Accessibility links

logo-print

აფხაზეთის პრობლემამ ვრცელი ადგილი დაიკავა წინა კვირის რუსეთის პრესაში. ამასთან


გიორგი კაკაბაძე, თბილისი აფხაზეთის პრობლემამ ვრცელი ადგილი დაიკავა წინა კვირის რუსეთის პრესაში. ამასთან, ავტორებმა საკითხის სხვადასხვა ასპექტი გააშუქეს. გესაუბრებით ზოგიერთი წერილის შესახებ.



აფხაზეთში მინისტრთა ახალი კაბინეტის შექმნის თაობაზე
7 მაისის გაზეთი "ვრემია ნოვოსტეი" წერს, რომ "ახალ კაბინეტში მკაფიოდ იკვეთება "სამხედრო შემადგენელი" - შეიარაღებული დაპირისპირების დამთავრებიდან 10 წლის შემდეგაც კი პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბასთვის ნდობის მთავარ პირობას საერთო საბრძოლო წარსული წარმოადგენს.


ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა რაულ ხაჯიმბამ ახალი დანიშნულება მას შემდეგ მიიღო, რაც საუკეთესო მხრიდან აჩვენა თავი როგორც თავდაცვის მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი შეინარჩუნა სერგეი შამბამ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აპოლოგეტმა. პირველი
ვიცე-პრემიერი გახდა ასტამურ თარბა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი. ვიცე-პრემიერი ეკონომიკაში, ემა ტანიაც იბრძოდა საქართველოს სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. ვიაჩესლავ ეშბა კი, არაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო უწყების ახალი მეთაური, საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა და აფხაზეთის გმირის წოდებაც აქვს".


კაბინეტის ამგვარად არჩევის ერთ-ერთ მიზეზთან დაკავშირებით "ვრემია ნოვოსტეი" წერს, რომ ამაში "არაფერია გასაკვირი, რადგან შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საფრთხე შენარჩუნებულია".
გაზეთის თქმით:


"ამ მცირე ხნის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ დაადასტურა, რომ შეიარაღებულ ძალებს შესწევთ უნარი აღადგინონ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების შემთხვევაში. სოხუმი კვლავინდებურად აპყრობს ყურადღებას იმას, რომ კოდორის ხეობაში, ქართველების მიერ აფხაზეთის ერთადერთ კონტროლირებად რეგიონში, 900-ზე მეტი რეზერვისტი გვარდიელი და მესაზღვრეა დისლოცირებული".

7 მაისის გაზეთ "ტრუდის" თქმით, "სასიამოვნოა იმის კონსტატაცია, რომ უკანასკნელ ხანს აფხაზეთის გალის რაიონში, როგორც ამას გაეროს დამკვირვებლები აღნიშნავენ, დაბრუნება დაიწყეს ლტოლვილებმა ზუგდიდის რაიონიდან. უწინ ეს არ აღინიშნებოდა. უფრო მშვიდი ვითარებაა სხვა რეგიონებშიც, იმ ე.წ. უსაფრთხოების ზოლის ორივე მხარეს, რომელსაც დსთ-ის ქვეყნების მშვიდობისმყოფლები აკონტროლებენ. თუ ეს ტენდენციები განმტკიცდება და შემდგომ განვითარებას პოვებს, მართლაც, შორს არ იქნება ის დღე, როცა ჩვენ ვისაუბრებთ არა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე, არამედ აქაური შავიზღვისპირეთის ქართულ-აფხაზურ მარგალიტზე. გვინდა, გვჯეროდეს ამის".


6 მაისის "პარლამენტსკაია გაზეტა" აქვეყნებს ინტერვიუს ვლადისლავ არძინბასთან. საკურორტო სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით იგი ამბობს:


"ბოლო დროს აქტიური განვითარება პოვა აფხაზეთის სამეურნეო სუბიექტების თანამშრომლობამ რუსეთის კომერციულ სტრუქტურებსა და დაწესებულებებთან. ყველაზე უფრო დინამიკურად ვითარდება საკურორტო სფერო, სადაც რუსეთის ინვესტიციები მიდის".
არძინბა ფიქრობს, რომ "ახლო მომავალში აფხაზეთის კურორტები ძველ დიდებას დაიბრუნებენ".


7 მაისის გაზეთი "იზვესტია" წერს, რომ "თბილისში მაღალ შეფასებას აძლევენ რუსეთის როლს აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირებაში. სხვა საქმეა - ქართველი პოლიტიკოსები ერთხმად ირწმუნებიან, რომ მოსკოვს ჯერ არ განუსაზღვრავს თავისი მიზნები და ინტერესები სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც კვლავინდებურად "თავისად" მიიჩნევსო. საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის თქმით, "თუ მოხერხდება იმის განსაზღვრა, როგორია საქართველოში რუსეთის და რუსეთში საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, მაშინ აფხაზეთის საკითხის გარშემო არსებული გაუგებრობის მოხსნა შესაძლებელი გახდება".
XS
SM
MD
LG