Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა ერაყი სადამ ჰუსეინის დამხობის შემდეგ, და ტერორიზმის პრობლემა,

ამ ორ საკითხს დაეთმობა უცხოეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა. ბრიტანეთში გამომავალი არაბულენოვანი გაზეთი "ალ-შარქ ალ-ავსათი" არაბულ ქვეყნებს მოუწოდებს შეწყვიტონ გამაღიზიანებელი რიტორიკა და მისცენ ერაყელ ხალხს შესაძლებლობა, თავადვე გადაწყვიტოს საკუთარი ქვეყნის ბედი. გაზეთი წერს:

"ზოგიერთი არაბი კომენტატორი არ კმაყოფილდება ერაყიდან კოალიციური ძალების "დაუყოვნებლივი" წასვლის მოთხოვნით და ერაყელებს მოუწოდებს - შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიონ ამერიკელებს. უკანასკნელად ამგვარი მოწოდებით ეგვიპტის მაჰმადიანთა საძმო გამოვიდა. უმრავლესობა ამ ადამიანებისა სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს სდუმდა, და თანადგომასაც უცხადებდა ბარბაროსულ რეჟიმს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთელმა მსოფლიო შეიტყო რა ხდებოდა განვლილი სამი ათწლეულის მანძილზე ერაყში, რომ აღმოაჩინეს არაერთი მასობრივი საფლავი, და ისიც გახდა ცნობილი, როგორ აწამებდნენ სადამის ციხეებში პატიმრებს, ეგვიპტის მაჰმადიანთა საძმო ერაყელებს მოუწოდებს მსხვერპლად გაიღონ თავი. ერაყელი ხალხი თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ და როდის უნდა დატოვონ უცხოეთის ძალებმა ერაყი".

არაბთა გაერთიანებული საამიროების გაზეთ "ალ-ითიჰადში" გამოქვეყნებულია გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლის ჯავად ზარიფის სტატია, რომელიც ერაყის აღდგენის პერსპექტივას ეხება. ჯავად ზარიფი წერს:

"საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანი ძალისხმევით უნდა ჩაებას ერაყის აღდგენის პროცესში, რათა ქვეყანაში მოხდეს ვითარების სტაბილიზაცია, დამკვიდრდეს ჭეშმარიტი დემოკრატია და შეიქმნას ხალხის მიერ არჩეული, და არა გარედან თავსმოხვეული მთავრობა. ირანი თავის მხრივ, მზადაა წვლილი შეიტანოს აღდგენით პროცესში, რომელიც გაეროს ეგიდით წარიმართება. ყველას კარგად მოეხსენება, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ერაყის საშინაო საქმეებში ჩარევას, და არც ჩვენს მიერ მოწონებული მთავრობა გვსურს თავს მოვახვიოთ ერაყელ ხალხს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი ქმედებისაგან თავი უნდა შეიკავოს ყველამ. ირანსა და მის მეზობლებს საფასურის გადახდა მოუხდათ სამი ომისთვის, რამაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, აურაცხელი ზარალი მიაყენა ამ ქვეყნების ეკონომიკას, ხოლო რეგიონულ უშიშროებას ძირი გამოუთხარა. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ დაუშვებელია მოცემული შესაძლებლობის კიდევ ერთხელ ხელიდან გაშვება. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უნდა ავაშენოთ ჩვენი რეგიონისთვის უკეთესი მომავალი ".

გაზეთი "ვაშინგტონ პოსტი" განცვიფრებულია იმის გამო, რომ ორშაბათს მომხდარი აფეთქებები ჩეჩნეთსა და საუდის არაბეთში, რუსეთმა, ერთი მეორეს დაუკავშირა. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

"იმ დროს, როცა ჩეჩნეთის დაბა ზნამენსკოეში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღითიდღე იზრდება, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს ეს აქტი დაუკავშიროს ელ-რიადში 14 საათის დაგვიანებით მომხდარ აფეთქებებს, რამაც ქალაქის, უცხოელებით დასახლებული უბნები დააცარიელა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ თავდასხმები, 2000-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით რომ მოხდა ერთი მეორისაგან, აბსოლუტურად იდენტური სქემით განხორციელდა და თანაბრად დამანგრეველი ეფექტი ჰქონდა. თავიანთ მტკიცებათა დამადასტურებელი სამხილი რუსეთის ხელისუფლებას არ წარმოუდგენია."

ამავე საკითხს ეძღვნება გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მოყვანილია რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ივან რიბკინის ნათქვამი იმის შესახებ, რომ
დაბა ზნამენსკოეში მომხდარმა თავდასხმამ ცხადყო, რაოდენ მცდარი იყო პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება, სეპარატისტებთან წინასწარი მოლაპარაკების გარეშე ჩაეტარებინა რეფერენდუმი ჩეჩნეთში. რიბკინი არ იზიარებს რუსეთის პრეზიდენტის ვერსიას კავშირის შესახებ საუდის არაბეთსა და ჩეჩნეთში მომხდარ აფეთქებებს შორის, ვინაიდან ჩეჩნეთის პრობლემა, როგორც რიბკინს მიაჩნია, სეპარატიზმიდან იღებს სათავეს.
"ძალადობის ორი სახე" - ასეა დასათაურებული მოკლე კომენტარი გერმანიის გაზეთ "ზიუდოიჩე ცაიტუნგში". გაზეთი წერს:

"მარტში თითქოს ყველაფერი რიგზე იყო. კრემლი ლაპარაკობდა პოლიტიკურ პერსპექტივაზე, მაინც რომ იჩინა თავი ჩეჩნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ხოლო ამგვარმა რიტორიკამ ევროპის პოლიტიკური ელიტის გული მოიგო. სინამდვილეში ჩეჩნეთში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ძველებურად, ცუდადაა. ძალადობის ტალღას მარტო სეპარატისტები არ აუტაცია. ასე მაგალითად, ადამიანების გატაცების, წამებისა და მკვლელობის მრავალი შემთხვევისთვის პასუხისმგებლობა ფედერალური ჯარისა და სპეცსამსახურების ქვედანაყოფებს აკისრიათ. პრობლემის მოსაგვარებლად, მოსკოვმა, მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ჩეჩენ მეამბოხეთა ზომიერ ლიდერებთან, მკაცრად უნდა დასაჯოს სამხედროები ჩეჩნეთში ჩადენილი დანაშაულისთვის, და კორუფციის გარეშე დაიწყოს აღდგენითი სამუშაოები კავკასიის ამ რესპუბლიკაში. და ვიდრე პუტინს არ ექნება ჩეჩენი ხალხის მხარდაჭერა, ომი კავკასიაში კვლავაც გაგრძელდება".
XS
SM
MD
LG