Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქონების მართვის სამინისტრო გაუქმდა. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა პრაქტიკულად იცვლება


ქონების მართვის სამინისტროს ბაზაზე 14 მაისიდან სახელმწიფო საწარმოთა მართვის სააგენტო ამოქმედდება. ქონების მართვის სამინისტროს ლიკვიდაციით, შეიძლება ითქვას, აღმასრულებელი ხელისუფლების

რეორგანიზაციის პროცესი პრაქტიკულ ფაზაში შევიდა. თავად პროცესი, სახელმწიფო კანცელარიაში მომზადებული გეგმის თანახმად, ერთი წლის ვადაში უნდა დასრულდეს. აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული ცვლილებების ძირითადი დეკლარირებული მიზანი ბიუროკრატიული აპარატის შემცირება და ხელისუფლების ეფექტურობის ზრდაა. განაპირობებს თუ არა ერთი მეორეს, სადავოა. უდავოა ის, რომ მარტო ქონების მართვის სამინისტროს გაუქმების შედეგად 150 კაცი უმუშევარი დარჩა.

ქონების მართვის სამინისტროს გაუქმება, ფაქტობრივად, ანტიკორუფციული საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე მოხდა. აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის პროცესი ამით დაწყებულად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით მაინც გაურკვეველია, რა ნაბიჯებს გადადგამს ხელისუფლება ხვალ. გასაუქმებელ სამინისტროთაგან რიგით მეორე მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროში ამჟამად დეპარტამენტად გადაკეთების პროცედურა მიმდინარეობს. საქართველოს პრეზიდენტისა და სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკისადმი ამ დღეებში მშენებელთა მიერ გამოხატული სოლიდარობის ჟესტები გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი რადიკალურ გადაწყვეტილებას მოერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული საბჭო აღნიშნული სამინისტროს გაუქმების საკითხსაც აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის კონტექსტში განიხილავს. რაც შეეხება ქონების მართვის სამინისტროს, მისი ლიკვიდირების შედეგად წარმოქმნილი სუბიექტი - სახელმწიფო საწარმოთა მართვის სააგენტო - ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში მოქცეული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. მას აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციის გარდამავალი პერიოდის პირმშოდ მიიჩნევენ.
[კახა უგულავას ხმა] "როდესაც მოხდება მთლიანად ინვენტარიზაცია ამ საწარმოებისა და ეს უკვე მიიღებს იმ ფორმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა ჰქონდეს, შემდგომ უნდა მოხდეს ამის გადაკეთება კერძო სამართლის იურიდიულ პირად ნებისმიერი ფორმით. იმას რა ერქმევა, მნიშვნელობა არ აქვს. განსხვავება ის უნდა იყოს, რომ ის უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ფუნქციონირებდეს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი."[სტილი დაცულია]
ანტიკორუფციული საბჭოს მდივანი კახა უგულავა სახელმწიფო საწარმოთა მართვის სააგენტოს დღევანდელ მოდელს გარდამავალი პერიოდისათვის დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. სააგენტოს სამართავად გადაეცემა სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი 1500-მდე საწარმო. მათგან ლიკვიდირებულების მართვას თავად სააგენტო განახორციელებს, საპრივატიზაციოდ გათვალისწინებულ საწარმოებს კი ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტს გადასცემს.
ქონების მართვის სამინისტროს ძირითადი ფუნქცია წლების განმავლობაში მხოლოდ პრივატიზების პროცესით შემოიფარგლებოდა. სოლომონ პავლიაშვილის სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, 2002 წლის დასაწყისში, საწარმოთა მართვის ფუნქცია დარგობრივი სამინისტროებიდან ისევ ქონების მართვის სამინისტროს კომპეტენციაში მოექცა. ამ დროიდან ბევრი სახელმწიფო საწარმო გაიყიდა ჩალის ფასად. მათ შორისაა "ინფოკომი", რომლის პრივატიზება 300 000 დოლარად მოხდა მაშინ, როცა მისი რეალური ფასი გაცილებით მეტი იყო.
აწ უკვე ქონების ექსმინისტრი სოლომონ პავლიაშვილი, მსუბუქად რომ ვთქვათ, შეცდომების მიუხედავად, მაინც სახელმწიფო სამსახურში რჩება. იგი ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
XS
SM
MD
LG