Accessibility links

logo-print

ევროპა შიშითა და იმედით უყურებს დემოკრატიის მომავალს კავკასიაში


დასავლეთი დიდი სიფრთხილით ელის საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს საქართველოში. სიფრთხილესთან ერთად დიდია იმის სურვილი, რომ წლევანდელი არჩევნები ადრინდელზე უკეთ წარიმართოს.

ევროსაბჭოს იმედს დიდი სურვილითა და დაინტერესებით თუ ავხსნით, თორემ წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც შეიძლება ითქვას, უკვე ყვავის საქართველოში, ქვეყნის ამომრჩეველს ჯერჯერობით უკეთესის იმედს არ უნდა აძლევდეს.
სწორედ საქართველოს მომავალი არჩევნები გახლდათ იმ შეკრების ძირითადი თემა, რომელიც სულ ახლახან სტრასბურგში გაიმართა და რომელზეც დღეს ყოველკვირეულ პროგრამაში "ახალი ევროპა" ნინო გელაშვილი მოგითხრობთ.

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ვალტერ შვიმერმა სტრასბურგში საქართველოს ინტეგრაციისადმი მიძღვნილი სემინარის გახსნაზე საუბრის დასაწყისშივე განმარტა, რომ გაიმეორებდა იმას, რაც ორი წლის წინ თბილისის პოლიტიკურ სწავლებათა სკოლაში მოწყობილ სემინარზე გამოსვლისას თქვა. გამეორების მიზეზი მან მარტივად ახსნა - ორი წლის წინანდელი საკითხები საქართველოსთვის აქტუალურობას ინარჩუნებს. ეს საკითხები გახლავთ: ავტორიტარზმის პრინციპებზე უარის თქმა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა, კორუფციის გარემოს გამჭვირვალე ადმინისტრაციით შეცვლა და ა.შ. ის, რომ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ორი წლის შემდეგ საქართველოზე ახლის თქმა აუცილებლად არ ჩათვალა ცუდზე თუ არა კარგზე ნამდვილად არ უნდა მიანიშნებდეს.

საქართველოს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი, რომელიც ამავე დროს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი გახლავთ, სტრასბურგის სემინარის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გენერალური მდივნის გამოსვლაზე მან ასეთი რამ განაცხადა:

[ახვლედიანის ხმა]
"რაც შეეხება იმას, რომ გენერალურმა მდივანმა გაიხსენა მისი ორი წლის წინანდელი გამოსვლა სკოლის კავკასიური სემინარის გახსნაზე თბილისში, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ: პირველი - ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ვალტერ შვიმერი სპეციალურად ჩამობრძანდა თბილისში, რათა მონაწილეობა მიეღო ჩვენი სკოლის კავკასიური სემინარის გახსნაში. მაშინ გენერალურმა მდივანმა რაც ბრძანა, უბრალოდ, დღესაც აქტუალურია იმ თვალსაზრისით, რომ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში და მთლიანად რეგიონშიც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას, საჭიროებს კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო გენერალური მდივნის გამოსვლის მთავარი პათოსი".

ევროსაბჭოსა და ევროკომისიის ხელშეწყობით პოლიტიკური სწავლების პირველი სკოლა მოსკოვში გაიხსნა, მეორე გახლდათ თბილისის სკოლა. ამის შემდეგ გაიხსნა კიდევ ორი სკოლა სოფიასა და კიშინიოვში. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში ახლა ოთხი: ქართული, ქართულ-რუსული, კავკასიური და ქართულ-აფხაზური პროექტი ხორციელდება. თითოეულ პროექტში 40-მდე ახალგაზრდა პოლიტიკოსი, პარლამენტის წევრი, არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენელი მონაწილეობს. ყოველი აკადემიური წლის ბოლოს დასკვნითი სემინარები დასავლეთი ევროპის სხვადასხვა ქალაქებში ტარდება, რომლებზეც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ე.წ. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატებს გადასცემს. არმაზ ახვლედიანმა ჩემთან საუბრისას თავი შეიკავა ყველაზე წარჩინებული კურსდამთავრებულის დასახელებისგან, თუმცა კი თქვა:

[ახვლედიანის ხმა]
"ბევრმა ახალგაზრდა დეპუტატმა საქართველოს გაიარა ჩვენი სკოლა. ძალიან ბევრმა ცნობილმა ჟურნალისტმა დღეს რომ საქართველოში მუშაობს. აღარაფერს ვლაპარაკობ იმ მოსამართლეებზე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები და მართლაც გამორჩეულნი არიან სასამართლო ხელისუფლებაში. მე მაინც თავს შევიკავებდი გვარების დასახელებისგან."

ახლა რაც შეეხება 4-7 მაისის სტრასბურგის სემინარის მთავარ თემას მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ბევრისთვის მოულოდნელიც შეიძლება იყოს ის, რაც ჩემმა რესპონდენტმა განმიცხადა. საუბრის დასაწყისში სწორედ ევროსაბჭოს ოპტიმიზმზე მის ამ ნათქვამს ვგულისხმობდი, როცა იმედისა და საქართველოში არსებული რეალობის მცირე შეუსაბამობაზე მოგახსენეთ. კერძოდ, ქართველმა დეპუტატმა ასეთი რამ მითხრა:

[ახვლედიანის ხმა]
"ევროპის საბჭოს დამოკიდებულება, მოკლედ რომ ვთქვათ, ასეთია - ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს აქვს ყველა საშუალება, გააჩნია პოტენციალი, აქვს რესურსი იმისათვის, რომ კარსმომდგარი არჩევნები გაცილებით უკეთ ჩატარდეს, ვიდრე წინა არჩევნები ტარდებოდა საქართველოში. მეორე - ევროპის საბჭო მზად არის ევროპის კავშირთან ერთად აღმოუჩინოს საქართველოს ყველა სახის მხარდაჭერა, რომ ეს არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს და მესამე - ევროპის საბჭო მზად არის ერთვარი არბიტრის ფუნქციაც შეასრულოს პოლიტიკურ პარტიებს შორის იმ პროცესში, რასაც ქვია გარკვეული მთავარი პრინციპების და ქცევის წესების გამომუშავება არჩევნების ნორმალურად ჩატარების მიზნით".

ის, რომ გაყალბება და ფალსიფიცირება იქნება, არმაზ ახვლედიანსაც არ აეჭვებს, თუმცა იმედოვნებს, რომ ის არ იქნება დრამატული.

და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც არმაზ ახვლედიანი მომავალი არჩევნების ხარიხსის გარანტად თვლის - საქართველოს ხელისუფლების დაინტერესება. თუმცა, ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელად უნდა მოჩანდეს. განსაკუთრებით ევროსაბჭოსთვის და ევროორგანიზაციისთვის და განსაკუთრებით სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომლის ხარისხიანობაში ასევე ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოს - სომხეთის ხელისუფლებაც ძალიან უნდა ყოფილიყო დაინტერესებული და რომლის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფისთვის ევროსაბჭომ და ევროკავშირმა სომხეთის გამჭვირვალე საარჩევნო ყუთებით მომარაგებაზეც კი იზრუნეს. ყველაფრის მიუხედავად, დარღვევებმა სომხეთის არჩევნებზე ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
XS
SM
MD
LG