Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღურიცხავი სამხედრო ქონების პრობლემა საქართველოში


წლის დასაწყისში კონტროლის პალატის მიერ კახეთის რეგიონში ჩატარებულმა შემოწმებამ პარადოქსული ვითარება გამოავლინა: საქართველოს სამხედრო უწყებას, რომელიც დღენიადაგ უფულობას უჩივის,

რამდენიმე სამხედრო დასახლება და ობიექტი საერთოდ არ ჰქონია აყვანილი ბალანსზე. კონტროლის პალატიდან მიღებულ საგანგაშო სიგნალს თავდაცვის სამინისტრომ მორიგი სტრუქტურული ცვლილებით უპასუხა: დაქსაქსული და არაეფექტური კონტროლის სამსახურები ერთ სტრუქტურაში - გენერალურ ინსპექციაში გაერთიანდა, რომლის დებულება ამერიკელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს. სამხედროები აცხადებენ, რომ ეს სტრუქტურა ფორმით ნატოს მოთხოვნებს უპასუხებს. თუმცა ახლა მთავარია, რომ ეს შინაარსით და საქმით დადასტურდეს.


ბიუჯეტით დაგეგმილი თანხების მიუღებლობა საქართველოს სამხედრო უწყების ბედუკუღმართობის მხოლოდ ნაწილია. არანაკლებ მწვავე პრობლემაა იმ მატერიალური რესურსების მიზნობრივი გამოყენება, რასაც ქვეყანა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის გამოყოფს და მისი სწორი მენეჯმენტი.


შარშან სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების ზურგის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ, რომელსაც რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების სანივთე ქონების გაფლანგვა დაუდგინდა. მიმდინარე წლის თებერვალს კი სამხედრო პროკურატურის თანამშრომლებმა დააკავეს ვაზიანის საარტილერიო პოლკის სანივთე საწყობის უფროსი, რომელსაც 10 000 ლარის ღირებულების სანივთე ქონების, მათ შორის, სამხედრო ფორმის, ლაბადებისა და ჯავშანჟილეტების გაფლანგვაში ედება ბრალი.

სამხედრო პროკურატურის მონაცემებით, წლის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების მასშტაბით, რამდენიმე ათეული სამეურნეო დანაშაული ხდება, რაც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას.

თუმცა, როგორც წესი, მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და დამნაშავის დასჯა დიდი დაგვიანებით ხდება; ზოგჯერ კი - მაგალითად, როგორც დასავლეთ მიმართულებაში მომხდარი ხსენებული დანაშაულის შემთხვევაში იყო - დამნაშავე მიმალვასაც ახერხებს. ამიტომ სამეურნეო ხასიათის დანაშაულის აღსაკვეთად საჭირო გახდა ეფექტური სტრუქტურის შექმნა თავდაცის სამინისტროში.
თითქმის ერთწლიანი მუშაობა, რომელშიც ქართველ სპეციალისტებთან ერთად აშშ-ის ხაზინის ექსპერტი დუგლას სკოტიც მონაწილეობდა, ახალი უწყების, გენერალური ინსპექციის, შექმნით დასრულდა. მის ფუნქციონალურ მოვალეობას თავდაცვის მინისტრი თევზაძე ასე აღწერს:

[


აღსანიშნავია, რომ გენერალური ინსპექციის ახალ სტრუქტურაში უკვე გაერთიანდა უწყებაში მიმობნეული თითქმის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომლებიც ერთმანეთს ფეხებში ებლანდებოდნენ და სამხედრო ნაწილის მეთაურებს გულს უწუხებდნენ დაუსრულებელი კონტროლით. საშტატო თანამდებობათა ოპტიმიზაციით კი შესაძლებელი გახდა კადრების გამოთავისუფლება და პარალელიზმის აღმოფხვრა უწყების შიგნით. მაგრამ, როგორც გენერალური ინსპექციის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ბადრი ჩხაიძე აცხადებს, არსებობს პარალელიზმის საფრთხე უფრო მაღალ დონეზე, რაც ასევე მოითხოვს გადაჭრას.

[ბადრი ჩხაიძის ხმა] "ჩემთვის, მაგალითად, უმთავრესია კოორდინირებული მუშაობა პროკურატურასთან, კონტროლის პალატასთან, პრეზიდენტის ინსპექციასთან. იმავე გამოვლენილ დარღვევებზეც გვქონდეს რეაგირება ადეკვატური. ასევე, არ იყოს პარალელიზმი, - ეს უნდა აღიკვეთოს. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს ექვსი ინსპექცია, რომელიც, პრეზიდენტის და პარლამენტის დადგენილებით, უფლებამოსილია განახორციელოს ინსპექტირება. სამხედრო ნაწილი კი ერთია."[სტილი დაცულია]

ყველაზე მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე "კბილებალესილი" ექვსი მაკონტროლებლის ამბიციის განეიტრალება, რა თქმა უნდა, არ იქნება იოლი საქმე, მაგრამ სხვებთან შედარებით გენერალურ ინსპექციას აქვს უპირატესობა, ერთგვარი კოზირი, რომლის გათამაშებასაც თევზაძის უწყება ბოლომდე შეეცდება: ახალი სტრუქტურა მთლიანად პასუხობს ნატოს სტანდარტებს, მაგრამ უპასუხებს თუ არა იგი დროის მოთხოვნებს, ამას მომავალი გვიჩვენებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG