Accessibility links

როგორ ჩავშალოთ და ჩავატაროთ არჩევნები


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენს გადაცემებში არაერთხელ შევხებივართ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ პრობლემებს. პოლიტიკოსებისა და ანალიტიკოსების აზრით, საარჩევნო პროცედურებზე ამთავითვე იწყება მუშაობა, მათ შორის,

ამუშავებენ საარჩევნო დარღვევეის ტექნიკასაც - ერთზე მეტად ხმის მიცემას, გაყალბებას, ჩაშლასაც კი. ვერ ვიტყვით, რომ ქართველ პოლიტიკოსებსა და საარჩევნო კომისიათა წევრებს ეს ცოდნა არა აქვთ. ამის დასტურია არშემდგარი არჩევნების ისტორია დაბა ხარაგაულში, რომელიც ცნობილი უნდა იყოს ჩვენი მსმენელებისათვის. გაგაცნობთ ამ თემასთან დაკავშირებულ რამდენიმე სიახლეს.

დაბა ხარაგაული ერთადერთი ადგილია საქართველოში, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები არ ჩატარებულა. უფრო სწორად, რამდენჯერაც ჩატარდა, იმდენჯერ ჩაიშალა. ჩაიშალა სხვადასხვა საფუძველზე, მაგრამ ერთი მიზნით: არ გაემარჯვა და დაბის საკრებულო არ დაეკომპლექტებინა ხარაგაულის რაიონის ყოფილი გამგებლის დავით სახვაძის გუნდს, რის შემდეგაც სახვაძეს ექნებოდა რეალური შანსი, დაბის გამგებელიც გამხდარიყო. არჩევნების ორგზის ჩაშლისა და ექვსჯერ შეგნებულად არგამართვის ამბავი მსმენელებისთვის გვიამბნია. ბოლოს დავით სახვაძემ მიმართა უზენაეს სასამართლოს, რომელმაც დაავალდებულა ცენტრალური საარჩევნო კომისია, ჩაეტარებინა არჩევნები ხარაგაულში. დაფინანსების პრობლემაც მოიხსნა - საამისოდ გამოიყო 3 ათასი ლარი პრეზიდენტის ფონდიდან. არჩევნების ჩატარება გადაწყდა სპეცჯგუფების მეშვეობით: დაკომპლექტდა ორი 12 კაციანი საუბნო საარჩევნო კომისია და ერთი, ოთხკაციანი - საოლქო. საოლქო კომისიის ორი წევრი ხარაგაულის მკვიდრია, ორიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატიდან დაინიშნა. თავმჯდომარის ასარჩევად ხარაგაულიდან ეს ორი წევრი - მაია მაღრაძე და ავთანდილ ქათამაძე - თბილისში ჩამოდის, მაგრამ, დავით სახვაძის თქმით, [სახვაძის ხმა] "ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასახელებული ორი წევრი არ ცხადდება - ერთი ავადმყოფობის გამო, მეორე კი, გიორგი სეხნიაშვილი, ერთი ოთახიდან მეორეში არ გადის იმისთვის, რომ სამმა კაცმა შეძლოს კომისიის სხდომის ჩატარება და აირჩიოს საოლქო კომისიის, სპეცჯგუფის თავმჯდომარე".

დავით სახვაძის აზრით, კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა შეიძლება არჩევნების ჩაშლის საიმედო საშუალებად იქცეს, მით უმეტეს, რომ ერთ ცალკე აღებულ დაბაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცალკეული წევრებისა თუ თანამშრომლების და ფავორიტი კანდიდატისადმი ნეგატიურად განწყობილი პარტიების თაოსნობით, წარმატებით მიმდინარეობს ამ მეთოდის აპრობაცია.

და აი, სამშაბათს, 13 მაისს, მცირე სასიკეთო ძვრა მოხდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში: კომისიის თავმჯდომარემ ჯუმბერ ლომინაძემ ხელი მოაწერა საოლქო და ორი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიებს და ოთხშაბათს საოლქო კომისია სრული შემადგენლობით შეიკრიბება ხარაგაულში. ეს ნიშნავს, რომ დაბაში რეალურად არჩევნებამდე 4 დღით ადრე იწყება მზადება არჩევნების დღის, 18 მაისისათვის. 12-12-კაციანი საუბნო კომისიებიდან ნახევარი დავით სახვაძის ოპონენტები არიან. მე ვკითხე დავით სახვაძეს, ხომ არ ელოდება საბოტაჟს არჩევნების ჩასაშლელად ამჯერად უკვე ადგილზე [სახვაძის ხმა]: "რა თქმა უნდა, ასეთი მცდელობა მოსალოდნელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ეს უკვე ექვსჯერ გააკეთა იმ მხარემ და ექვსჯერვე წარმატებულად. მაგრამ ჩვენ უფრო ფხიზლად და უფრო ორგანიზებული ვართ, ვიდრე სხვა დროს, და იმედი გვაქვს, რომ ასეთი რამ არ მოხდება".

მოკლედ, ამ კვირის ბოლოს ჩვენ ან გავხდებით კანონისა და სამართლის გამარჯვების, ანუ არჩევნების ჩატარების, მოწმენი, ან კიდევ ერთხელ ვნახავთ ცალკეული პირებისა და ჯგუფების გამარჯვებას კანონზეც და სამართალზეც.
XS
SM
MD
LG