს ამ ტერაქტთან დაკავშირებით გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი":

"ამ აფეთქებამ ცხადყო, რომ მიუხედავად რუსეთის მთავრობის ხმამაღალი განცხადებებისა ვითარების ნორმალიზაციის შესახებ, ჩეჩნეთში, კვლავაც ძალადობა მძვინვარებს. მოსკოვმა ამ თავდასხმაში უმალვე ჩეჩენი ექსტრემისტები და კონკრეტულად არაბები დაადანაშაულა, რომლებიც თურმე სულ უფრო მეტი გავლენით სარგებლობენ მეამბოხეთა შორის. თუმცა ჯერჯერობით თავად რუსეთის ხელისუფლება აღიარებს, რომ კონკრეტული სამხილი იმისა, თუ სახელდობრ ვის აკისრია ამ აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა, არაა. უკანასკნელ თვეებში პრეზიდენტი პუტინი ხშირად ამბობდა, ჩეჩნეთში ვითარების სტაბილიზაცია ხდებაო. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ბატონმა პუტინმა უნდა დაასაბუთოს, რომ ის 4500 რუსი ჯარისკაცი, განვლილი სამწელიწადნახევრის მანძილზე რომ იქნა მოკლული ჩეჩნეთში, ამაოდ არ დაღუპულა".

ორშაბათს მომხდარი აფეთქება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ უჭირს რუსეთის პრეზიდენტს სისხლიანი კონფლიქტიდან თავის დაღწევა - წერს ბრიტანეთის გაზეთი "ტაიმსი" და სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"არის სიმართლის მარცვალი რუსეთის მტკიცებაში იმის შესახებ, რომ ომს, ისლამისტი ტერორისტები განაგრძობენ, და რომ მათი საქმიანობის აღკვეთა ძალზედ ძნელია. გაცილებით ახლოსაა ჭეშმარიტებასთან ნათქვამი იმის შესახებ, რომ დღევანდელი ვითარება პირდაპირი შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელსაც მოსკოვი ატარებდა კავკასიის რეგიონში საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე. მართალია ამ ომის მოგება რუსეთს არ შეუძლია, თუმცა რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა არ აძლევს მოსკოვს კავკასიიდან წასვლის უფლებას."

როგორც გაზეთი "ვაშინგტონ ტაიმსი" აღნიშნავს, მოსკოვის ძალისხმევა იმისკენაა მიმართული, რომ ომისშემდგომ ერაყში მიმდინარე აღდგენით პროცესში გაეროს დაეკისროს წამყვანი როლი. ამ დროს, გაეროს უშიშროების საბჭო ყოველნაირად ცდილობს არ დაუშვას საბჭოს წევრებს შორის ის სერიოზული უთანხმოებები, ერაყთან ომის დაწყებამდე რომ იჩინა თავი. ამიტომაც შეარბილეს საფრანგეთმა და რუსეთმა თავიანთი უთანხმოება ვაშინგტონის ახალი გეგმისადმი ომისშემდგომი ერაყის მართვის თაობაზე, და იმავდროულად კვლავაც ცდილობენ ამ გეგმაში ზოგიერთი ცვლილების შეტანას, რაც ერაყში გაეროს როლს გააფართოებდა. გაზეთი განაგრძობს:

"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იური ფედოტოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება ვაშინგტონის წინადადებას, რომ გაერომ რეზოლუცია მიიღოს ერაყის მართვასთან დაკავშირებით, მაგრამ ფედოტოვმა იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონის პროექტში გარკვევით არაა ნათქვამი, როგორ უნდა მოხდეს ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გაუქმება. რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არაერთგზის განაცხადეს, რომ სანქციები მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაუქმდეს, რაც გაეროს ექსპერტები დაადასტურებენ, რომ ერაყში აღარაა მასობრივი განადგურების იარაღი. ვაშინგტონი ერაყში გაეროს ექსპერტთა დაბრუნების წინააღმდეგია."

გაზეთი "მონდი" აღშფოთებულია იმის გამო, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ, როგორც გაზეთს მიაჩნია, ერაყში გაეროს როლი დააკნინა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"ჯორჯ ბუშის ზოგიერთი მრჩეველი ბაღდადის დაცემასთან ერთად "გაეროს დასამარებასაც" ზეიმობდა, თანაც მოურიდებლად. მაშინ, როცა მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში გაეროს წარგზავნილს ევალება ვითარების ნორმალიზაცია, ერაყში ამ ფუნქციას შეერთებული შტატების მიერ დანიშნული პოლ ბრემერი შეასრულებს. გაერო, ომისშემდგომი ერაყის პოლიტიკურ საკითხებში ვერ ჩაერევა; მისი საქმიანობა ჰუმანიტარული ხასიათისა იქნება. ეს კი, გაეროს ქარტიას ეწინააღმდეგება."
XS
SM
MD
LG