Accessibility links

logo-print

რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია


ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები, კარგა ხანია, ერთმანეთს და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ არჩევნების მოსაგებად აუცილებელია გაერთიანება. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა პოლიტიკოსი

ამაზე საუბრობს და შედეგი მაინც არ ჩანს. სამაგიეროდ, ხელისუფლების მომხრე პარტიებმა და გაერთიანებებმა ყოველგვარი ზედმეტი მოწოდებებისა და სირთულის გარეშე მოიყარეს თავი ერთ საარჩევნო ბლოკში.

რატომ ვერ ერთიანდება ოპოზიცია?

ზოგადად, პიროვნებებს და, კონკრეტულად, პოლიტიკურ ლიდერებს შორის ურთიერთობის სქემა ორ უმთავრეს პრინციპზე დაიყვანება: ვერტიკალური და ჰორიზონტალური ურთიერთობები.

ვერტიკალურია ურთიერთობა იმ შემთხვევაში, თუკი ერთი ადამიანი აღიარებს მეორის ძალაუფლებას და მის გადაწყვეტილებებს ნებაყოფლობით ან იძულებით ემორჩილება. ჰორიზონტალურია ურთიერთობა, როდესაც ადამიანები აღიარებენ თანასწორობას და გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ.

სწორედ ეს უზოგადესი პრინციპი განაპირობებს სახელისუფლო და ოპოზიციური ბანაკების ამჟამინდელ მდგომარეობას.

სახელისუფლო ბანაკში ერთადერთი აღიარებული პოლიტიკური ლიდერია ედუარდ შევარდნაძე. ხელისუფლების მომხრე ძალები ვერასოდეს შეძლებდნენ გაერთიანებას, ბლოკს თავად პრეზიდენტი რომ არ ხელმძღვანელობდეს. ამჟამინდელ პირობებში კი მრავალწევრიანი საარჩევნო სუბიექტის ჩამოყალიბება ძალიან ადვილია: ყველა პარტია, გაერთიანება თუ ჯგუფი, რომელიც აღიარებს შევარდნაძის ავტორიტეტს და ემორჩილება მის გადაწყვეტილებებს, სახელისუფლო ბლოკის წევრი ხდება. ამით არის გამოწვეული, რომ ახალი გაერთიანება სუბიექტების სიმრავლეს და, იმავდროულად, პოლიტიკური ლიდერების სიმწირეს განიცდის. როგორც ჩანს, მასში, ძირითადად, თავს მოიყრიან პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფები, რომელთა ლიდერებსაც არსებული მდგომარეობის შენარჩუნება სურთ და პოლიტიკური ამბიციები ნაკლებად აწუხებთ. სხვათა შორის, საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბება პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფების ბაზაზე იყო ის გზა, რომელსაც ალექსანდრე ჭაჭია სთავაზობდა ასლან აბაშიძეს გასულ საპარლამენტო არჩევნებში. გამოდის, ედუარდ შევარდნაძე ამჟამად ეყრდნობა იმ საარჩევნო ტექნოლოგიას, რომელიც ოთხი წლის წინ ასლან აბაშიძემ უარყო. მცირერიცხოვანი პარტიებისა და პროფესიული ჯგუფების შემოკრება საშუალებას მისცემს ბლოკის ფაქტობრივ ლიდერს, რომ თავისი გადაწყვეტილებები შიდა წინააღმდეგობების გარეშე, დაუბრკოლებლად აღასრულოს. ასეთ ბლოკში, როგორც წესი, უთანხმოება მოსალოდნელი არ არის და გაერთიანებაც ადვილად ხერხდება.

სულ სხვა ვითარებაა ოპოზიციაში. აქ გაერთიანების სურვილს გამოთქვამენ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც, პირველ რიგში, საკუთარ ავტორიტეტს აღიარებენ, შემდეგ კი - პარტნიორებისას. ზურაბ ჟვანიას ცნობილი განცხადება: ოღონდ ოპოზიცია გაერთიანდეს და თანახმა ვარ, ჩემი გვარი საარჩევნო სიაში სხვა ლიდერების შემდეგ ჩაიწეროსო, სწორედ ამ რეალობის გადალახვის მცდელობა იყო.

მაგრამ ოპოზიციის პრობლემა მხოლოდ ლიდერების სიითი განლაგება არ არის. საქმე ისაა, რომ ჰორიზონტალური ურთიერთობის შემთხვევაში ყველა საკითხი მხოლოდ შეთანხმებით წყდება. რამდენი პარტიაც გაერთიანდება ოპოზიციაში, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას ზუსტად იმდენი ლიდერის შეთანხმებული პოზიცია დასჭირდება. ავტორიტეტის აღიარებაზე დამყარებული მორჩილება, რაც სახელისუფლო ბლოკში სუფევს, ოპოზიციურ ბლოკში კონსენსუსმა უნდა ჩაანაცვლოს. კონსენსუსი კი, როგორც წესი, რთული მისაღწევია, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში.

გაერთიანების უპირატესობას ყველა ოპოზიციური ლიდერი გულწრფელადაც რომ აღიარებდეს, შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღება მაინც ვერ ხერხდება. ვერტიკალური ურთიერთობები ყოველთვის ადვილად მიმდინარეობს, თუ საქმე ამბოხებამდე არ მივიდა; ჰორიზონტალური ურთიერთობები კი გაცილებით რთულია და დიდ კულტურას მოითხოვს. პოლიტიკური კულტურის დეფიციტი არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რომლიც აბრკოლებს ოპოზიციის გაერთიანებას, ერთსულოვანი მოწოდებებისა და უწყვეტი კონსულტაციების მიუხედავად.
XS
SM
MD
LG