Accessibility links

logo-print

რუსეთს საქართველოდან საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ტერორი საქართველოს პრობლემად რჩება


ემუქრება თუ არა რუსეთს საქართველოდან საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე? ამ შეკითხვას მორიგი აქტუალობა, უწინდებურად, რუსმა ჟურნალისტებმა შესძინეს, როცა აღნიშნული

საფრთხის რეალურობის დასასაბუთებლად რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ალექსანდრე ვერშბოუს განცხადება დაიმოწმეს პანკისის ხეობაში ტერორისტთა მოსამზადებელი ბანაკების არსებობის თაობაზე. ირკვევა, რომ ელჩის განცხადება რუსეთის მედიამ არასწორი ინტერპრეტაციებით გაავრცელა. საქართველოს ხელისუფლებაშიც ირწმუნებიან, რომ პანკისის პრობლემა მოხსნილია და რუსეთს საქართველოდან საერთაშორისო ტერორისტები არ ემუქრებიან,მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია ანალოგიური თავდაჯერებით საკუთარ მოქალაქეებს უთხრას, რომ უახლოეს თვეებში, ანუ არჩევნების წინ, მათ პოლიტიკური ტერორი არ ემუქრებათ.

სამართალდამცავებს ჯერ კიდევ არა აქვთ მკაფიო პასუხი შეკითხვაზე, რა მოტივი ჰქონდა თბილისში ბიზნესმენ ჯონი გიგანის ავტომანქანის აფეთქებას. თუმცა ეჭვმიტანილი დაკავებულია. ტერორისტული აქტის მორიგი მცდელობის ირგვლივ მუშაობა უწევთ ზუგდიდელ სამართალდამცავებსაც, 13 მაისს, გამთენიისას, იქ მომხდარი ფაქტის გამო. საბედნიეროდ, მსხვერპლი არც ზუგდიდელი ბიზნესმენის თენგიზ ხარჩილავას სახლში დაუდგენელი პირების მიერ ხელყუმბარისა და ალმოდებული ბენზინის ავზის შეგდებას და აფეთქებას მოჰყოლია. ხარჩილავა ფირმა "უშბას" პრეზიდენტის, თბილისის ვაკის რაიონში დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, გოჩა ფიფიას პოლიტიკური თანამოაზრეა. ის ირწმუნება, რომ 13 მაისის ტერორისტულ აქტს წმინდა პოლიტიკური მოტივი უნდა ჰქონდეს, ხარჩილავასა და პირადად მისი პოლიტიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული. ასეა თუ ისე, რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში შეიარაღებული თავდასხმა რადიოსადგურ "ევრაზიაზეც" მოხდა, ცოტა უფრო ადრე კი საცხოვრებელ სახლში ეგრეთ წოდებული მუხა ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის მფლობელს შეუგდეს. შეგახსენებთ ადამიანის გატაცების მორიგ ფაქტსაც - სვანეთის გზიდან რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის გოგი ფილფანის გატაცებას.


ჩამოთვლილი ფაქტები, ახლოსაა ისინი თუ შორს პოლიტიკისაგან, დღევანდელ საქართველოში 90- იანი წლების რეალობის გაცოცხლების ნიშნებზე მეტყველებს. ხელისუფლება პანკისის პრობლემის მოგვარებით ამაყობს და ირწმუნება, რომ რუსეთს საქართველოდან საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხე არ ემუქრება, ქვეყანაში კი ადგილობრივი ტერორისტების გააქტიურება შეინიშნება. არჩევნების მოახლოების პირობებში კი, მით უფრო მაშინ, როცა ხელისუფლებაც და მისი ოპოზიციაც ერთნაირი მონდომებით უყენებს ერთმანეთს არჩევნებისთვის დესტაბილიზაციის პროვოცირების ბრალდებას, ეს ყველაფერი საკმაოდ დამაფიქრებლად გამოიყურება.

საზოგადოება მძიმე პოლიტიკური ბატალიების, ხელისუფლებისთვის წესების გარეშე ბრძოლის გაძლიერებისა და მძიმე არჩევნების მოლოდინშია და, მართალია, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ პოლიტიკაში კრიმინალების დაბრუნება აღარ მოხდება, რომ საქართველოს, როგორც სრულფასოვან სახელმწიფოს, კრიმინალთა ნებისმიერი თავხედობის აღკვეთა შეუძლია, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლება სტაბილურობის დაცვისა და ტერორის აღკვეთის გარანტად არ ეგულებათ.

ასეა თუ ისე, ხელისუფლება საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ჯორჯ რობერტსონის რამდენიმესაათიანი ვიზიტის დაწყების მოლოდინშია. 14 მაისს ჯორჯ რობერტსონმა და ედუარდ შევარდნაძემ თბილისში ნატოსთან საქართველოს დაახლოების პერსპექტივა უნდა განიხილონ, ქვეყნისა, რომელიც ტერორის პრობლემას ჯერ კიდევ ვერ გაუმკლავდა. დეპუტატები - გიგი წერეთელი, მაია ნადირაძე და დავით კოღუაშვილი, რომლებიც ახლახან დაბრუნდნენ ბრიუსელიდან, სადაც ნატოს შტაბბინაში ჰქონდათ შეხვედრები, ირწმუნებიან, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიული და არაძალადობრივი იქნება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები.
XS
SM
MD
LG