Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი - ჯორჯ რობერტსონის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში


ნატოს გენერალური მდივნის ტურნე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საქართველოდან დაიწყო. ჯორჯ რობერტსონი თბილისს მოსკოვიდან ეწვია და რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში წინასწარ

დაგეგმილი შეხვედრები და მოკლე ბრიფინგი ჩაატარა. " ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი," - თქვა მან ამ მოკლე ბრიფინგზე და ნატოში საქართველოს სწრაფად გაწევრიანების მომლოდინეებს, ცოტა არ იყოს, იმედები გაუცრუა. ასეთებში კი, პირველ რიგში, ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა ვიგულისხმოთ. მათ ხომ მაღალი რანგის სტუმარს საქართველოსა და ნატოს დაახლოების კონკრეტული წინადადებები დაახვედრეს. მაგრამ სტრატეგიულ მიზანთან მისაახლოებლად საქართველოს წინადადებებზე მეტად საქმე მოეთხოვება - დაახლოებით ასეთია ნატოს გენერალური მდივნის რეკომენდაცია.


"როცა კვერცხის ნაჭუჭებზე გიწევს სიარული, ხტუნვით არ უნდა იარო," - ნატოს გენერალურმა მდივანმა ამ სიტყვებით უპასუხა თბილისში ჩატარებულ ბრიფინგზე დასმულ შეკითხვას, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრციდან ნატოში გასაწევრიანებელი სახელმწიფოების დასახელებისკენ იყო მიმართული. ჯორჯ რობერტსონმა დაადასტურა, რომ ბალტიის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, ამ სივრცის სხვა სახელმწიფოებს, სახელმწიფოებს, რომლებიც ნატოსკენ ისწრაფვიან, ნატომდე გრძელი და რთული გზის გავლა მოუწევთ. მათ შორის, საქართველოს, რომელმაც პირველმა გააკეთა ნატოში გაწევრიანების სურვილის დამადასტურებელი ოფიციალური განაცხადი.

"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს არსებობა და ასევე ნატოსთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს არსებობა. საქართველო ნატოს ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორია " - ესეც ჯორჯ რობერტსონის სიტყვებია. მაგრამ, მისივე განცხადებით, არც ენერგეტიკული პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, და არც მისი გეოსტრატეგიული მდებარეობა არ არის იმის გარანტი, რომ ამ ქვეყანას ნატოში აუცილებლად მიიღებენ. ეს ყველაფერი საქართველოს პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრების შემდეგ ითქვა, მანამდე კი ნატოს გენერალური მდივნის დასახვედრად თბილისის აეროპოტში მისულნი "მაღალნი ამა ქვეყნისანი" ასეთ ოპტიმისტურ განწყობას გამოხატავდნენ:

[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა]" პრეზიდენტის განცხადების შემდეგ რეალურად ახლოვდება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა შევა ნატოში, სადაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მეტი გარანტიებია. "

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოსა და ნატოს დაახლოების თაობაზე კონკრეტული წინადადებები დაახვედრეს. მათ შორის, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროგრამა, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭო პარასკევს განიხილავს. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მთავარი სხვაა, კერძოდ, ის, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა შეასრულოს ვალდებულებები, რომლებიც ნატოში გასაწევრიანებლად არის საჭირო. რობერტსონმა საქართველოს ხელისუფლებას შეიარაღებული ძალების რეფორმირება და დემოკრატიული გარდაქმენის დაჩქარება ურჩია და ისიც მიანიშნა, რომ რუსეთს, რომელსაც დედამიწის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში სერიოზული როლი ენიჭება. რობერტსონის სიტყვებით, "ნატოს არ შეუძლია კავკასიაში არსებული პრობლემების გადაჭრას სათავეში ჩაუდგეს", მაგრამ, ედუარდ შევარდანძის თქმით :

[ედუარდ შევარდანძის ხმა ] "ნატოს შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ყველა სახელმწიფოზე, რომელიც კონფლიქტის მოგვარებასთან არის დაკავშირებული. "

ასეა თუ ისე, ჯორჯ რობერტსონის ვიზიტმა საქართველოში შეგვახსენა, რომ მთავარია, თავად საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია. მისი სიტყვებით, ამ ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი, რის რეალიზაციასაც ყველას, და არა მარტო პოლიტიური ლიდერების, დაუღალავი შრომა სჭირდება.
XS
SM
MD
LG