Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა?


ანდრო ეული, პრაღა პარასკევს, 16 მაისს, გაიმართება ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა, რომელიც მხარეებს შორის ამ დონის პირველი დიალოგი იქნება მას შემდეგ, რაც 2000 წლის დამლევს,

კემპ-დევიდში ჩაიშალა აშშ-ის შუამავლობით დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკება. არიელ შარონისა და მაჰმუდ აბასის მომავალი შეხვედრის შესახებ პალესტინელმა დიპლომატებმა ორშაბათს გამოაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კოლინ პაუელთან მორიგი შეხვედრის შემდეგ. პაუელმა ინტენსიური მოლაპარაკება გამართა კონფლიქტში დაპირისპირებულ ორივე მხარესთან. რამდენად რეალურია ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა?

ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით კოლინ პაუელი მიზნად ისახავდა, ისრაელი და პალესტინელები "გზამკვლევის" სახელით ცნობილი სამშვიდობო გეგმის მხარდაუჭერაზე დაეყოლიებინა. ეს გეგმა ითვალისწინებს რეგიონში ძალადობის შეწყვეტას, ებრაულ დასახლებათა მშენებლობის შეჩერებასა და 2005 წლისათვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას.

ვიდრე შარონისა და აბასის მომავალი შეხვედრის ამბავი გახდებოდა ცნობილი, გავრცელდა ცნობები, თითქოს კოლინ პაუელის მისია ამაო გამოდგა. ამის შესახებ განსაკუთრებული რიხით ალაპარაკდნენ მას შემდედგ, რაც შარონმა უარყო სამშვიდობო გეგმა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერომ და რუსეთმა შეიმუშავეს.

კვირას, იერუსალიმში, არიელ შარონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, კოლინ პაუელმა ქებით მოიხსენია პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრი მაჰმუდ აბასი, რომელმაც თქვა, რომ ბრძოლას გამოუცხადებს ტერორიზმს [კოლინ პაუელის ხმა]: "ჩვენ მივესალმებით პოლიტიკურ ნაბიჯებს, პალესტინელთა ხელმძღვანელობამ რომ გადადგა რეფორმებისა და მშვიდობის მიმართულებით, მაგრამ ისიც უნდა დავინახოთ, როგორ განაიარაღებენ და დაშლიან პალესტინელები ტერორისტულ ინფრასტრუქტურას. ამის გარეშე მთელი ჩვენი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება."

აშშ-ის მასმედიამ არაერთგვაროვანი შეფასება მისცა ახლო აღმოსავლეთში პაუელის ვიზიტს. ბევრი მიმომხილველი იმაზე აკეთებდა აქცენტს, რომ შარონმა გამორიცხა პალესტინელთა ტერიტორიებზე ებრაულ დასახლებათა მშენებლობის შეჩერება, რაც სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთ უმთავრეს პირობას წარმოადგენს.

თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ პაუელის ვიზიტის შეფასებისას პრესა აშკარად აჩქარდა. თავისი პირველი სტუმრობისას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განვლილი 13 თვის მანძილზე, პაუელმა ისრაელის ხელმძღვანელობას მოუწოდა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას პალესტინელთა ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. პასუხად ისრაელმა 180 დაკავებული პალესტინელი გაათავისუფლა და 25 000 პალესტინელ მუშას ქვეყანაში შესვლის ნება დართო.

ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა კონდოლიზა რაისმა მაღალი შეფასება მისცა ახლო აღმოსავლეთში კოლინ პაუელის ვიზიტს.

ეჭვგარეშეა, რომ ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრების მომავალი შეხვედრა, სამშვიდობო პროცესის განახლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამ შეხვედრის გამართვაზე ორივე მხარის თანხმობას ბევრი კოლინ პაუელის ძალისხმევას მიაწერს, თუმცა არაერთი მიმომხილველი იმასაც აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უშუალო ჩარევის გარეშე, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების საქმეში არსებითი პროგრესი ნაკლებად მოსალოდნელია.
XS
SM
MD
LG