Accessibility links

logo-print

როგორ აფასებენ საქართველოში "ნატოში" გაწევრიანების პერსპექტივებს


რამდენ წელიწადში შეძლებს საქართველო "ნატოს" სტანდარტების დაკმაყოფილებას? რამდენად ქმედობაუნარიანია საქართველოს ხელისუფლება აღებული ვალდებულებების განსახორციელებლად?

მოსალოდნელია თუ არა მცირე კომპრომისი მაინც ნატოს მხრიდან? როდის გახდება ან გახდება თუ არა, საერთოდ, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყანა? ეს კითხვები ლორდ რობერტსონის თბილისში ვიზიტის დღეს არამარტო პოლიტიკოსებისთვის იქცა განსჯისა და კამათის საგნად. ვიზიტმა კი, თავის მხრივ, ვერ შეამცირა იმ სკეპტიკოსთა რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მაღალფარდოვანი განცხადებებიდან საქმეზე გადასასვლელად ძალა არ შესწევს.

საქართველოს ნატოსთან ინტეგრირების პროცესის შეუქცევადობა თითქოსდა უეჭველი ფაქტია, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ნატოს წევრობისთვის საქართველოს ამ ეტაპზე, შიშველი სურვილის გარდა, თითქმის არაფერი უწყობს ხელს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საქართველოსა და ნატოს ერთმანეთისადმი ორმხრივი ინტერესები აკავშირებთ - საქართველოს "ნატოში" გაწევრიანების ნომერ პირველ სირთულედ ანალიტიკოსები ქვეყნის დარღვეულ ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებენ. საქართველოს სეპარატული რეგიონების ქვეყნის იურისდიქციაში მოქცევის რესურსებს, ისევე როგორც საერთოდ ქვეყნის განვითარების რესურსებს, ხელისუფლება ვერც ფლობს და ვერც პოულობს.
ამის მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მით უმეტეს, რომ ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობა მხოლოდ ძლიერ არმიას არ გულისხმობს.
[მაია ნადირაძის ხმა] "დემოკრატია, დემოკრატიული არჩევნები, კორუფცია, როგორც პრობლემა. ამის აღმოფხვრა ისევე აუცილებელია და ხანდახან უფრო მეტად, ვიდრე ჯარის რეფორმა. შემდეგ მოდის ჯარის რეფორმა და შემდგომ უკვე სამართლებრივი ჰარმონიზაცია. ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ გასაგებია, რომ ვერ გახდები ერთი სამხედრო ალიანსის ნაწილი, როცა სხვა სამხედრო ნაწილები შენს ქვეყანაში არიან და არ აპირებენ წასვლას."
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მაია ნადირაძე ამ დღეებში დაბრუნდა ბრიუსელიდან, სადაც ნატოს შტაბბინას საქართველოს ცხრაკაციანი დელეგაციის შემადგენლობაში ეწვია. როგორც მან გვითხრა, ბრიუსელიდან დაბრუნების შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას უფრო ძნელად და ბუნდოვნად ხედავს. ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის წევრებს პრაქტიკულად იგივე განუცხადეს, რაც ჯორჯ რობერტსონმა თბილისში - ჟურნალისტებს და ხელისუფლებას. ანუ საქართველოს ნატომდე რთული და გრძელი გზა აქვს გასავლელი. გზის სირთულე კი დაძლევადია იმ შემთხვევაში, თუ, როგორც ბრიუსელში მყოფი დელეგაციის წევრებს უთხრეს, საქართველო ეგრეთ წოდებული ფლირტის პოლიტიკას ძირფესვიანად უარყოფს.
[არჩილ ოსაძის ხმა]"ქართულ საზოგადოებაში გაბატონებულია აზრი, რომ ჩვენ ასე დაუბრკოლებლად შევალთ ნატოში. სინამდვილეში ეს საკმაოდ რთული გზაა. მარტო ნატოს კეთილგანწყობა არ შეცვლის საქმეს. აუცილებელია ქართულმა მხარემაც ბევრი მოინდომოს და ძალიან ბევრი. თვითონ აჩვენოს, რომ აქვს სურვილი ამ ორგანიზაციაში. არა მარტო სურვილი, არამედ უნარიც შესწევს, შეასრულოს ეს."[სტილი დაცულია]
ბატონი არჩილ ოსაძე ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას "საქართველოს ატლანტიკური ალიანსი". ამის გარდა, უკანასკნელ წლებში ნატოსთან საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ათეულობით ორგანიზაცია შეიქმნა. მათი უმრავლესობა ხელისუფლებას, არათანმიმდევრული კურსის გამო, მანამდეც ოპონირებდა, მაგრამ სამომავლოდ აქცენტები, ალბათ, უფრო გამკაცრდება.
XS
SM
MD
LG