Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური პარტიები ხელშეკრულების გაფორმებით ცდილობენ შეთანხმების მიღწევას


ორიოდე თვის წინ ერთმანეთის დაუძინებელი კონკურენტი ოპოზიციური პარტიები ახლა, ამომრჩეველთა გულის მოსანადირებლად, გაერთიანების სურვილის დემონსტრირებას ცდილობენ.

ამ მცდელობისათვის უფრო მეტი სოლიდურობის მისანიჭებლად ხელშეკრულებებსაც კი აფორმებენ. 13 მაისი, ამ მხრივ, განსაკუთრებულ დღედ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან წინასაარჩევნო შეთანხმებებს 4 მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი.

შეთანხმება ან ხელშეკრულება რაიმე ძალას მოკლებულია და მხოლოდ ფარატინა ქაღალდს წარმოადგენს, თუ მასში მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გარანტიების მექანიზმი არაა ჩადებული, ან არ არის გათვალისწინებული დამრღვევის მიმართ განსახორციელებელი საჯარიმო სანქციები. 13 მაისს სწორედ ასეთ შეთანხმებებს ახალ მემარჯვენეებთან, მათივე ინიციატივით, ხელი მოაწერეს: ლეიბორისტულმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ და გაერთიანებულმა დემოკრატებმა.

შეთანხმებაში ჩამოყალიბებულ სამ ძირითად პრინციპს ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე, ასე განმარტავს:

[გამყრელიძის ხმა] „ჩვენ მიერ გაკეთებული განცხადება და გაფრთხილება, რომ მოსალოდნელია ნებისმიერი მიზეზით არჩევნების ჩაშლა, გვაიძულებს და გვიბიძგებს იმისკენ, რომ ჩვენ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა არ დავუშვათ ამ არჩევნების რაიმე ფორმით ჩაშლა და გაყალბება, რათა ერთად დავიცვათ ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ხმები, მათი პოლიტიკური ნება."

თუმცა, როგორ შეძლებენ ამას, შეთანხმების ტექსტში არაფერია ნათქვამი, მხოლო ისაა ნახსენები, რომ მხარს უჭერენ არჩევნების ეუთოს ხელმძღვანელობით ჩატარებას. შეთანხმების რეალიზებას სათუოს ხდის ის ფაქტიც, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთს შორის არცთუ პარტნიორული დამოკიდებულება აქვთ.
ეს მათ ლიდერებს არც 13 მაისს დაუმალავთ. ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ, შეთანხმების ხელმოწერის მიუხედავად, არ შეცვლილა მისი დამოკიდებულება ქვეყნის დამანგრეველთა მიმართ:

[ნათელაშვილის ხმა] „მხედველობაში მყავს შევარდნაძე, სააკაშვილი და ჟვანიას დაჯგუფებები. ისინი დღეს გაიყარნენ, ხვალ შეიყრებიან, მაზეგ ისევ გაიყრებიან. ამით ერს და ქვეყანას არაფერი ეშველება. ამდენად, ჩვენ არ გვჯერა ამ სამეულის გულწრფელობის, რომ მათ სურთ ობიექტური არჩევნების ჩატარება. მათ, ჩემი აზრით, დღევანდელ სიტუაციაში სურთ ისეთი საარჩევნო კანონმდებლობის მიღება, რომელიც გააყალბებინებს ხმებს და თანაბრად გააყოფინებს მათ შორის."

ნათელაშვილის შეფასებები უპასუხოდ არ დატოვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა და ახლებთან შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ განაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჯერ ერთი, ნათელაშვილი ოპოზიციონერი გახდა მას შემდეგ, რაც შევარდნაძემ გამოაგდო, მანამდე ხმა არ ამოუღია არასოდეს შევარდნაძის წინააღმდეგ. მე კი შევარდნაძის წინააღმდეგ და მისი უარყოფითი ნაბიჯების წინააღმდეგ ხმალამოღებული ვიბრძოდი მაშინაც, როცა ვითვლებოდი მმართველი ჯგუფის წევრად. ასე რომ, განსხვავება არსებობს ნამდვილ ოპოზიციასა და ნაძალადევ ოპოზიციას შორის."

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას და მის გაერთიანებულ დემოკრატებს, ის საერთოდ არ აპირებდა ახლების ინიციატივას შეერთებოდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, მით უმეტეს, რომ ამით ბევრი არც არაფერი იცვლება.
XS
SM
MD
LG